მოგეხსენებათ, მთავარი მწვრთნელის, გია გუგავას გადაწყვეტილებით, ამ გუნდმა ევროპის პირველობაზე სახეცვლილი შემადგენლობით იჭიდავა - მან აქცენტი იმ მომენტში ყველაზე უკეთ მომზადებულებზე გააკეთა და რაკი ახალი წესები რამდენიმე წონაში გაორების საშუალებას აძლევდა, ზოგან ორ-ორი მონაწილე წაიყვანა, ზოგიერთი წონა კი საერთოდ გამოტოვა.
გუგავამ შემადგენლობა მსოფლიოს პირველობის წინაც გადაახალისა, თუმცა დაკომპლექტება ჯერაც არ დასრულებულა - გასარკვევია სწორედ
თუმცა მწვრთნელი წონის გამოტოვებას ვერც ამჯერად ასცდა - ახლა 60-ში არ გვეყოლება მონაწილე.
არადა, ევროპაზე აქ ორი ათლეტით წარვსდექით, მაგრამ უმედლოდ დავრჩით - ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა, ლუხუმ ჩხვიმიანი კი მეხუთეზე გავიდა.
ევროპის დარად, გუგავამ აქცენტი ამჯერადაც მედლის მოპოვების ყველაზე რეალურ კანდიდატებზე გააკეთა და ამჯერად ამ წონას გვერდი აუარა - ჩანს, მათი დონე არ აკმაყოფილებს.
ჩხვიმიანზე ვერაფერს გეტყვით, მარგველაშვილს კი წონის შეცვლას ურჩევს და სარაევოში მის წაგებასაც ბევრი დაკლებით ხსნის. აქედან გამომდინარე, მარგველაშვილის მსოფლიოზე წაყვანა გამორიცხული იყო.
გუგავამ სლოვენიაში წასაყვანად უკვე შეარჩია შემდეგი ფალავნები:
ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ბექა დონღვანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90), გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100).
ამათგან ევროპის პირველობაზე მხოლოდ გიგანსა და დონღვანს არ უჭიდავიათ. ღვინიაშვილი და თუშიშვილი სარაევოში ჩემპიონები გახდნენ, მატიაშვილი მეორეზე გავიდა, გუგავა და ზაქარიაძე - მესამეზე.
აღსანიშნავია, რომ გუგავასა და გიგანის დუეტი ჭაბუკთა ნაკრებიდან ერთად მოდის და ეს წყვილი, მგონი, წლეულს პირველად დაიშალა. კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ისინი ლამის მუდმივად ადიოდნენ კვარცხლბეკზე და მედლებს წყვილად იგებდნენ.
რაც შეეხება იმ ვაკანტურ ორ წონას, 55-ში პრეტენზიას ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე და გიორგი საჩალელი აცხადებენ, 66-ში კი სამი პრეტენდენტია - საქართველოს ჩემპიონი უფროსებში ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი და გელა კელიხაშვილი.
გუგავა ორივე წონაში თითო კაცს თუ დააყენებს, რადგან სავალდებულო 10-კაციანი კვოტიდან 8 უკვე შერჩეული ჰყავს. საკონტროლო შეხვედრები 14 ოქტომბერს დაიწყება და ოთხ დღეს გასტანს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენსაც - მსოფლიოს პირველობა.
ჩვენი გუნდი ამჟამად კვლავ გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში გადის შეკრებას, სადაც ევროპირველობის წინაც ემზადებოდნენ. ოღონდ მაშინ მათთან ერთობლივ ვარჯიშზე თურქებიც იმყოფებოდნენ, ახლა კი მარტონი ემზადებიან, სპარინგ-პარტნიორობას კი გორელი ძიუდოისტები უწევენ.
ნაკრები იქ შეკრებაზე 20 ოქტომბრამდე დარჩება, 21-ში კი სლოვენიაში გაფრინდება. მსოფლიოს ჩემპიონატი ლუბლიანაში 23-27 ოქტომბერს ჩატარდება. პირველ დღეს ბიჭებიდან 55-60, გოგოებიდან კი 44-48 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ. 24 ოქტომბერს ტატამზე 66-73-კილოგრამიან ბიჭებს და 52-57-კილოიან გოგონებს ვიხილავთ.
ბოლო ორი დღე ასეა განაწილებული: 25-ში საასპარეზოდ 81-90-ის ბიჭებსა და 63-70-ის გოგონებს ვიხილავთ, 26-ში კი ზედა ორ-ორი უმძიმესი წონის გოგო-ბიჭები იჭიდავებენ. ეს ჩემპიონატი გამორჩეულია იმით, რომ პირველად ჩატარდება გუნდური პირველობა ახალგაზრდებში. 27 ოქტომბერი სწორედ ამ შეჯიბრებას დაეთმობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"