სოფიო სომხიშვილმა უცხოელებიც აალაპარაკა - ინტერვიუ გია თენაძესთან

AutoSharing Option
კაუნასში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებთან ერთად წარმატებით იასპარეზა გოგონების ნაკრებმაც - მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო და შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა, როცა ფინალში დამარცხდა.

ჩვენებური თავისი ფიზიკური კონდიციებით თუ წმინდა სპორტული მომზადებით მთელი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე და ძალიან იოლად გაიმარჯვა. მან სამართლიანად დაიმსახურა უცხოელთა ქება. მეხუთეზე გავიდა მარიამ ჭანტურია (63).

- ევროპის ჩემპიონატი კადეტებში: ქართველების სამი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო

ჭაბუკები ბოლო წლებში სისტემატურად ხდებიან ევროპის ჩემპიონები. ზოგადად, მათ სტაბილური ნაკრები ჩამოაყალიბეს ანუ საქართველოში
ქალთა ძიუდო გეგმაზომიერად ვითარდება, ყველაზე მცირე ასაკიდან იწყება წარმატებები, ისინი კი თანდათან უფროს გუნდებში გადადიან. არადა, ქალთა ძიუდოს აღორძინება მით უფრო საშური საქმე გახდა, რადგან ამიერიდან გუნდურ შეჯიბრებაში ქალები და ვაჟები შერეული ნაკრებით გამოვლენ.

კაუნასური ტურნირის შესახებ გოგოების ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს ვესაუბრეთ, თუმცა სიტყვამ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თემაც მოიტანა: სწორედ ზემოაღნიშნული შერეული გუნდის გამო გადაწყდა აგვისტოში ბუდაპეშტში, უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებში სამი მონაწილის წაყვანა, თორემ თენაძე იქ გამოსვლას არ გეგმავდა.

- ვიდრე სომხიშვილის გამოსვლაზე ისაუბრებთ, მანამ საინტერესოა, რამდენად ხართ კმაყოფილი მთლიანად გუნდის გამოსვლით?
- კმაყოფილი ნამდვილად ვარ. ჩემპიონატში ევროპის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, ყველას უნდა ოქროს წაღება, მაგრამ სულ 8 ოქროა და წარმოიდგინეთ, ის ვერ მოიპოვეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა, საფრანგეთი, ჰოლანდია.

კმაყოფილი ვარ, რომ იმ 8-დან ერთი ოქრო ჩვენ ავიღეთ. თან ისიც სასიხარულოა, რომ ამ ასაკში უკვე ოთხი წელიწადია, ჩემპიონი გვყავს. ამასთან, ეს სულ სხვადასხვა გოგოების დამსახურებაა, თორემ არც ისეა საქმე, ერთი ტალანტი გამოგვიჩნდა და იმის ხარჯზე მოდის ეს ოქროები.

მგონი, ეს სტაბილურობის ნიშანია და გვაიმედებს, რომ კიდევ შეგვიძლია მომატება და განვითარება. თან, ასეთი გამოსვლები დიდების ნაკრების გათვალისწინებითაც იმედისმომცემია და იმ ფონზეც, რომ ამიერიდან გუნდურში გაერთიანებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა ბიჭებთან ერთად. ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული და პასუხისმგებლობაა. ფედერაციაც უფრო მოწადინებულია და იმედია, განვითარება გაგრძელდება.

- სომხიშვილის გამოსვლას როგორ აფასებთ?
- ის ძალიან დამაჯერებლად გამოვიდა. მთელ ჩემპიონატში სულ 3-4 გოგოს გამოვყოფდი, ვინც ასე უშეცდომოდ იჭიდავა. ერთი მომენტიც არ ყოფილა ისეთი, როცა შეცდომის დაშვების, გდების გაშვებისა შეგვეშინდებოდა - პატარა საბაბიც არ მოგვცა საამისოდ. ფორმის პიკში შეხვდა ამ ჩემპიონატს და კარგადაც გამოვიდა, რასაც ვერ ვიტყვი მარიამ ჭანტურიაზე - ის სულ ცოტათი ასცდა მედალს, თორემ მზად იყო საამისოდ. სამაგიეროდ, ახლა გამოჩნდა ხარვეზები, რასაც ვარჯიშებზე ვერ დავინახავდით, და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. წინ ხომ ოლიმპიური ფესტივალი და მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ჭანტურია, ალბათ, იტყვის თავის სიტყვას.

- სომხიშვილის გამოსვლა უცხოელებმა როგორ შეაფასეს?
- ჯერ კიდევ ხორვატიაში, პორეჩში ერთობლივ კემპზე ყოფნისას აკვირდებოდნენ მას და ჭანტურიას უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი სხვა სიმაღლეზე იდგნენ. ევროპული ფედერაციის წარმომადგენლებმაც კი მიაქციეს მათ ყურადღება - მოვიდნენ, ინტერვიუები ჩაიწერეს, ფოტოები გადაუღეს.

ფაქტობრივად, ორივე ლიდერებში მოიაზრებოდა, რაც სოფომ სრულად გაამართლა. მან იმდენად დამაჯერებლად იჭიდავა, უცხოელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და გვილოცავდნენ. შარშანდლის შემდეგ მან მართლაც კარგად აიყვანა საკუთარი თავი ხელში და შედეგიც გააუმჯობესა. ახლა მთელ იმედებს მასზე ვამყარებთ.

- მას სუსტი მხარე თითქმის არ გამოუჩნდა, მაგრამ სამომავლოდ რაზე იმუშავებთ მასთან, მაინც რაში სჭირდება გაძლიერება?
- ივლისში მას ოლიმპიური ფესტივალი, აგვისტოში კი მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდება. ერთი სიტყვით, ჭაბუკებში საკმაოდ დატვირთული სეზონი აქვს და ამიტომ წლეულს დიდებში არ მოვსინჯავთ - შეიძლება, ამით უკუჩვენება მივიღოთ. ყველაფერი თანამიმდევრულად უნდა მოხდეს. უფროსებში გაისიდან ნელ-ნელა ჩავრთავთ, ახალგაზრდებში კი ისედაც იქნება, ხოლო 2019 წელს სალიცენზიო ტურნირებშიც ჩაებმება.

მგონი, არ უნდა გაუჭირდეს. ხორვატიაში შეკრებაზე უფროსებიც იყვნენ. ლიტველებს ორი ისეთი გოგო ჰყავდათ, ორივემ სალიცენზიო ქულები რომ მიიღო, მაგრამ ტოლს არაფერში უდებდა. ცხადია, პერსონალური მუშაობა სჭირდება, მაგრამ პირადი მწვრთნელი კახა მოცრაძე არაფერს არ აკლებს და, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონაში ელენე ქებაძე გვყავს და სომხიშვილს ჯერ არ დავტვირთავთ ეროვნული ნაკრებისთვის, სხვა წონებში კი, რომლებიც შერეულ გუნდში შედიან, მარიამ ჯანაშვილი (57) და ნინო ოძელაშვილი (70) იქნებიან.

- გუნდის სხვა წევრების გამოსვლაზეც ვთქვათ, ვისგან რას ელოდით?
- სხვები 2001-წლიანები არიან ანუ პატარები იყვნენ.ზოგი პირველად იყო ასეთი რანგის ტურნირზე, ზოგი საერთოდ თვითმფრინავში იყო პირველად და მათგან დიდ შედეგებს არ ველოდით, მაგრამ ბავშვები ასეთ შეჯიბრებებზე იზრდებიან. ვფიქრობ, სამომავლოდ კარგი გუნდი გვეყოლება.

ამჯერად ეტყობოდათ გამოუცდელობა, მათ თანაბრად გამოავლინეს თავი. ცოტა მეტად მწყდება გული თიკო რევაზიშვილზე, რადგან მას ჰქონდა შარშანდელი გამოცდილება, ყველა შეჯიბრებაზე ნამყოფია და უკეთ უნდა ეჭიდავა. თან გუნდურში უკრაინასთან გადამწყვეტი შეხვედრა წააგო, თორემ გამორიცხული არ იყო, ბრინჯაომდე მივსულიყავით.

სამწუხაროა, რომ ეს გოგო ამდენს წვალობს, ამდენს ვარჯიშობს, მაგრამ ჯერჯერობით არ დაუფასდა -ჭაბუკებში გამოსვლა უმედლოდ დაამთავრა.

- ევროპის ამ პირველობის შემდეგ ხომ არ გადახალისდება ფესტივალისთვის ადრე დასახელებული შემადგენლობა?
- არა, რადგან მათ ადრევე მოგვთხოვეს სახელობითი სიები. ამიტომ ამ თვეში უნგრულ დიორში ჭანტურია, სომხიშვილი, თინათინ რევაზიშვილი (57) და ეკატერინე ტატუნაშვილი (52) იჭიდავებენ. მსოფლიოზე მხოლოდ სამი გოგო იქნება - ამათ მხოლოდ რევაზიშვილი გამოაკლდება, რადგან 57 არაა გუნდური წონა.

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობაც შერჩეული გყოლიათ. არადა, ადრე არ ფიქრობდით იმ ტურნირში მონაწილეობას. მათ რა გეგმით მოამზადებთ?
- ამაზე ფედერაციას უკვე შევუთანხმდით. მათთან ერთად ოძელაშვილსაც ვესაუბრეთ, რომელსაც ჩვენთან გადმოსვლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ, როგორც ვატყობ, არც სამბოს მიტოვება უნდა. რამდენად გამოვა ეს, ვერ გეტყვით, რადგან მსგავსი საკითხები ფედერაციის გადასაწყვეტია. თუმცა ამ ჩემპიონატზე მის წაყვანას ვფიქრობთ.

ეს სამი გოგო ვაჟების გუნდთან ერთად მინსკშიც წამოვა ევროპის თასზე, სადაც ტურნირშიც იჭიდავებენ და მერე ერთობლივ შეკრებაზეც დავრჩებით. თუმცა, საკითხავია, რამდენად ეყოფათ ეს. კარგი იქნებოდა, ადრევე გვცოდნოდა, გუნდური ასე თუ ჩატარდებოდა - მაშინ სხვანაირ ყურადღებას მივაქცევდით მათ, ამ სამ წონას მაინც. ამწუთას ისინი ჩვეულებრივად ვარჯიშობენ, საგანგებოდ შეკრება არ გაგვივლია.

- დასასრულს, ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მოსამზადებელ გეგმაზეც ვთქვათ...
- ჭაბუკები ფესტივალისთვის გორში მოემზადებიან. მათ ახლა დიდი დატვირთვები აღარ სჭირდებათ, უფრო შეჯიბრებამდე მისაყვანი ვარჯიშები ესაჭიროებათ, რათა ფორმიდან არ ამოვარდნენ. მერე მსოფლიომდე ცოტა დრო რჩება და უფრო პირად მწვრთნელებთან მოემზადებიან, თორემ სხვაგან წასვლას აზრი არ აქვს.

ახალგაზრდები მალე უნგრეთში წავლენ კახა გვიჩიანის ხელმძღვანელობით, რადგან ჩვენ ჭაბუკებთან ვიქნებით. იქ 8 მონაწილე გვეყოლება, საიდანაც 4-5 გოგო მოიაზრება ევროპის ჩემპიონატისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაარქვით, რა, ეს "ჭაბუკები". სასაცილოა. ჭაბუკი ახალგაზრდა ვაჟს ნიშნავს და არამცდაარამც - გოგოს.
ჰმ
12:21 09-07-2017
0

სიახლეები პოპულარული