ევროპა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ძიუდო: ვერცხლით დავიწყეთ

AutoSharing Option
უნგრულ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის XIV ოლიმპიურ ფესტივალზე 25 ივლისს ძიუდოისტთა ტურნირიც დაიწყო, რომელშიც წარმატებით ჩაება ჩვენი ნაკრები - პირველივე დღეს ორი მოჭიდავიდან ერთი ვერცხლი მოვიპოვეთ. ჩვენი მეორე ძიუდოისტი - გოგა ჩხაიძე (50) მეშვიდეზე გავიდა.

ფესტივალის სტარტზე გოგოებში მონაწილე არ გვყავდა, მხოლოდ ბიჭებში გამოვდიოდით. ბექა წიფიანმა თავიდანვე კარგი სტარტი აიღო და შვედ ემილ ჰენრიკსონთან ფრიად დამაჯერებლად იჭიდავა - ოთხი ილეთი გაუკეთა. მართალია, იპონზე ვერ დააგდო, მაგრამ აშკარა უპირატესობას ფლობდა.

კვიპროსელი ლოუკა ლოუკასი ცოტა უფრო უხერხული მოწინააღმდეგე კი გამოდგა, მაგრამ
წიფიანი აქაც მთელი თავით მაღლა იდგა კონკურენტზე, რასაც ვაზარ-იპონიც მოწმობს.

ქართველმა მოლდოველ ადილ ოსმანოვსაც წმინდად მოუგო, ნახევარფინალში კი უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა უკრაინელ ოლეჰ ვერედიბასთან - გაფრთხილებით მოახსნევინა, თუმცა თავადაც ორი გაფრთხილება ჰქონდა.

ფინალში მის წინ ჩვენთვის ავადსახსენებელი თურქი მიჰრაკ აკუსი აღიმართა. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა - გადაულახავ ბარიერად. თურქი ევროპის წლევანდელი ჩემპიონია და იმ ტურნირზე მეოთხედფინალში ლუკა კაპანაძე დაგვიმარცხა.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიზილაშვილი კი შეეცადა, იმ მარცხიდან სწორი დასკვნები გამოეტანა და დიდწილად ამის გამო წიფიანს უფრო ჩამშლელი ჭიდაობა დაავალა.

შეგირდიც ერთ ხანს წარმატებით ასრულებდა ამ დავალებას, მაგრამ მეტოქემ მაინც მოიხელთა მტკივნეულზე. აკუსმა ასე თუ გააგრძელა, ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატსაც მოიგებს და სეზონში ყველაფრის მომგებად მოგვევლინება.

გოგა ჩხაიძემ ფესტივალზე გამოსვლა ავსტრიელ ნიკოლას რეხბერგერთან საკმაოდ რთული მოგებით დაიწყო - გაფრთხილებებით ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერაფერს გახდა ბელარუს ულადისლაუ ძვონიკთან: ერთი ილეთი კი აართვა, მაგრამ თავად ორი გაუშვა და სანუგეშო ტურნირში გადაინაცვლა. იქ გამოსვლაც თითო მოგება-წაგებით დაამთავრა: ესპანელ ხაიმე რიკო ბერნაბეუს კი აჯობა, მაგრამ ბულგარელ ლიუბოსლავ გრიგოროვთან წმინდად დამარცხდა.

დღეს ფესტივალში მორიგი ოთხი წონა ჩაებმება: ბიჭებში 60 და 66, გოგოებში კი 48 და 52. ჩვენი გოგოების კვარტეტიდან პირველი მონაწილეც დღეს ჩაებმება შეჯიბრებაში. ამიტომ სამი ფალავანი გვეყოლება საქომაგო.

გოგოებში ჩვენი ერთადერთი მონაწილე ეკატერინე ტატუნაშვილი (52) პირველ წრეში სლოვენიელ ნუსა პეროვნიკს დაეჭიდება. ამ წყვილში გამარჯვებულს შემდეგ ეტაპზე რუსი დარია კაშინა ელოდება.

ბიჭებში გურამ ძავაშვილი (60) და გიორგი ჩიხელიძე (66) გამოვლენ. ტატუნაშვილის მსგავსად, ისინიც პირველივე წრიდან ჩაებმებიან შეჯიბრებაში. ძავაშვილი ფრანგ ბასტლენ ჟენერს შეხვდება, ამათში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე რეიტინგის აზერბაიჯანელი ლიდერი, ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტი ვუსალ იბრაჰიმოვი ხვდება.

ჩიხელიძე თავდაპირველად ფინელ როოპე კორონენის დაეჭიდება, მოგების შემთხვევაში კი მასაც აზერბაიჯანელი ელოდება - გნიაზ მაჰმუდლუ. ეს მაჰმუდლუ ჩვენც კარგად გვახსოვს ევროპის წლევანდელი პირველობიდან, აი, მას კი, არა მგონია, კარგად ვახსოვდეთ ქართველები, რამეთუ ფინალში მიხეილ ბახბახაშვილმა ჩინებულად დააიპონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცქერა თუშეიძლება სადმე ამ ოლიმპიადის
vasil
12:50 26-07-2017
0
The YouTube.com chqwere da amogigdbs

....
13:25 26-07-2017
0

სიახლეები პოპულარული