ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ბერლინის ტურნირზე 10 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა დიდი წარმატებით იჭიდავა ბერლინში, ახალგაზრდების მსოფლიოს თასზე, სადაც 10 მედალი მოიპოვა.

მათ შორის 2 ოქროა, 3 ვერცხლი და 5 - ბრინჯაო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ორ წონაში, 90 კგ-სა და მძიმეში, ქართული ფინალი გაიმართა, თანაც, ორივე საინტერესო შედეგით დასრულდა.

90-ში ბექა ღვინიაშვილმა საბერძნეთის ტურნირზე მარცხისთვის ლაშა ტაველურს აუღო რევანში, მძიმეში კი გიორგი ზაქარიაძემ ლევან მატიაშვილს აჯობა, ვინც უკვე საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების წევრია.

ტაველურისა და მატიაშვილის გარდა, ვერცხლის მედალი უშანგი მარგიანმაც (81) მოიპოვა, მესამე ადგილზე კი
ლუხუმ ჩხვიმიანი
(60), ლევან გუგავა (73), გურამ თუშიშვილი, თორნიკე ოთინაშვილი (ორივე - 100) და როსტომ ხახალეიშვილი (+100) გავიდნენ.

ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა გუშინდელი დღე, როცა ერთბაშად რვა მედალი ირგუნეს, თორემ პირველ დღეს მხოლოდ ორს ბრინჯაოს გამოჰკრეს ხელი.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი გუგავას ევროპის პირველობის წინ ჩინებული რეპეტიცია გამოუვიდა - ეს ნაკრებისთვის ბოლო საკონტროლო-შესარჩევი ტურნირი იყო, რომლის შედეგებიც დიდწილად განსაზღვრავდა ნაკრების საბოლოო შემადგენლობას.

თუმცა გუგავას საფიქრალიც მოემატა, რადგან ზოგიერთ წონაში კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდა. თუნდაც იმავე 90-ში, სადაც ადრე თუ ტაველურმა ალალად მოუგო ღვინიაშვილს, ახლა ამ უკანასკნელმა იმარჯვა. ეტყობა, მან საბოლოოდ მოირჩინა ტრავმები და შედეგიც მოვიდა.

მატიაშვილი გაფრთხილებებით დამარცხდა ზაქარიაძესთან, რისი მიზეზიც, შეიძლება, ის იყოს, რომ ბოლო კვირეებში ბევრგან მოუწია ჭიდაობამ.

საინტერესოა, რომ ამ წონის ნახევარფინალში ოთხი მონაწილიდან 3 ქართველი იყო - ვიდრე მატიაშვილი ფრანგ ნაბი ზალაგს მოუგებდა, მანამდე ზაქარიაძემ ხახალეიშვილი დაამარცხა.

ძალიან კარგად იჭიდავა ჩხვიმიანმაც, რომელმაც ყველა მოგებულ ორთაბრძოლაში იპონით იმარჯვა; მისასალმებელია ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ თუშიშვილის მედალიც, თუმცა ამ ბიჭს ახალგაზრდულ ნაკრებში ადაპტაციის პერიოდი, თითქოს, ცოტა გაუგრძელდა. სამწუხაროდ, აქ ჩვენი ორივე მედალოსანი, თუშიშვილიც და ოთინაშვილიც, ერთ მეტოქესთან, გერმანელთა მომავალ ფინალისტ ლეონ შტუბერთან დამარცხდა.

ყველას წარმატება გასახარია, მაგრამ ვფიქრობთ, 81 კილოგრამში მოპოვებული მედალი მაინც გამორჩეულად საყურადღებოა, რადგან ამ წონაში საკადრო პრობლემებია.

ნაკრები უახლოეს დღეებში დაბრუნდება თბილისში და ევროპირველობისთვის მზადებას საქართველოში შეკრებებით გააგრძელებს. გუგავაც მაშინ გამოაცხადებს საევროპო შემადგენლობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული