ივანიშვილის დაპირება: სუპერთანამედროვე ბაზა ძიუდოისტებს... რამდენიმე!

AutoSharing Option
ევროპის პირველობიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ძიუდოისტებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან კარგი შეპირება მიიღეს - სუპერთანამედროვე მულტიფუნქციური დარბაზის აშენება, კონკრეტულად ძიუდოსთვის და პერსონალურად ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე მოპოვებული უპრეცედენტო გამარჯვების აღსანიშნავად...

მოკლედ და კონკრეტულად, პრემიერმა ძიუდოისტებს განუცხადა, ამ გამარჯვების აღსანიშნავად საჩუქრად დარბაზს აგიშენებთ, რათა კიდევ გაგვახაროთო... მას იქვე გაუცია მითითებები მოსამზადებელი სამუშაოების დასაწყებად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის გაკეთება საკუთარი ფონდიდან უვალდებულია და არა ქვეყნის ბიუჯეტიდან.

როცა პრემიერი ფინანსებით დაინტერესებულა, დაახლოებით რა დაჯდება თანამედროვე ბაზაო, გაცემულ პასუხზე გასცინებია, მეტი თუ არ სჭირდება, რამდენიმეს ავაშენებო...

სპორტსმენებსაც
მომენტით უსარგებლიათ და პირდაპირ უთქვამთ, რა იგულისხმება თანამედროვე ბაზაში - 4 ტატამი, რათა შევძლოთ უმთავრესი შეჯიბრებების, მათ შორის - მსოფლიოს პირველობის, "დიდი მუზარადისა" და "დიდი პრიზის" ტურნირების გამართვა, ერთობლივი შეკრებების ჩატარება; სამკურნალო-სარეაბილიტაციო და მასაჟ-ცენტრი; აუზი, სასტუმრო და კვების ბლოკი...

პრემიერი სრულად დათანხმებია ამ ყველაფერს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუნებრივია, ჯერ პროექტის დაზუსტებულ ვარიანტსა თუ სხვა ტექნიკურ დეტალებზე ადრეა ლაპარაკი, მაგრამ შეხვედრაზე რამდენიმე პრინციპული მონახაზი მოუნიშნავთ.

მართალია, შეიძლება, ბევრი რამე ამაშიც შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე შეთანხმებულია, რომ ეს დარბაზი ახლანდელი ძიუდოს აკადემიის ადგილას აშენდეს. უფრო სწორად, ახლანდელ შენობას ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას.

აქვე ერთსაც განვმარტავთ - ახალი ხელისუფლება აქამდეც ლაპარაკობდა სპორტის ახალ, თანამედროვე სასახლეზე, ოღონდ ის სხვაა და პრემიერის მიერ გაჟღერებული დარბაზი - სხვა, ერთმანეთში არ აგვერიოს. ესაა ძიუდოს სპორტის სასახლე...

ძიუდოს ფედერაცია 1-ელ მაისსვე შეუდგა პრაქტიკულ საქმიანობას - საბუთების მოგროვებას და მსგავს ფორმალობებს, უმთავრესი კი აკადემიის დღევანდელი სტატუსია.

უფრო კონკრეტულად - ფედერაციის ბალანსზე მისი დაბრუნება. სპორტსმენებს სურთ, ის შენობა მათი საკუთრება იყოს და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მის შენახვას. ჩვენს დარბაზებს, ამ ტატამებს სხვები აქირავებენ და ჩვენ ავიღებთ იმ ფულსო, ამბობენ ისინი. მართლაც - შეიძლება ითქვას, იქაურობა სულ დატვირთულია. პრაქტიკულად, ყოველდღე ვიღაც ქირაობს სხვადასხვა ღონისძიებისთვის.

საქართველოში, ჭიდაობის ქვეყანაში ერთი არენაც არაა ისეთი, სადაც მსოფლიოს პირველობას და სხვა უმსხვილეს ტურნირს ჩავატარებთ.

საქმე იქამდეც მიდის, რომ ერთობლივ ვარჯიშებზე ჩამოსვლის მსურველ უცხოელებს უარს ვეუბნებით დარბაზის არქონის გამო - 21-ე საუკუნეში ეს სირცხვილია და მეტი არაფერი, განვითარებულ ქვეყანაზე გვაქვს პრეტენზია და ჯუნგლებია თუ რობინზონ კრუზოს კუნძული, დარბაზი არ გვქონდეს?

მართალია, ევროპის პირველობები კი გავმართეთ ჭიდაობასა და ძიუდოში, მაგრამ საქმეში ჩახედულთაგან ყველამ კარგად იცის, რამდენ რამეზე დავახუჭინეთ თვალი დელეგატებს და როგორი სიმჭიდროვით იყო განლაგებული იქ ლეიბ-ტატამები...

ევროპის ჩემპიონატი ის მაქსიმალური სიმაღლეა, რომლის ზევითაც ვერაფრით ავხტებით, რაც უნდა მოვინდომოთ.

მაგალითად, ძიუდოში ძალზე საეჭვოა, 3 ტატამზე დაგვრთონ "დიდი მუზარადის", "დიდი პრიზის" ჩატარების ნება - აქ ხომ ვაჟებთან ერთად ქალებიც უნდა იყვნენ, ჩვენს სპორტის სასახლეში კი 4 ტატამი ფიზიკურად ვერ ეტევა თუნდაც იმ პირობებში, ტატამებს შორის დაშორება და ტრიბუნებთან სავალდებულო უსაფრთხოების ზომებიც რომ არ დავიცვათ...

წინა ხელისუფლებამ ბევრი ბაზა ააშენა, მაგრამ ეს უმეტესად მარტივი ტიპისა იყო, რაც ადგილობრივი მოხმარებისთვის უდავოდ კარგია (თუმცა ბევრად უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო), მაგრამ გამოუსადეგარია საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის.

არადა, თუ სპორტის განვითარება გვინდა, რაც შეიძლება დიდი მასშტაბის უცხოურ ტურნირებზე უნდა ავიღოთ სწორება.

კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ძიუდოს ჰქონდეს 4-ტატამიანი დარბაზი და ჩაატაროს "დიდი პრიზი" ან "დიდი მუზარადი".

საქმე ისაა, რომ ევროპის ღია თასების, ანუ იმგვარი შეჯიბრებების დრო, რასაც ახლა ჩვენ ვატარებთ, თანდათან წარსულს ბარდება და თუ სასწრაფოდ არ გადავერთეთ ახალ რელსებზე, იმ ტურნირსაც დავკარგავთ.

ბუნებრივია, მივესალმებით, ქვეყნის პრემიერი ხელისუფლებაში მენტალიტეტით განსხვავებული ის პირველი ქართველი ხელმძღვანელი თუ აღმოჩნდება, რომელიც სპორტს წარმატებისთვის დააჯილდოვებს - მსგავსი პრაქტიკა მიღებულია დასავლეთში, მაგრამ უცხო ხილია საქართველოში.

თუმცა რატომ მხოლოდ დასავლეთში, როცა ის რუსეთშიც კი ჩვეულებრივი ამბავია - ამას წინათ ვწერდით, რომ მარტში, თბილისში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე რუსთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნატალია ვორობიოვამ გაიმარჯვა თუ არა, მოსკოვში რუსეთის სპორტის მინისტრმა ბრძანებას მოაწერა ხელი ციმბირში, მის მშობლიურ ქალაქ ტულუნში სპორტსმენის სახელობის სპორტული დარბაზის მშენებლობის შესახებ.

არაფერს ვამბობთ მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაზე, სადაც რა-რა და ბაზები ნამდვილად არაა პრობლემა, თუმცა დაფინანსებაში იმათაც სერიოზული გარღვევები ჰქონიათ.

მოკლედ, დაველოდოთ!

ძიუდოს სპორტის სასახლე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბიძინა ივანიშვილმა ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტებს უმასპინძლა [VIDEO]
თბილისში დაბრუნებულ ძიუდოისტთა ნაკრებს სამინისტროში უმასპინძლეს
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ბიჭები ჩვენი ერის სიამაყე არიან..
ხელის გულზე უნდა ვატაროთ, მივესალმები ბიძოს ინიციატივას ამათმა ეს დაიმსახურეს
messi001
01:36 04-05-2013
0
ვითომ აგიშენებო...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული