მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მესამე დღესაც უმედლოდ დავრჩით. ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73) დამარცხდნენ.

წინა დღეებისგან განსხვავებით, 28 აგვისტოს მეტოქემაც გვაჯობა - რეხვიაშვილის შემთხვევაში, თუმცა ტატალაშვილმა გუნდის უცნაურ ტრადიციას არ უღალატა და თავისივე დაუდევრობას ემსხვერპლა.

ტურნირზე ჯერ კიდევ გვრჩება ხუთი მონაწილე და ღმერთმა ქნას, საერთო მდგომარეობა მათ მაინც გამოასწორონ, მაგრამ რაც აქამდე ვნახეთ, იმის მიხედვით უკვე შეიძლება თქმა, რომ ნაკრები სეზონის უმთავრეს ტურნირს კარგად მომზადებული ვერ შეხვდა. მართალია, საერთო დონე წინა წლებივით არცთუ
კატასტროფულია, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით არც მსოფლიოს ჩემპიონატს ჰყოფნის.

ძალიან კარგი, დარჩენილ წონებში რაც უფრო წარმატებით გამოვალთ, თუმცა მჩატე წონებმა მეტისმეტად ბევრი სამსჯელო და საფიქრალი დაგვიტოვა. გვესმის, რომ ვიღაცას ტრავმამ შეუშალა ხელი, ვიღაცამ მზადების სრულყოფილი ციკლი ვერ გაიარა, მაგრამ ჩავლილ სამ წონაში გუნდს არა ასე ინდივიდუალური, არამედ საერთო ტიპის პრობლემები გამოაჩნდა - წაგება საკუთარი ბავშვური, მიუტევებელი შეცდომებით; არასათანადო ფიზიკური მომზადება, გამძლეობა, სუნთქვა...

სამწუხაროდ, ისევ იჩინა თავი ერთმა ძველმა სენმა, რაც ბოლო თვეებში ნანახიდან გამომდინარე, მოგვარებული გვეგონა - ჩოქბჯენში ჭიდაობას ისევ ხშირად გაურბიან, ვერც დროის გაყვანაზე ზრუნავენ სათანადოდ. ეტყობა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და რასაც ბავშვობიდან არ ეჩვევიან, იმას ვერც ეგუებიან.

ნუთუ განმეორდება ბოლო წლების ცუდი ტრადიცია, როცა სეზონის პირველ ნახევარში კარგად ვჭიდაობდით ევროპის ჩემპიონატში, მაგრამ სუსტად გამოვდიოდით წლის ბოლოს, სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებში, მსოფლიოს პირველობა-ოლიმპიადაზე?

მერვედფინალური დრამა
28 აგვისტოს ორივე ჩვენებური მერვედფინალიდან გამოვარდა - რეხვიაშვილი ევროპის წლევანდელ სლოვენიელ ჩემპიონ როკ დრაკშიჩთან იუკოთი დამარცხდა, რისი გაქვითვაც დაღლილობის გამო ვერ შეძლო, ტატალაშვილმა კი წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა ყაზახ დასტან იკიბაევთან - უბრალოდ, ფეხები აებლანდა ერთმანეთში.

პირველი შეხვედრები ჩვენებმა იოლად მოიგეს (ოღონდ რეხვიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა და მეორიდან ჩაერთო ტურნირში), განსაკუთრებით - ტატალაშვილმა, რომელმაც სულ რაღაც 24 წამში ჯერ იუკო აართვა ჩილელ ტომას ბრინგასს, მერე იპონზეც დააგდო.

ამ მომენტში მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დროულად უკარნახა, ფეხი გამოუსვიო. შეგირდმაც, რომელსაც ჩავლებით მყარად ეჭირა მეტოქე, დაუჯერა და უსწრაფესი გამარჯვება მიითვალა.

ჯაფა არც რეხვიაშვილს დასდგომია დომინიკელ ფაუსტო ბივიცასთან - სამი გაფრთხილება სწრაფად მიაღებინა და მწვრთნელი ურჩევდა კიდეც, ძალა არ დაეხარჯა ილეთებზე, გაფრთხილებებით მოეხსნევინებინა, მაგრამ ზებედას სულმა წასძლია და ჯერ ვაზარზე დააგდო, ზუსტად მესამე წუთზე კი მოგვერდით საიპონედ წამოიღო.

მეორე შეხვედრაში ტატალაშვილმა უნგრელი ატილა უნგვარიც უპრობლემოდ დაამარცხა - მწვრთნელის მითითებათა დარად, ჩავლებით უთიშავდა მარჯვენა ხელს, არ უთმობდა ინიციატივას და აქტიურობდა, რის შედეგადაც გაფრთხილებებით მოახსნევინა. ეს მისთვის პრინციპული პაექრობა იყო, რადგან უნგრელთან წლეულს ევროპის გუნდურ პირველობაზე წააგო.

რეხვიაშვილმა ამ სეზონში მესამედ დაჯაბნა რუსი მურატ კოძოკოვი, თუმცა ტურნირზე პირველად დაეტყო დაღლა (რაც მისთვის თანამდევი პრობლემაა) და მეორე ნახევარში გვარიანად გაუჭირდა. ოღონდაც ვერ ვიტყვით, რომ რუსთა ყაბარდოელს დიდი შანსი მისცა. პირიქით - სწორი ჩავლებით მთელ შეხვედრას რეხვიაშვილი აკონტროლებდა, ზუსტად 2 წუთის შემდეგ კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომა, როცა მიახტა და ბრუნზე გაისროლა. თავიდან მსაჯებმა ვაზარი მისცეს, მაგრამ მერე იუკოდ გადააკეთეს, თუმცა მოსაგებად მაინც საკმარისი იყო.

ტატალაშვილმა ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსაც იოლად სძლია - გააფრთხილებინა კიდეც, ხოლო დამთავრებამდე 2.15 წუთით ადრე კარგად შემოუარა ზურგიდან და წინ ვაზარზე გადააგორა. ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, ოღონდ დასრულებამდე 2 წამით ადრე გამოვლენილმა დაუკვირვებლობამ ყაზახთან დაღუპა - ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვის ნაცვლად შეტევა სცადა და კინაღამ კონტრილეთზე წამოეგო.

დელპოპოლომ შანსი ვერ გამოიყენა, იკიბაევმა კი არ აპატია - ქართველს ფეხი აებლანდა და იმანაც უკან იპონზე გადაჩეხა. არადა, არაფერი მოასწავებდა საილეთე ეპიზოდს.

ტატალაშვილმა შეხვედრის დასაწყისშივე ტრავმა კი მიიღო - თავით დაეცა და გაუჭირდა წამოდგომა, მაგრამ ასეთი მიამიტური შეცდომა მაინც არ უნდა დაეშვა. ამ დროს რეხვიაშვილი რამდენიმე წუთის გამოვარდნილი იყო - დრაკშიჩთან ყოჩაღად კი დაიწყო და გაფრთხილებაც მიაღებინა, მაგრამ შეხვედრის ბოლოსკენ დაღლა ძალუმად დაეტყო და შეტევის ტემპი ვერ გაზარდა.

სატურნირო ამბები
28 აგვისტოს ჩემპიონატში რამდენიმე აღსანიშნავი ამბავი მოხდა: პირველად დაირღვა აზიური ფინალის ტრადიცია და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ამჯერად ფრანგი უგო ლეგრანიც ჩაერია. თუმცა ევროპის ჩემპიონს, ოლიმპიადისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორს ხელი მოეცარა და ვერცხლს დასჯერდა.

ამბიციურმა ბრაზილიამ პირველი ოქრო მოიპოვა - ქალებში რაფაელა სილვამ მოუტანა; ევროპამ ქალებშიც და ვაჟებშიც 5-ით გაზარდა მედლების რაოდენობა; ბელგიელმა დირკ ვან ტიხელტიმ და ჰოლანდიელმა დექს ელმონტმა მეორედ მოიპოვეს მსოფლიოს ბრინჯაო...

28 აგვისტოს იაპონია ქალებში უმედლოდ დარჩა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვაჟებში ისევ გაგრძელდა მათი ჰეგემონია. ამჯერად დღის ტრიუმფატორად იქაურთა მორიგი ამომავალი ვარსკვლავი, 21 წლის შოჰეი ონო მოგვევლინა, რომელმაც ფინალში ლეგრანს ორჯერ ამოუსვა წარმატებით - პირველად იუკოზე დააგდო, მეორედ - იპონზე.

კვარცხლბეკი
ვაჟები
73 კგ. 1. შოფეი ონო (იაპონია); 2. უგო ლეგრანი (საფრანგეთი); 3. დირკ ვან ტიხელტი (ბელგია), დექს ელმონტი (ჰოლანდია).
ქალები
57 კგ. 1. რაფაელა სილვა (ბრაზილია); 2. მარტი მალოუ (აშშ); 3. ვლორა ბედეტი (სლოვენია), მირიამ პოპერი (გერმანია).

* * *
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა და ვაჟთაგან 29 აგვისტოსაც თითო წონა იჭიდავებს - 57 და 81 კილოგრამები. ჩვენ კი კვლავაც ორი კაცი გვეყოლება საქომაგო - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური.

ორივე განთესილთა შორისაა - ჭრიკიშვილი სულაც მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერია, ხოლო წიკლაურმა, რადგან არ ჭიდაობს უძლიერესი კორეელი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯაე-ბუმ კიმი, ერთი ადგილით წინ წაიწია და ტურნირზე მეექვსეა.

ამით ჩვენებურები ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, თორემ ადრინდელი განლაგებით, მათი გზები ადრევე იკვეთებოდა.

პირველ წრეში ორივე ქართველი ისვენებს, მეორეში კი ჯერჯერობით მხოლოდ წიკლაურის მეტოქეა გარკვეული - ჩეხი იარომირ მუსილი. ისინი მხოლოდ წლეულს შეხვდნენ ერთმანეთს - ორჯერ და ორივეჯერ ქართველმა იმარჯვა - დიუსელდორფში, "დიდ პრიზზე" და ბაქოს "დიდ მუზარადზე".

მასთან წარმატების შემთხვევაში ჩვენებური მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარსა და ჩინელ ვენტაო ჭანს შორის მოგებულს შეხვდება. სავარაუდოდ, ეს მონღოლი იქნება, რომელსაც წიკლაური არ შეხვედრია.

აი, ამ წრესაც თუ გაივლის, მეოთხედფინალამდე არ უნდა გაუჭირდეს, რადგან იქამდე ნაკლებად ცნობილი ამერიკელის გარდა, ისეთი არასაჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება, ავსტრალია, ანგოლა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ახალი ზელანდია რომ არიან.

მეოთხედფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის იაპონელი აზიის ვიცე-ჩემპიონი კეიტა ნაგაშიმა და ხორვატი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტომისლავ მარიჯანოვიჩი არიან. ნაგაშიმასთან წიკლაური წლეულს მასტერსზე დამარცხდა, მარიჯანოვიჩს კი 4 პაექრობიდან 3 მოუგო. ის ერთიც ევროპის წლევანდელ პირველობაზე დათმო, თუმცა რევანში მალევე აუღო ბაქოს "მუზარადზე".

ევროპის ჩემპიონი ჭრიკიშვილი უფრო იოლ ჯგუფშია. ის თავიდან ისვენებს, მასთან შესახვედრად კი ბელორუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრ სტიაშენკა და ლატვიელი ევროპის პრიზიორი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იჭიდავებენ.

ბელორუსს ქართველმა 4-დან ბოლო სამი პაექრობა მოუგო, ლატვიელმა კი შარშან ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაათმობინა - ეს მათი ერთადერთი შეხვედრაა.

ამათ გარდა, ჩვენებურს მერვედფინალამდე ღირებული მეტოქე არც ჰყავს, იქ კი მეტ-ნაკლებად ცნობილთაგან ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს? კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი (+2, ორივე შეხვედრა წლეულს მოუგო), გერმანელი სვენ მარეში (-2), ფრანგი ალაინ შმიტი (ჯერ არ შეხვედრია) და ამერიკელი ტრევის სტევენსი (+2,-1).

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მტკივნეული მარცხი - ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული