თბილისის გრან პრი: ვინ გაამართლა ახალგაზრდებიდან

AutoSharing Option
თბილისის "დიდ პრიზზე" ლიდერთა არყოფნამ მწვრთნელებს ახალგაზრდების გამოცდის საშუალება მისცა. იმის მიუხედავად, რომ უმეტესობამ ვერ გაამართლა იმედი, მაინც იმდენი კარგი ვიხილეთ, ვფიქრობ, ამ მხრივ შეჯიბრებამ თავისი დანიშნულება სრულად შეასრულა.

- თბილისის გრან პრი. III დღე: დასასრული ჩვენთვის სასიამოვნო ფინალით [VIDEO]

გამოსაცდელ-დასაკვირვებელი ახალგაზრდები, იცოცხლეთ, მრავლად იყვნენ: რობინზონ ბეგლარაშვილი (60), შალვა გაზაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი (ორივე - 66), ტატო გრიგალაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (73), კობა მჭედლიშვილი (81), ნიკა სიდამონიძე (90), ონისე სანებლიძე (100), გუგა კიბორძალიძე (+100) და სხვები. ამათგან უმეტესობას მწვრთნელები და ქომაგები აქამდეც
კარგად იცნობდნენ, როგორც შედარებით უფროსებს - გიორგი ბროლაშვილს (60), თორნიკე თათარაშვილს (66), ფრიდონ გიგანს, გიორგი გიგაურს (ორივე - 73) და სხვებს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ეროვნულ გუნდში დებიუტი რომ უნდა ჰქონოდათ - გაზაშვილი, გრიგალაშვილი, სიდამონიძე.

შესამოწმებელ-დასამტკიცებელი ბეგლარაშვილის, ნიაზაშვილის და მჭედლიშვილის კატეგორიის, ანუ პატარაობიდანვე ტალანტებად მიჩნეულებსაც ჰქონდათ, ოღონდ დებიუტანტთა ტვირთი გაცილებით სხვაა.

ამ დატვირთვას თავი ყველაზე კარგად ქარელელმა ტატო გრიგალაშვილმა (მწვრთნელი მირზა ხაბარელი) გაართვა, ვისაც, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ტურნირის აღმოჩენა. ამასთან, ის ამ შეჯიბრების ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი მონაწილე იყო (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს გუნდში ნამდვილად) - ჯერ 17 წლისაა, დეკემბერში გახდება 18-ის.

ასაკის, გამოუცდელობისა და დებიუტანტობის მიუხედავად, თავიდან ტატამზე დაბრძენებული კაცივით ეჭირა თავი - არანაირი მღელვარება, არანაირი განცდა-ნერვიულობა და დაძაბულობა, თითქოს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ტრიბუნებს. მის ქცევებში არ იგრძნობოდა წაგების შიში და ნერვიულობა იმაზე, ნეტავ, რა მოხდება ამ შეხვედრაშიო - გადიოდა, თავის საქმეს აკეთებდა და გამოდიოდა.

მან პირველი შეხვედრაც 2 ვაზარით და იპონით მოუგო ლიტველ იგნას გიდრაიტისს, მაგრამ ის არაა იმდენად ძლიერი, საჯილდაო ქვა ყოფილიყო, გრიგალაშვილმა კი ყურადღება ძირითადად ებრაელ ტოჰარ ბუტბულთან გამარჯვებით მიიქცია - ებრაელს საერთაშორისო გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს, წლეულს პარიზის ზეპრესტიჟულ ტურნირში ბრინჯაოც მოიპოვა და ამ წონაში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება.

აი, აქ კი ყველამ ირწმუნა, რომ გრიგალაშვილს ბევრის გაკეთება შეეძლო, რაც მესამე წრეში რუსთა ტალანტ უალი კურჟევთან წმინდა მოგებამ კიდევ უფრო განამტკიცა. გრიგალაშვილი იმ პაექრობას აგებდა, მაგრამ არ გატყდა, ხელები არ ჩამოუშვა და მეტოქე ისე დააბზრიალა, კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა, რა მოხდა და უკმაყოფილოდ შლიდა ხელებს, მსაჯს ედავებოდა.

ამ შეხვედრებში გრიგალაშვილი ყველა იმ სასიკეთო თვისებას ავლენდა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ხოლო როცა საწინააღმდეგო თვისება გამოავლინა, კიდეც წააგო. ის ნახევარფინალში დამარცხდა შვედ ტომი მაკიასთან და იმ შეხვედრაში უკვე ცუდად მენიშნა, ერთ მომენტში თავზე რომ წაივლო ხელი და ტკივილების გამო გაჩერდა. კი, იმ ეპიზოდში მეტოქემ თავით დააგდო და იქნებ მართლაც ეტკინა, მაგრამ სხვა დროს ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა, მაშინ კი ამ ჟესტით თითქოს თავის გამართლება დაიწყო, თითქოს თადარიგი დაიჭირა რაღაცისთვის.

მეტოქეც ძლიერი ჰყავდა - შვედები ძიუდოშიც და სხვა ჭიდაობებშიც გამოირჩევიან კარგი ფიზიკური მომზადებით, ტაქტიკურად მოქმედებენ და უფრო ჩამშლელ ჭიდაობას ეტანებიან, არ გაძლევენ ილეთის გაკეთების საშუალებას. მაკიასიც ამ ტიპის ძიუდოისტია და მასთან გდება არ იქნებოდა იოლი - ეს ჩვენს სხვა ლიდერებსაც უჭირთ, მაგრამ გრიგალაშვილი მასთან ცოტა სხვანაირად განწყობილი მეჩვენა.

იქნებ ეს არცაა გასაკვირი - მოჭიდავეები ამბობენ, რომ ნახევარფინალის ჭიდაობა ყველაზე ძნელია, რადგან აქ ერთ პატარა შეცდომას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. ფინალში რომც შეცდე, ვერცხლი მაინც განაღდებულია, აქ წაგებამ კი შეიძლება სულაც უმედლოდ დაგტოვოსო, როგორც ეს გრიგალაშვილს დაემართა.

მართალია, შეიძლება შეცდომამ მანამდეც წაგაგებინოს, მაგრამ იქ მაინც არაფერია დასაცავი, ნახევარფინალი კი ის სიმაღლეა, სადაც ბევრის დაკარგვა შეიძლება. ამიტომ ეძნელებათ ფალავნებს ამ ეტაპზე ჭიდაობა და, ვფიქრობ, გრიგალაშვილსაც ეს დაემართა - მას ხომ აშკარად აკლია გამოცდილება.

ის ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც დამარცხდა ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან, თუმცა გაკიცხვას არ იმსახურებს - არ იქნება მთლად სწორი, 17 წლისას, ჯერაც ბავშვს პირველივე ჯერზე ამ რანგის შეჯიბრებაზე მედალი მოვთხოვოთ. მთავარია, მან დაამტკიცა, რომ კარგი ხასიათი და კარგი მონაცემები აქვს, დანარჩენი კი დროისა და შრომის ამბავია.

გრიგალაშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ მიიქცია ყურადღება (მაგალითად, გაზაშვილმა, ნიაზაშვილმა), თუმცა უმეტესობამ ჩააგდო ეს შეჯიბრება. აშკარად მეტს ველოდით ბეგლარაშვილისგან, გიგანისგან, გიგაურისგან, სანებლიძისგან, სიდამონიძისგან, მჭედლიშვილისგან, ნოდარ ბერიანისა (90) და ლაშა ტაველურისგან (100)...

ჯანაშვილი და ატირებული ქებაძე
ქალთა ტურნირში გია თენაძემ უმეტესობა გამოცდილების შესაძენად აჭიდავა, რადგან ბევრი მათგანი ასაკითაც პატარაა. ეს არ ეხებათ "ძველი თაობის" წარმომადგენლებს და ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტ მარიამ ჯანაშვილს (57) - მის შემთხვევაში შედეგზეც კეთდება აქცენტი, ოღონდ გასათვალისწინებელია ის ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რაც აფერხებს მის ზრდა-განვითარებას - არ ჰყავს სათანადო სპარინგ-პარტნიორები.

ახალგაზრდული ნაკრების წევრებისთვის ამ დონის შეჯიბრებები ჯერ მართლაც ადრეა და მხოლოდ გამოცდილებას თუ მიიღებენ. მაგალითად, ენა არავის მოუბრუნდება, ეთერ ლიპარტელიანს (57) ჟინი, შემართება და ბრძოლის წყურვილი დაუწუნოს - ეს ბევრ ვაჟსაც შეშურდება, მაგრამ აქ ფიზიკურად დაიჩაგრა რამდენიმე წლით უფროსებთან პაექრობაში.

ნინო ოძელაშვილს (70) და "ძველ თაობას" რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი უფრო სამბისტებად ჩამოყალიბდნენ, სადაც მართლაც კარგი შედეგები აქვთ.

ქალებიდან ყურადღება ორმა მიიქცია - ჯანაშვილმა და ელენე ქებაძემ (+78), რომლებიც, შესაბამისად, მეშვიდე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ. ჯანაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ კარგი მონაცემების პატრონია, მაგრამ აქ მაინც გაუჭირდა, ვფიქრობ, ძალითაც დაიჩაგრა, რადგან ახალ წონაში ჭიდაობს, მაგრამ სპარინგების არქონაც თავის დაღს ასვამს მის სპორტულ მზადყოფნას.

აქვე ერთსაც შევნიშნავთ: იქნებ ნაადრევია მისი 57-ში გადაყვანა, ხომ არ აჯობებს 52-ში დაბრუნება? მწვრთნელებმა ეს ნაბიჯი მომავლისთვის მოსამზადებლად გადადგეს - თუ ვინიცობაა და ოლიმპიადაზე შერეული გუნდური ტურნირიც დაუშვეს, ამ წონაში მომზადებული ქალი გვეყოლება (იმ პროექტში 57-იც შედის, როგორც ქალთა წონა). თუმცა ეს პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიაწოდა სოკ-ს, ხოლო ის გაითვალისწინებს თუ არა, კაცმა არ იცის.

მერე და მერე ჯანაშვილს მაინც მოუწევს ზევით ანაცვლება, მაგრამ ეს თუნდაც 2 წლის შემდეგ ბევრად იოლად გამოუვა, ვიდრე - ახლა. თუმცა მწვრთნელებმა უკეთ იციან, რა აკლია უფრო მეტად - თანაბარძალოვანი სპარინგები თუ ფიზიკური ძალა.

ურიგოდ არც ქებაძე გამოსულა, ვინც რუსი პელაგია ლაპშინას შემდეგ უკრაინელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი სვიტლანა იარომკა ორი ვაზარის შემდეგ სულაც დააიპონა. სამწუხაროდ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქებაძეში სამბისტმა იმძლავრა და უნგრელ მერსედეს ჟიგეტვარის აკრძალული ხერხით დაუჭირა ხელი.

იქ ნამდვილად იყო კონტაქტი ხელზე, მაგრამ მადიარმაც გააფორმა მანჭვა-გრეხით - ეს მეტოქის მოსახსნელი ჩვეულებრივი საჭიდაო ხრიკი იყო, თორემ ტურნირის დასრულების შემდეგ მიქს-ზონაში ჩამავალმა კიბეებზე ვნახე, რა მშვიდად ემასლაათებოდა მწვრთნელს და რა აუჩქარებლად ალაგებდა ჩანთას, თანაც, ორივე ხელს თავისუფლად იყენებდა და არც ატირებულისა ეტყობოდა რამე.

სამაგიეროდ, მსაჯთა გადაწყვეტილებამ ქებაძე აატირა, ვისაც ევროპის პირველობაზე წასვლის რეალური შანსი ჰქონდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული