ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ბექაურების ტრიუმფი ტულაში

AutoSharing Option
თბილისის "დიდი პრიზის" პარალელურად, ტულაში ჭაბუკ ძიუდოისტთა "ევროპის თასი" გაიმართა, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოდიოდა, თუმცა კი გაფართოებული შემადგენლობით, 34 სპორტსმენით.

გუნდის ხელმძღვანელობამ იქ ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი წაიყვანა (მათ ორი კაციც დაამატა), რათა შიდა შეჯიბრების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზეც გამოეცადა ისინი. თან ამისთვის საგანგებოდ შეარჩია შედარებით ძლიერი შეჯიბრება, თორემ ადრე ჩვენები ანტალიაში დადიოდნენ. რუსეთში მხოლოდ მასპინძელთა ნაკრები რომ გამოვიდეს, ხარისხიანი სპარინგებისთვის ესეც ეყოფათ, თუმცა ტულაში 16 გუნდი შეიკრიბა, ძირითადად - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ოღონდ უმეტესობას ჩვენსავით
მრავალრიცხოვანი გუნდი ჰყავდა და მთლიანად ტურნირში 323 სპორტსმენი მონაწილეობდა, კონკრეტულად ბიჭებში კი - 207.

ასეთ წარმომადგენლობით ტურნირში ჩვენი გუნდის მონაგარი 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილია: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საინტერესოა, რომ ჩემპიონები ძმები გახდნენ, ხოლო 90 კილოგრამში ქართული ფინალი გაიმართა: მიხეილ ბექაურმა გიორგი კარიაულს მოუგო. ჩვენს ნაკრებს მეორე ოქრო ლაშა ბექაურმა (73) მოუტანა, ვერცხლის მედლებს კი გოჩა ღვაჩლიანი (81) და ლევან ჭელიძეც (+90) დაეუფლნენ.

ბრინჯაო მიხეილ ბახბახიშვილმა (66) მოიპოვა. ამავე სინჯის მედლის მოპოვება ლუკა კაპანაძეს (55), გიორგი ჩიხელიძეს (66), გოგა გოგაშვილს (73), ილია სულამანიძეს (81), საბა ინანეიშვილს და ილია საათაშვილსაც (ორივე - +90) შეეძლოთ, თუმცა დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დარჩნენ. მეშვიდეზე გავიდნენ ნოდარ ქურხული, ბექა წიფიანი (ორივე - 55), ლუკა რთველაძე (90) და გიორგი ბურჯალიანი (+90). თუმცა დამამშვიდებელში წიფიანი კაპანაძესთან დამარცხდა, ბურჯალიანმა საათაშვილს მოუგო, 73-ში კი ნახევარფინალში ბექაურმა გოგაშვილს აჯობა.

როგორც გითხარით, ამ ტურნირის მთავარი დანიშნულება იყო, მწვრთნელებს უცხოეთშიც შეემოწმებინათ კანდიდატთა მომზადება, რადგან იქ ჭიდაობას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ბევრმა მართლაც ვერ გაუძლო ამას. ლიდერობა შეინარჩუნეს 55-ში ლუკა კაპანაძემ, 81-ში - გოჩა ღვაჩლიანმა და 90-ში - მიხეილ ბექაურმა. სამივე მათგანი ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონია და შედეგით ახლაც გაუსწრეს კონკურენტებს. სამაგიეროდ, კონკურენციის საკითხი გამწვავდა ზოგიერთ წონაში: 66-ში ბახბახიშვილი პირადად არ შეხვედრია ჩიხელიძეს, მაგრამ შედეგით გაუსწრო; ასევე 73-შიც და მძიმე წონებშიც, სადაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონებმა, შესაბამისად, ლაშა ბექაურმა და ლევან ჭელიძემ შედეგით აჯობეს ჩემპიონებს, ლევან ფსუტურსა და ალექსი სვიანაძეს.

რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენებმა მეორე დღეს ბევრად უკეთ იჭიდავეს, თორემ სასტარტო დღე ბახბახიშვილის ერთადერთი მედლით ჩავამთავრეთ, რასაც კაპანაძის და ჩიხელიძის მეხუთე ადგილები დაემატა. სამაგიეროდ, გიორგი ყიზილაშვილის გაწვრთნილებმა მერე აიწყვიტეს და მეორე დღეს ოთხივე წონაში ფინალში გავიდნენ, ერთში სულაც ქართული ფინალი შედგა, დღე კი ოქროთი დაიწყეს. თანაც, ამ ოთხი წონიდან ორში - 90-სა და +90-ში ჩვენი ოთხივე მონაწილე შვიდეულში შევიდა, რაც ასევე საყურადღებო ამბავია.

73-ში ლაშა ბექაურმა ქვეჯგუფში სამი პაექრობა მოიგო. აქედან პირველ ორში მასპინძლები დაამარცხა: ეგორ როდიონოვსაც და აბუბაქარ გაიტუკაევსაც ორ-ორი გდება გაუკეთა, ანუ ორ-ორი ვაზარით აუღო, თუმცა გაიტუკაევი დამატებით ბეჭებზეც დააგდო, მერე კი ავსტრალიელ უროს მიკოლიჩსაც ასევე ორი გდებით გაუმკლავდა. ამით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც თანაგუნდელ გოგა გოგაშვილს შეხვდა. თავის მხრივ, გოგაშვილმაც კარგად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალამდე კიდევ უფრო დამაჯერებლად მივიდა: იმანაც სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა იპონით მოიგო. სომეხ სამველ გევორგიანს და რუსებს - არმენ აგაიანსა და კარეკინ შახლამზიანს ერთნაირი ანგარიშით აჯობა: თითო ვაზარის შემდეგ დააიპონა. ჩვენები საქართველოს ჩემპიონატზე ერთმანეთს არ შეხვედრიან, ტულაში ქართულ ნახევარფინალში კი ბექაურმა ვაზარით მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც რუსი ნოვრუზ ნოვრუზოვი ელოდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ამან ბექაური ვერ გატეხა. ჩვენებური არც ქულის დაკარგვამდე ყოფილა სტატისტის როლში. უბრალოდ, ერთ მომენტში სიტუაციის კონტროლი დაკარგა და ილეთი გამოეპარა, თორემ მთელი დარჩენილი დრო საკმაოდ შედეგიანად უტევდა და გამუდმებით აწუხებდა მეტოქეს. ბოლო წუთები მისი გამოდგა: ჯერ გადავლებიდან შუაკაურის დახმარებით გვერდზე შედეგიანად დაიქნია რუსი და ანგარიში გაქვითა, მალევე კი კარგად გამოიყენა ნოვრუზოვის შეცდომა, როცა გაუმართლებლად მიახტა და პირდაპირ ბეჭებზე გადააგდო.

ქართული ნახევარფინალის შემდეგ ქართული ფინალიც გაიმართა. ამ წონაში მიხეილ ბექაური საქართველოს ჩემპიონია და აქაც ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევდა, რაც გაამართლა კიდეც. ბექაურმა რუსი მაქსიმ ბრიუხანოვი პირდაპირ ბეჭებზე დააგდო, უზბეკი აკრამ ბურონოვი კი ბევრად უფრო გაასაცოდავა - 2 ვაზარის შემდეგ დააიპონა. რუს საველ პარხომინს 2 ვაზარით მოუგო, ნახევარფინალში კი ასეთივე ანგარიშით საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბაჩო ვარდიაშვილის მომგები რუსი ვალერი ენდოვიცკი დაამარცხა.

ფინალისკენ საქართველოს ბრინჯაოსპრიზიორმა კარიაულმაც დამაჯერებლად გაიკაფა გზა: პირველივე შეხვედრაში რუსთა აფხაზი კირილ ძიუბა დაამარცხა ქულებით, ყირგიზი უმარბეკ ამირჟანოვი დააიპონა, ყაზახ ბეკარის სადუაკასისთან დამატებითი დრო დასჭირდა და საბოლოოდ გაფრთხილებებით ჩამოიშორა გზიდან, ხოლო ნახევარფინალში რუს ედუარ მუტალიმის ორჯერ გაუკეთა გდება. ქართულ ფინალში უფრო მობილიზებული ბექაური აღმოჩნდა და ვაზარით იმარჯვა.

ჩვენი ფინალისტებიდან აღსანიშნავია ღვაჩლიანი, ვინც საქართველოს ჩემპიონია, თუმცა მან შარშანაც გამოიჩინა თავი უცხოურ ტურნირებში მედლებით. ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ქვეჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო რუსებთან: ივან სემიონოვსკისთან - იპონით, იუნუს აკსაგოვთან - ვაზარით. ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი - საიდ გაჯიევი დააიპონა, მაგრამ ფინალი დათმო ტაჯიკ ჯაკონგირ მაჯიდოვთან. არადა, მასაც ორი ვაზარით უგებდა, მაგრამ შეცდა.

თავიდან ჭელიძეც ისვენებდა, მერე კი რუს გიორგი პროხინს ორი უპასუხო გდება ჩაუტარა. ამის შემდეგ ალექსი სვიანაძის მომგები მასპინძელი არუთინ ბაბლიანი დააიპონა, ნახევარფინალში კი მესამე რუსი, საბა ინანეიშვილის დამმარცხებელი მიხაილ მახინიაც დაჯაბნა ვაზარ-იპონით. რუსებს ნამუსი დავით ბაბაინმა მოსწმინდა, ვინც ქვეჯგუფში გიორგი ბურჯალიანი დაგვიმარცხა, ფინალში კი ჭელიძეს სუფთად მოუგო.

ბახბახიშვილი ყაზახ დასტან შაიახმეტოვთან იპონით ჩაება ტურნირში, მერე კი რუს ვიქტორ კნიგინს შავი დღე აყარა - 2 ვაზარი და იპონი. უზბეკ მუხრიდინ კიკმატოვსაც იოლად, ორი გდებით მოუგო, ნახევარფინალში კი ერთი ვაზარის სხვაობით რუს ჰამზატ ახმაროვთან წააგო, ვინც მანამ ქვეჯგუფში ქვეყნის ჩემპიონი ჩიხელიძე და ირაკლი ბეროშვილიც დაგვიჯაბნა. ბახბახიშვილმა ბრინჯაო ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარის იპონზე დაგდებით მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული