ბეთქილ შუკვანი ევროსასამართლოს მიმართავს

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი (60) ტატამზე წაგებულის გამოსწორებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ამ დღეებში ადვოკატებთან ერთად ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც სარჩელის შეტანას და ოლიმპიადაზე ფრანგ სოფიან მილუსთან დაფიქსირებული შედეგის გაპროტესტებას აპირებს.

ყოველ შემთხვევაში, მისი წასვლის არაოფიციალურ მიზეზად ეს სახელდება, რაც ცოტა უცნაურად გვეჩვენება - მსგავს სარჩელებს ხომ ლოზანაში მდებარე სოკ-ის არბიტრაჟი განიხილავს და არა სამოქალაქო სასამართლო, თუმცა შუკვანის ლონდონში გაკეთებულ კომენტარებს თუ გავითვალისწინებთ, იქნებ საქმე სწორედ სამოქალაქო თემიდას გადაეცეს, რადგან სპორტსმენი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკობს.

შეგახსენებთ
საქმის ვითარებას - შუკვანი ლონდონის ოლიმპიადიდან ნაადრევად დაბრუნდა თბილისში (მისი წამოსვლის შესახებ ოლიმპიურმა დელეგაციამ დაგვიანებით შეიტყო) და განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისადმი" გამოხატული სიმპათიების გამო მასზე ლონდონში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ; მოქმედ პირებად კი კონკრეტული გვარები დაასახელა.

მისი თქმით, ამან გამოიწვია მილუსთან მარცხი, თუმცა სპორტსმენმა ესეც პოლიტიკურ ზეწოლას დაუკავშირა.

მისი თქმით, მსაჯები ქართველთა მითითებით მოქმედებდნენ მის წინააღმდეგ (მომხდარისა და შუკვანის განცხადებების შემდეგ საქართველოს სპორტულმა ორგანიზაციებმა თავიანთ განცხადებებში უსაფუძვლო უწოდეს შუკვანის მიერ წაყენებულ ბრალდებებს - რედ. შენიშვნა).

აღნიშნულ შეხვედრაში მართლაც იყო საკამათო ეპიზოდები - მსაჯებმა ჩვენებურს ორჯერ შეუცვალეს თავდაპირველი ვაზარი - პირველ შემთხვევაში ის იუკოდ გადაუკეთეს, მეორედ კი საერთოდ არ მისცეს შეფასება.

ამასთან, ფრანგი აშკარად იმსახურებდა გაფრთხილებას, თუმცა მსაჯმა ამისგან თავი შეიკავა. ყველაფრის მიუხედავად, შუკვანი იუკოთი მაინც ამარცხებდა ფრანგს, მაგრამ დამთავრებამდე 5 წამით ადრე იპონზე დაეცა და წააგო.

ბუნებრივია, იმ ორ გაუქმებულ ვაზართან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. ერთი შეხედვით, პირველი გდება არაა სუფთა ვაზარი, მაგრამ რამდენიმე სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ ეს იმდენად მაღალი ტრაექტორიით შესრულებული გდება იყო, ისეთი სიმაღლიდან წამოიღო შუკვანმა, რომ ვაზარს იმსახურებდა.

ამ საკითხზე კომენტარისთვის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივან ვლადიმერ ნუცუბიძეს დავეკითხეთ.

"პირველი გდება ვაზარს იმსახურებდა და მე ასეც მივცემდი, თუმცა არც იუკოა დანაშაული. უფრო საკამათო მეორე გდებაა, რომელიც საერთოდ არ შეფასდა. როცა ამის თაობაზე მსაჯებს დავეკითხე, რატომ არ მიეცით ქულა-მეთქი, მიპასუხეს, რომ გდება კონტროლის გარეშე იყო შესრულებული, ანუ ჩავლება არ ჰქონდა აღებული, ისე გაუკეთაო" - გვიპასუხა მან.

კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია, ჩვენ კი იმას დავამატებთ, რომ ამ თემამ ზედმეტად პოლიტიზირებული სახე მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით ნამგალაური: ბეთქილ შუკვანი ჩვენს სპორტსმენებს საქომაგოდ არ მიჰყვებოდა
ბეთქილ შუკვანი: მე არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული