საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მინსკში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები 11 ივნისს, დილით, მინსკში გაფრინდა, სადაც 20 ივნისამდე დაჰყოფს და მონაწილეობას მიიღებს ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში.

ჩვენი ნაკრები ორიოდე დღის წინათ დაბრუნდა სეულიდან, სადაც ასევე ერთობლივი შეკრება გაიარა მასპინძლებთან. არსებითად, შინაარსობრივად მინსკშიც იგივე ღონისძიებაა, მაგრამ განსხვავება დაფინანსებასა და სტატუსშია - კორეული ეტაპი თუ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მოაწყო, ახლანდელს ევროპული ფედერაცია აფინანსებს და იქ წამყვანი გუნდების უმეტესობა იქნება.

ჩვენი ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ მინსკშიც ის ფალავნები წაიყვანა, რომლებიც კორეაში ჰყავდა. მანამდე კი მასტერსზე იჭიდავეს, ოღონდ
მათ ამჟამად 3 ძიუდოისტიც დაუმატა.

ამდენად, ბელორუსში ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ევროპის ვერცხლისმედალოსანი ნუგზარ ტატალაშვილი და ბრინჯაოსპრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (73), ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური (81), ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), კონტინენტის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100) და ევროპის ვერცხლისმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100) ივარჯიშებენ.

ამათგან მეტრეველი ბოლო წლებში, ძირითადად, მძიმე წონაში გამოდიოდა, თუმცა მწვრთნელები 100-ში უპირებენ დაყენებას, წონის დაკლებას თუ მოახერხებს.

უზნაძის თქმით, ნელ-ნელა გვარდება შავდათუაშვილის პრობლემა. მოგეხსენებათ, ის ევროპის პირველობის წინ კვლავ შეაწუხა საზარდულმა და კონტინენტის პირველობაზეც ნატკენი ფეხით იჭიდავა. ამის მიუხედავად, მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა, ცხადია, გარისკვა არ ღირდა და მანაც გარკვეული პერიოდი დაისვენა. სწორედ ამ მიზნით გამოტოვა მასტერსის ტურნირი.

როგორც მწვრთნელმა გვითხრა, მისი პრობლემა იმ დონეზე კი მოგვარდა, რომ უკვე სრულად ვარჯიშობს.

ჩვენები მინსკიდან 20 ივნისს დაბრუნდებიან, 25-ში კი ბაკურიანში წავლენ, სადაც 7 ივლისამდე საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლიან. ამით გუნდი აგვისტო-სექტემბრის გასაყარზე რიო დე ჟანეიროში გასამართავი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპს დაიწყებს. ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი 20-21 ივლისს მოსკოვში გასამართი "დიდი მუზარადი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი ძიუდოისტები მომზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან
ბუდაპეშტიდან ტიუმენამდე - რა გვიჩვენა ახალმა ტურნირმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული