ლევან წიკლაური სათუოა - ირაკლი უზნაძე შეკრებით კმაყოფილია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები სოჭიდან დაბრუნდა, სადაც 26 აგვისტოდან ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით ერთობლივ საწვრთნელ კემპში მიიღო მონაწილეობა.

გუნდს ბოლო პერიოდში ერთი სერიოზული პრობლემა გაუჩნდა - ლევან წიკლაურმა (81კგ) ფეხი იტკინა.

ამ უსიამოვნო ამბამდე თამამად ვიტყოდით, რომ ეს წონითი კატეგორია მსოფლიოზე გაორების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო - ჩვენს ნაკრებში ხომ არსად არაა იმდენად თანაბარი დონის ორი ფალავანი, როგორც 81-სა და 73-ში, თუმცა ევროპის 2009 წლის ბრინჯაოს მედალოსნის ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

წიკლაურმა ფეხი მოსკოვში, "დიდ
მუზარადზე" ჩასვლისთანავე, ვარჯიშზე იტკინა და ვერც ტურნირში იჭიდავა.

იქვე ჩატარებულმა გადაღებამ მენისკის დაზიანება აჩვენა და ექიმთა ვერდიქტიც ოპერაციის გაკეთება იყო, თუმცა დაზიანების ხარისხი მსოფლიოზე ჭიდაობის რაღაც შანსს კიდევ გვიტოვებდა - ვითარება ბოლომდე კრიტიკული არ იყო და მსგავსი პრობლემით, როგორც ჩვენს, ასევე უცხოელ ფალავნებს წარმატებებისთვისაც მიუღწევიათ.

ამიტომ წიკლაური სოჭში მაინც წაიყვანეს, რათა დაკვირვებოდნენ, შეძლებდა თუ ვერა ვარჯიშს, რამდენად აიტანდა დატვირთვებს.

სამწუხაროდ, როგორც სოჭიდან დაბრუნებულმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გვითხრა:

"ექიმების დასკვნით, ჯერჯერობით არასახარბიელო და არასაიმედო მდგომარეობაა. ექიმებიც და თვითონ სპორტსმენიც ყველაფერს აკეთებენ ვითარების გამოსასწორებლად, საბოლოო პასუხი კი რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

წიკლაური სოჭში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ნაკლებად შედიოდა ტატამზე და ნაკლებად ტვირთავდა ფეხს.

სამწუხაროდ, რისთვისაც წავიყვანეთ, ის გეგმა ვერ შეასრულა. შეიძლება ითქვას, მზადების ეს ეტაპი ჩაუვარდა.

თუმცა მსოფლიოზე წასვლის კანდიდატად ჯერ მაინც განვიხილავთ, რადგან მდგომარეობა ბოლო დღეებში უკეთესობისკენ წამოვიდა და ახლა სტაბილურად საშუალო სიმძიმის ტრავმაა. თუ წინსვლა გაგრძელდა, შანსიც გაიზრდება".


მწვრთნელს მოსკოვურ ტურნირსა და ერთობლივ შეკრებაზეც დავეკითხეთ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ამირან პაპინაშვილი (60) ჩემპიონი გახდა და რეიტინგის ლიდერობაც დაიბრუნა, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა. შეჯიბრებასთან დაკავშირებით მწვრთნელმა შემდეგი განაცხადა:

" მოსკოვის "დიდმა მურაზადმა" კარგი მხარეც გამოაჩინა და ცუდიც... კარგი იყო პაპინაშვილის გამოსვლა, რომელიც დღითი დღე უმატებს, ხალიჩაზეც კარგად მუშაობს და ჩვენს რჩევებსაც ითვალისწინებს. ახლაც მაქსიმალურად იყო მობილიზებული.

ასევე კარგად გამოვიდა რეხვიაშვილიც, რომელმაც, ჩემი აზრით, მსაჯების შეცდომით წააგო.

ტურნირის კომისარი ბოლოს საგანგებოდაც კი შემხვდა და მიხსნიდა, რომ გდება ამან დაიწყო, მაგრამ ბელგიელმა გააგრძელაო, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ის ქულა ზებედას ეკუთვნოდა.

ტურნირზე ცუდი ის იყო, რომ ოქრუაშვილისგან მეტს ველოდით. მას ზედმეტი წონა ჰქონდა, რის გამოც მოძრაობაშიც შეზღუდული იყო. იმედია, ამ პრობლემას მსოფლიოს პირველობამდე მოვაგვარებთ და სეზონის უმთავრეს ტურნირს ისეთივე ფორმაში შევხვდებით, როგორშიც ევროპის ჩემპიონატზე იყო.

სოჭში შეკრებაზე გუნდმა კარგად ივარჯიშა და ყველა ბოლომდე დაიტვირთა, მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინეს და დასახული გეგმა უნაკლოდ შეასრულეს. ყოველდღიურად 2-2 შეხვედრაც უწევდათ და მზადების ამ ეტაპით კმაყოფილი ვარ".


როგორც ვხედავთ, მწვრთნელი კმაყოფილია სოჭში გავლილი შეკრებით, ახლა კი წინ მსოფლიოსთვის მზადების უმნიშვნელოვანესი, დასკვნითი ნაწილია.

სწორედ ახლანდელი მუშაობა განსაზღვრავს რიო დე ჟანეიროში მათ წარმატებას - აქამდე თუ კიდევ ჰქონდათ უკან დასახევი გზა და რაც ვარჯიშს დააკლეს, იმის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება, ახლა დაშვებულ შეცდომებს უკვე აღარაფერი ეშველება.

ამ მეტად საპასუხისმგებლო ნაწილს გუნდი ორ ეტაპად გაივლის - საქართველოსა და ბრაზილიაში.

ბიჭები ჯერ რამდენიმე დღე თბილისსა თუ თავიანთ მშობლიურ ქალაქებში ივარჯიშებენ, 5 აგვისტოდან კი 10-დღიან შეკრებას დაიწყებენ ყვარელში.

უზნაძე მსოფლიოზე წასაყვან შემადგენლობასაც მისი მიმდინარეობისას დაასახელებს, 17-ში უკვე სამხრეთ ამერიკაში გაფრინდებიან და აკლიმატიზაციის მიზნით დასკვნით შეკრებას რიო დე ჟანეიროში გაივლიან.

ცხადია, იქ სხვა გუნდებიც იქნებიან და ერთობლივ ვარჯიშებსაც ჩაატარებენ, ოღონდ ჯერ კონკრეტული გუნდები არაა ცნობილი - ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ნაკრებები ივარჯიშებენ მათ დარბაზში.

უზნაძის თქმით, რამდენიმე გუნდმა უკვე მიმართა თხოვნით და ჩვენებთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ყველაფერი ადგილზე გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული