დღეს ჩვენგან მხოლოდ ვაჟები ჭიდაობენ, მხოლოდ ორნი, მაგრამ ორივე წონის ფავორიტი: ლაშა შავდათუაშვილი (73) და ზებედა რეხვიაშვილი (81).
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 სთ-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-ზე. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს, ტურნირის სრულად ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.
რეიტინგიდან გამომდინარე, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი ფინალამდე ასცდა
სამაგიეროდ, შავდათუაშვილის ჯგუფშია უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ვისაც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მოუგო და ვინძლო, "თაობათა შორის" ბრძოლა ისევ ვიხილოთ.
ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალია, მერვედფინალში კი რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსა და უკრაინელ სიარჰეი დრებოტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წესით, ქართველს ამ ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი უხერხული სტილის შვედი ტომი მაკიასი ჰყავს.
ევროპის პრიზიორი და პარიზის წლევანდელი "მუზარადის" ფინალისტი რეხვიაშვილი პირველ წრეში რუმინელ ვლად ვისანს ხვდება, წარმატების შემთხვევაში კი სერბ არსო მილიჩსა და უნგრელ ატილა უნგვარის შორის მოგებულს გაეჯიბრება. ამ ჯგუფშია დიუსელდორფის წლევანდელი შეჯიბრების მომგები რუსი ასლან ლაპინაგოვი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებლად.
- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე