ძლევაი საკვირველი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა რიო დე ჟანეიროში 1 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში და ისევ გაიმარჯვა, თუმცა ფინალში რუსეთთან მოგება ფრიად დრამატული და ძნელი გამოდგა.

ძიუდოს გუნდურ პირველობებზე ჩვენი და რუსების მეტოქეობას დიდი ისტორია აქვს. საბედნიეროდ, ისტორია მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის და უკან არასოდეს ბრუნდება.

ბოლო წლებში რუსებს მოვუგეთ ბოლო ორი პირველობის ფინალში, შარშან სულაც - მათსავე ჩელიაბინსკში.

ამჟამინდელი გამარჯვება ადამ ოქრუაშვილმა (+100) მოგვიტანა, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო 2:2-ზე (მსგავს სიტუაციაში მას ადრეც გადავურჩენივართ), თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს
მსოფლიოს ახალი ვიცე-ჩემპიონების - ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81) და ვალერი ლიპარტელიანის (90) ბრწყინვალე გამოსვლა არა მხოლოდ ფინალში, არამედ მთელ ტურნირზე. მათ ოთხივე პაექრობა მოიგეს და ლომის წილი შეიტანეს საერთო გამარჯვებაში.

თავისი მნიშვნელობით, გუნდური პირველობა ჩამორჩება პირადს, მაგრამ 1 სექტემბერს გამართული ტურნირი თუნდაც იმიტომ იყო საინტერესო, რომ ნაკრების წევრთა უმეტესობამ ძალზე კარგად იჭიდავა.

მაგალითად, ევროპის პრიზიორმა ზებედა რეხვიაშვილმა (73) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მაღალი დონის მოჭიდავეა, თუ დაღლილი არაა. მართალია, მან ორიდან ერთი შეხვედრა წააგო, მაგრამ იქაც კი ძალზე ძლიერად გამოვიდა, არათუ მოგებულში. ასევე ყველა შეხვედრაში იასპარეზა ოქრუაშვილმაც და მხოლოდ ერთი წააგო - ფრანგ ტედი რინერთან. ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) ორჯერ იჭიდავა და ორივე მოიგო.

სამწუხაროდ, ტურნირზე ერთი წონა ჩაგვივარდა - 66-ში ოთხივე პაექრობა წავაგეთ. აქ ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა სამჯერ იჭიდავა, ევროპის ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა - ერთხელ.

ჩვენებმა წინასწარ შეხვედრებში საფრანგეთსა და მონღოლეთს მოუგეს, ნახევარფინალში უზბეკებს აჯობეს, ფინალში - რუსებს. პირველი სამი ბრძოლა წყლის წვეთივით ჰგავდა ერთმანეთს - საწყისი პაექრობა ყოველ ჯერზე დავთმეთ, ანუ სამივე ჩამორჩენით დავიწყეთ; სამაგიეროდ, მომდევნო სამში ვიმარჯვეთ და ვადამდელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საინტერესოა, რომ სამივე ერთნაირი ანგარიშით მოვიგეთ - 4:1, ხოლო ადამ ოქრუაშვილს სამჯერვე მოგებულ, ანუ არაფრისმომცემ შეხვედრაში მოუწია ჭიდაობა, თუმცა სტიმული კი ყოველთვის დიდი ჰქონდა და კარგადაც გაისარჯა.

პირველ წრეში ჩვენებმა ფრანგებს 3:2 სძლიეს, თუმცა თავიდან "მამლები" დაწინაურდნენ - შავდათუაშვილი (66) დავიდ ლაროსესთან დამარცხდა. ტატალაშვილმა (73) მძიმე ბრძოლაში გაათანაბრა - პიერ დუპრატის გაფრთხილებით მოუგო - 1:1. ჭრიკიშვილმა პირადი პირველობის ფინალში მარცხისთვის ღირსეული რევანში აუღო ლოის პიეტრის, რომელიც ორჯერ ვაზარიზე დააგდო - 2:1.

ამ შეხვედრაში ის უფრო აქტიურიც იყო და განსხვავებულადაც ეჭიდავა - ახლოდან, მყარი ჩავლებით. პირველი ვაზარიც ამან მოუტანა - მაჯებიდან კისრულზე გადაიქნია, მეორედ კი ამოსმულით უწია მიზანს.

ფრანგებთან გამარჯვება ლიპარტელიანმა განაპირობა, რომელსაც აქსელ კლერჟი ფეხში ხელით შესვლისთვის მოუხსნეს - 3:1.

ბოლო შეხვედრაში რინერიმ თავიდან იუარა ოქრუაშვილთან გასვლა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და მაინც იჭიდავა. ჩვენებური ბევრს კი ეცადა მის წაქცევას, მაგრამ მხოლოდ იმას გამორჩა, რომ ილეთი არ გაატარა, თუმცა გაფრთხილებებით წააგო.

მეოთხედფინალში მეტოქედ მონღოლეთი გვერგო, რომელთანაც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ორი მონაწილე შეცვალა - შავდათუაშვილის ნაცვლად პაპინაშვილი დააყენა, ტატალაშვილს კი რეხვიაშვილი ამჯობინა.

პირველმა ცვლილებამ ვერ გვარგო, მეორემ კი გაამართლა - პაპინაშვილმა გაფრთხილებით წააგო ტუმურკულეგ დავაადორჯთან, რეხვიაშვილმა კი პირდაპირ გააცამტვერა მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი - ორჯერ ვაზარიზე დააგდო.

ჭრიკიშვილმა ნიამ-ოშირ საინჯარგალთან კიდევ ერთხელ გამოავლინა ის თვისებები, რითაც პირადი პირველობიდან დაგვამახსოვრა თავი - სისწრაფე, კოორდინაცია, გამართული ტაქტიკა. მართალია, ქულა არ მოუპოვებია, მაგრამ არც თავად დაუთმია რამე. პირიქით - მთელ შეხვედრაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მონღოლი გდებებზეც გადაურჩა. მან ორთაბრძოლა გაფრთხილებებზე ააგო და მიაღწია კიდეც საწადელს.

ლიპარტელიანმა სულ მთლად გაასაცოდავა ცოგტგერელ ხუტაგი - ჯერ ვაზარი აართვა, მერე - იუკო, ბოლოს კი იპონზეც დაახეთქა.

ოქრუაშვილს აქაც თავი ქუდში ჰქონდა, თუმცა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონ ნაიდან ტუვშინბაიართან მოტივაციაც უხვად გააჩნდა და შემართებითაც იბრძოლა - ჯერ ვაზარიზე დაახეთქა, მერე კი მშვენიერი მოგვერდით იპონი მიითვალა - 4:1 ჩვენს სასარგებლოდ.

ნახევარფინალში ბრძოლა უზბეკეთთან მოგვიხდა, რომელმაც წინა ეტაპზე ტურნირის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა - იაპონიას 3:2 მოუგო, თუმცა ფავორიტებს ერთი კაცი აკლდათ. უზნაძემ ამ ორთაბრძოლაში შემადგენლობაში ისევ დააბრუნა შავდათუაშვილი, მაგრამ ის კვლავ დამარცხდა - ამჯერად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რიშოდ სობიროვთან იპონით.

ტრავმირებული ოლიმპიური ჩემპიონი ვერაა ფორმაში და ძველ კონდიციებამდე ბევრი უკლია. შეხვედრის შუაწელში იყო ეპიზოდი, როცა ვარდნაში ბრუნზე უპირებდა დატრიალებას, მაგრამ ძალა აღარ ეყო ილეთის დასასრულებლად და სობიროვმა იქით დააგდო ვაზარიზე, მერე კი საიპონედაც გამოცელა.

ტატალაშვილმა კვლავ უმძიმეს ბრძოლაში, დამატებით დროში მოიგო მირალი შარიპოვთან, როცა ორივეს 3-3 გაფრთხილება ჰქონდა. საბედნიეროდ, დამატებითში ჩვენებურმა გარეფეხით იპონზე მოცელა მეტოქე.

ჭრიკიშვილმა იაკიო იმამოვს ჯერ ვაზარი აუღო - წელიდან აყვანილი გადააგდო, მერე კი შესანიშნავი ფიზიკური მომზადების ხარჯზე იპონზე დასცა - ბეჭებში ჩავლებით გვერდზე მოისროლა იმამოვი, ვისაც წლეულს პარიზული ზეპრესტიჟული ტურნირის ფინალში მარცხის ჯავრიც თან გააყოლა.

ვადამდელი გამარჯვება ისევ ლიპარტელიანმა გამოჭედა - ბევრი არ გვანერვიულა და ერკინ დონიაროვი შებოჭა. აქ მან ჩოქბჯენში ჭიდაობის კარგი მაგალითი გამოავლინა, რაც ადრე ჩვენებისთვის სუსტი წერტილი იყო - მეტოქე დაბლა რომ დაეცა, ეს თან მიჰყვა, თუმცა შესაბოჭი ვითარება თითქოს არ ჩანდა, მაგრამ იმ კოტრიალში ქართველმა დაიჭირა კიდეც.

თანაგუნდელს არც ოქრუაშვილი ჩამორჩა და თუმცა მოგება გარანტირებული იყო, მაინც შებოჭა სოიბ ყურბანოვი.

ფინალში შავდათუაშვილი ალიმ გადანოვთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა - ჯერ გაფრთხილებებით ჩამორჩა, ბოლო წუთზე კი ორჯერ გაუფრთხილებლად მიახტა მეტოქეს, რომელმაც შანსი გამოიყენა. გადანოვის ამ მოგებით ტრიბუნებზე თეა დონღუზაშვილიც აქტიურად ხარობდა.

უზნაძემ ფინალში ისევ დააბრუნა რეხვიაშვილი, ვისაც აქამდე სამჯერ მოეგო მურატ კოძოკოვთან. ბოლოს - ამ ჩემპიონატზეც, ოთხიოდე დღის წინ. ზებედა ახლაც იგებდა - ლამის იმავე ილეთით, როგორითაც პირადში მოუგო, ახლაც აუღო ვაზარი და იუკო, მერე კი კინაღამ შებოჭა კიდეც. სამწუხაროდ, ის ზედმეტად გაერთო შეტევებში. შეიძლება, დადებითმა ბალანსმაც ავბედითი სამსახური გაუწია და დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ამოსმულის საშუალება მისცა - იპონი და 0:2 რუსთა სასარგებლოდ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩვენებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ - სამივე ბრძოლა უნდა მოგვეგო, რაც ქართულმა ტრიომ წარმატებით შეასრულა. მერე რა, თუ სამივემ გაფრთხილებით მოიგო - ეს მათ მიღწევას არ აკნინებს, რადგან იმასაც უდიდესი შრომა სჭირდება.

ჭრიკიშვილმა კარიერაში მესამედაც მოუგო ევროპის ორგზის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს - ამჯერადაც პირწმინდად დაჩაგრა. ამ ორთაბრძოლისას რეჟისორებმა ლიპარტელიანიც გვაჩვენეს, რომელიც აშკარად ნერვიულობდა - მას ხომ კირილ დენისოვი ელოდა წინ. ეს მართლაც ქანცის გამწყვეტი და დრამატული ბრძოლა იყო, სადაც ისევ ქართველმა იმარჯვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა 34 წლის ალექსანდრ მიხაილინს, რომ მისი დრო წავიდა - მასთან აქამდე ოთხჯერ წაეგო, ახლა კი ერთ ტურნირზე ორჯერ მოუგო. ჩვენებური გაფრთხილებებითაც დაწინაურდა, მაგრამ მალევე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და შებოჭა. ქანცგაწყვეტილმა რუსმაც მყისვე დაურტყა ხელი მოგების ნიშნად.

ქართველთა სიხარული ბრაზილიელმა დიქტორმაც გაიზიარა, რომელმაც დარბაზში საქართველო ქართულადაც გამოაცხადა, სხვა მედალოსნები კი მათ მშობლიურ ენაზე არ დაუსახელებია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი
კვარცხლბეკი
ვაჟები
1. საქართველო 2. რუსეთი 3. გერმანია, იაპონია

ქალები
1. იაპონია 2. ბრაზილია 3. კუბა, საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: შეგვრჩა მხოლოდ ვერცხლი
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: სად არის ჩვენი წილი ოქრო?! [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ვერცხლით გატეხილი ნავსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა უდიდესი სიხარულისთვის!!! და ჰიმნის დროს ცოტა ღირსეულად ბიჭებო!..
maqsime mesxi
17:35 02-09-2013
0
გილოცავთ, გილოვაცთ, გილოცავთ ყველას!დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი დიდი სიხარულისათვის!უფლის წყალობით ბევრი მოგეგოთ, ბევრჯერ გაგეხარებინოთ ქართველები და ბევრჯერ გვეგრძნოს ასეთი სიამაყე!ათაჯერ უფრო ამაყი ვიყავი როცა მოწინააღმდეგე რუსეთი იყო!აფერუმ ტვენს ვაჟკაცობას!
tatuna
15:00 02-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული