ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?

AutoSharing Option
ვარშავაში ჩატარებული ძიუდოისტთა ევროპირველობა არა მარტო ჩვენთვის, სხვებისთვისაც ბევრი ნიშნით აღმოჩნდა გამორჩეული. ჩვენთვის სულაც ისტორიული გამოდგა, რადგან პირველად ვიხილეთ ქართული ფინალი. თანაც - მძიმე წონაში, რომელიც რატომღაც უფრო პრესტიჟულად მიიჩნევა. ფიზიკური მასის გარდა რითი ჯობია, ვთქვათ, მჩატე წონებს, ვერ გეტყვით, მაგრამ სწორედ ამ წონის გამო ევროპირველობა ქართული აკორდით რომ დაიხურა, ეს კი ფაქტია.

- ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება
- ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]

"ქართული მოტივები" პირველივე დღეს გაჟღერდა, მაგრამ არა საქართველოსთვის - ვაჟებში ორივე წონაში,
60-შიც და 66-შიც ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ორივე სხვისი სახელით გამოდიოდა: რობერტ მშვიდობაძე (60) რამდენიმე წლის წინ წავიდა გორიდან და ამჟამად რუსეთის ღირსებას იცავს, გალელი გიორგი ზანთარაიას (66) ოჯახი კი აფხაზეთის ომის დროს გადაიხვეწა უკრაინაში და 7 წლის გიორგიც თან გაიყოლა. მოჭიდავედაც იქ ჩამოყალიბდა.

ბილოდიდების დინასტია
პირველივე დღეს უკრაინელებმა ორი ოქრო მოიპოვეს - ზანთარაიას გარდა, ქალებში დარია ბილოდიდმა (48) გაიმარჯვა. მისი წარმატებაც ჩემპიონატის გამორჩეული ამბავი გამოდგა, რადგან ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ისევ ჭაბუკთა ნაკრებში გამოდის, ვარშავაში კი ლამის დედისტოლა ქალებთან მოუწია პაექრობა. ამასთან, ის ახლო წარსულში უკრაინელთა სახელოვანი ძიუდოისტის, ევროპის ორგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ გენადი ბილოდიდის (73) შვილია.

მამა-ბილოდიდი თავის დროზე დავით ქევხიშვილის კონკურენტი იყო, თუმცა ჩვენებური 11-ჯერ შეხვდა და ყველა მოუგო, თუმცა ის ამ წონაში მაინც ერთ-ერთი ლიდერი იყო. ნათქვამია, კვიცი გვარზე ხტისო, მაგრამ დარიას ისე ეტყობა, შედეგებით მშობელს უნდა გადაახტეს: ვარშავაში ისე იჭიდავა, დილიდანვე მიიქცია ყურადღება და საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა უნგრელი ევა ჩერნოვიცკი - ევროპის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი. ფინალში რუსი ირინა დოლგოვაც იოლად გააჩერა, არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ისიც ტალანტად მიიჩნეოდა - ჭაბუკთა შორის მხოლოდ ის და ბექა ღვინიაშვილი იგებდნენ ყველაფერს.

ქალებში მორიგ იოლ გამარჯვებას მიაღწია კოსოვოელმა მაილინდა კელმენდიმ (57) - 25 წლის სპორტსმენი ძველებურად მუსრავს ყველას და ყველაფერს და ძიუდოს "ტედი რინერად" იქცა: ოლიმპიურმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მესამედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

მამაშვილური თაობა აზერბაიჯანის ნაკრებში
ვარშავაში აზერბაიჯანის ნაკრებიც ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა - კარგი გამოსვლითაც და არა მხოლოდ იმ ინციდენტით, რაც ბოლო დღეს გუნდურში შეემთხვათ. შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრას 3:0 უგებდნენ უკრაინას და რაკი მოგება გარანტირებული ჰქონდათ, მომდევნო შეხვედრა აღარ იჭიდავეს. ამის გამო მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და ბრინჯაო უკრაინას გადაეცა.

აზერბაიჯანელებმა პირადში ორი ოქრო მოიპოვეს და ორივე გამორჩეული გამოდგა. ჯერ გამარჯვება ახალგაზრდა ჰიდაიეტ ჰეიდაროვმა (73) იზეიმა, ვინც უკვე ამ ოლიმპიურ ციკლშივე ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევს იაპონელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ შოჰეი ონოს. 19 წლის ბიჭმა, შარშან სექტემბრიდან მოყოლებული, უკვე მესამედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკში - 20-23-წლამდელებში და ახლა უფროსებშიც.

ის სერიოზულ ძალად ყალიბდება ამ წონაში, რადგან უკვე ჩამოყალიბებული და ძლიერი მოჭიდავეა. მათი გუნდი სასტუმროში ჩემს სართულზე ცხოვრობდა, ოთახები კი ლიფტის გამოსასვლელთან ჰქონდათ და საღამოობით დივან-სავარძლები სრულად ჰქონდათ ათვისებული - თვითონ თუ არ ისხდნენ, კიმონოებს აშრობდნენ (თუმცა wi-fi დერეფანში იჭერდა ყველაზე კარგად და საღამოობით ჩეხთა ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკიდან დაწყებული, ვის არ ნახავდით იქ, პირდაპირ იატაკზე ფეხმორთხმულებს).

ჰეიდაროვსაც ყოველდღე ვხედავდი, ხოლო ტურნირზე გამოსვლის წინა საღამოს ზედ დერეფანში უკეთებდნენ მასაჟს: გრძელი თმით და გაპარსული წვერით ხომ აშკარად არააზერბაიჯანულ მოდაზეა, ფიზიკურად ისეა დაკუნთული, ზრდასრული კაცის სხეული აქვს. ცოტა კიდეც გაგიჭირდებათ დაჯერება, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა თუ რამე და ბევრიც არ ექნება გადაკეთებული.

ჩვენი მეზობლების მეორე ჩემპიონი 35 წლის ელხან მამადოვი გახდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ევროპისაც მიუმატა. საინტერესო დეტალია, რომ მათ ორი თაობის ფალავანი გაუხდათ ჩემპიონი - 19 წლის ჰეიდაროვისთვის მამადლი მამისტოლა კაცია. როგორც კი მამადოვმა ფრანგი სირილ მარე დააიპონა, მყისვე ის გამახსენდა, აზერბაიჯანში მისვლისთანავე პეტერ ზაიზენბახერი ნაკრებიდან რომ აგდებდა - ოლიმპიადისთვის გუნდის გაახალგაზრდავებას ვიწყებ და ის ჩემს გეგმებში არ ჯდებაო. ეს 2012 წელს ხდებოდა, 2013-ში კი 31 წლის მამადოვმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ეს კაცი "ბებრის ყვავილობას" განიცდის. თან ვარშავაში ნახევარფინალში ლამის შვილისტოლა თანაგუნდელი, 26 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ელმარ გასიმოვი დაჯაბნა.

კუკოლიდან კრპალეკამდე
ვაჟებში საკმაოდ მოულოდნელი იყო სერბი ალექსანდრ კუკოლის (90) გამარჯვებაც, რაც მისთვის პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მოპოვებული პირველი მედალია. არადა, ის ბექა ღვინიაშვილის "ბულკი" იყო ყოველთვის.

ასევე გამოსარჩევია ლუკაშ კრპალეკის ბრინჯაოც - ევროპის ორგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს პირველი მედალია მძიმე წონაში გადასვლის შემდეგ.

მიქს-ზონაში გასულს ინტერვიუს ვიღაც პატარა, 12-13 წლის გოგო ართმევდა. თავიდან ვიფიქრე, მას მხოლოდ მიკროფონი ეჭირა და იქნებ კითხვებს ოპერატორი უსვამს-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ის გოგო ეკითხებოდა. არ ვიცი, რაზე ესაუბრებოდა, თუმცა ხანგრძლივი ინტერვიუ კი გამოვიდა და ეს ამხელა კაცი (ტიტულებითაც და ფიზიკურადაც) მორჩილად, ამომწურავად პასუხობდა მის კითხვებს.

ქალები ვარშავაში
ვარშავაში ჩვენი ქალები უმედლოდ დარჩნენ, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ არ ჰყავდათ ტრავმირებული ლიდერები. ქართული ტრიოდან უფრო მეტად ეთერ ლიპარტელიანმა (57) იყოჩაღა, ვინც ერთი შეხვედრა მაინც მოიგო - უნგრელ იბოლია სიროკთან, მერე კი გერმანელთა მომავალ ფინალისტ ტერეზა სტოლთან წააგო.

ლიპარტელიანი ჯერ ძალიან პატარაა - 17 წლისაა და წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან. აკი თქვა კიდეც ჩვენთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ევროპირველობამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ, ამ ტურნირის შემდეგ ის მხოლოდ ახალგაზრდებში იჭიდავებსო.

ლიპარტელიანი ძალიან მებრძოლია, კარგი ხასიათი აქვს - ნამდვილად სპორტული, მაგრამ ჯერ დრო სჭირდება უფროსებთან ტოლ-სწორად საპაექროდ.

ოლიკო ალადოშვილი (48) პირველივე წრეში ებრაელთა მომავალ მესამეპრიზიორ ნოა მინსკერთან დამარცხდა, ელენე ქებაძე (+78) კი ასევე პირველივე პაექრობიდან გამოეთიშა ტურნირს თურქთა ტუნისური წარმოშობის ფრანგ კაირა საიტთან მარცხით. ტუნისელ-ფრანგ-თურქი ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა.

ვარშავური მასპინძლობა
ვარშავამ ღირსეულად უმასპინძლა ევროპირველობას. პირველ ორ დღეს დარბაზში მაყურებელი არ იყო, მაგრამ ეს სამუშაო დღეებს უნდა დავაბრალოთ, თორემ შაბათ-კვირას გაივსო იქაურობა და ტორვარში პოლიციელთა რიცხვიც გაორმაგდა. ოღონდ უსაფრთხოების რამე გადამეტებული ღონისძიებები არ ყოფილა პარიზსა და ლონდონში მომხდარი ტერაქტების ფონზეც კი, მხოლოდ ელემენტარული პროცედურები იყო.

საორგანიზაციო საკითხებშიც მხოლოდ დადებითი შეფასება ეკუთვნით - ტრასპორტირება იქნებოდა თუ სხვა, შეფერხება არ ყოფილა.

თავიდან ინტერნეტის პრობლემა კი იყო, მაგრამ მეორე დღესვე გამოასწორეს. კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო, რომ დარბაზში არ იყო პრესლოჟა და როცა ვიკითხავდით, ჩვეულებრივ ტრიბუნაზე გვითითებდნენ, სადაც სკამების მეტი არც მაგიდა იყო და არც - ინტერნეტი. თავიდან მეგონა, პრეს-ლოჟა საერთოდ არ ჰქონდა "ტორვარს", მაგრამ მერე ჩვენს ქომაგებთან მისვლისას აღმოვაჩინე, რომ კი ყოფილა, ოღონდ ძალიან პატარა და იმასაც სუდარასავით ლურჯი "ტენტი" ჰქონდა გადაფარებული, თავში კი ტელეოპერატორთა ქანდარა იყო განთავსებული.

ოღონდ თავიანთმა ძიუდოისტებმა ბევრი ვერაფრით გაახარეს მასპინძლები - მხოლოდ ორმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის, მაგრამ ისინიც დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ: მაციეჟ სარნაცკი (+100) და 31 წლის ვეტერანი მსოფლიოს პრიზიორი კატარჟინა კლიში (70).

კიდევ კარგი, ქალებმა გუნდურში ვერცხლი მოიპოვეს და ადგილობრივები მთლად ხელცარიელნი არ დარჩნენ.

ეკუთვნის ხელფასი?
თურმე ნუ იტყვით და, ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილის მწვრთნელ ბათო ჯიქურს თბილისის მერიამ ხელფასი მოუხსნა! ალბათ, ჩათვალეს, რომ მომავალი ჩემპიონის აღმზრდელს არ ეკუთვნოდა... აქამდე მას ძიუდოს ფედერაცია აძლევდა ხელფასს, ახლა კი სპორტის სამინისტროც დაჰპირდა და, იმედია, დაუნიშნავენ კიდეც.

არადა, ამ კაცის დიდი დამსახურებაა თუშიშვილის "მკვლელი" კისრულები. ეგ კი არა, ერთ საღამოს საუბრისას ქევხიშვილმა ისიც კი თქვა, ფედერაციაში ვფიქრობთ, მაგ კაცის ნიჭი როგორ გამოვიყენოთ მთლიანად ქართული ძიუდოსთვისო (ვგონებთ, ის ერთადერთია, ვინც ჩახტომით კისრულს ასწავლის). თუმცა მისი დამსახურება მხოლოდ კისრულები არაა, თავისებური სტილი აქვს, ლამაზად აჭიდავებს შეგირდებს.

მოგვიანებით გია თენაძემაც თქვა, ბავშვთა ტურნირებში ბათოს მოსწავლეებს იოლად ამოვიცნობ თავისებური სტილითო.

გაჩნდა კითხვა, შესაძლებელია თუ არა, უფროსებსაც შეასწავლო ჩახტომითი კისრული. ამის შესაძლებლობა ვალერი ლიპარტელიანმა ეგრევე იუარა. ბათო ჯიქურმა კი თქვა, უფროსებში რაღაც დონეზე შესაძლებელიაო, თუმცა ისიც, ქევხიშვილიც და დისკუსიის სხვა მონაწილენიც თანხმდებოდნენ, რომ მისი შესწავლა ბავშვობიდანაა საჭირო.

როგორც განგვიმარტეს, ხელი უნდა მიეჩვიოს სპეციალურ მოძრაობას - მკლავი სხვანაირად უნდა დატრიალდეს, თორემ შეიძლება მძიმე ტრავმაც მიიღოო.

მომავლის გეგმებთან დაკავშირებით, სხვაც ბევრი საინტერესო ითქვა, თუმცა ამაზე შემდეგში ვისაუბროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი ჯიქურ! წარმატებები!! პრემია მიეცით მაგ კარგ კაცს!
ნიკა
09:46 27-04-2017
0
სულ ამას ვიძახი, ამ დონის ძიუდოისტები გვყავს, მსოფლიოს ვაზანზარებთ და ეს კისრულებიც რომ ვაკეთოთ, საერთოდ წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს ვერავინ. იშვიათად ვინმე აკეთებს ჩვენი ნაკრებიდან, არადა კორეელები და იაპონელები ქულებსაც კისრულებით აგროვებენ და დროც კისრულებიც გაყავთ, გამოგივა, ხომ კარგი, თუ არა და აქტიურობაში გეთვლება. ხელიც არავის მოუტეხია და რაღა ჩვენ დაგვემართება. მოკლედ, ფიზმომზადება და კისრულები გავაუმჯობესოტ და მსოფლიოში პირველები ვიქნებით.
რომანი
10:30 27-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული