გია გუგავა: ასეთი განწყობა, მონდომება და ჟინი იშვიათია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 29 ოქტომბერს, დილით დაბრუნდა სლოვენიიდან, სადაც წარმატებით იჭიდავა თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში; შუადღისას კი პრესკონფერენცია გამართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ლუბლიანაში ჩვენებმა პირად პირველობაში 3 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო, გუნდური ტურნირი კი მოიგეს და უფროსთა დარად, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

პრესკონფერენციას, მედალოსნებთან ერთად, ძიუდოს ფედერაციისა და სამინისტროს ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მილოცვების გარდა, შეხვედრაზე სამომავლოდ ქართულ ძიუდოში დაგეგმილ საინტერესო პროექტებზეც ისაუბრეს.

მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ
კვლავ გრძელდება მუშაობა 2014 წელს "დიდი პრიზის" ტურნირის სამასპინძლოდ, რომელიც მომდევნო წლებში სალიცენზიო სტატუსსაც მიიღებს; კვლავაც აქტუალურია და მიდის მუშაობა საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებაზე... გთავაზობთ პრესკონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებს.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "ჩვენმა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს, ამჯერად - ახალგაზრდებმა.

ქართულმა სპორტმა წლევანდელი სეზონი, პრაქტიკულად, დაასრულა და სასიამოვნოა ასეთი გამარჯვებით დამთავრება.

მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს წარმატება. სასიამოვნოა, თქვენი შრომა ასე რომ დაფასდა. იმედია, ახლა ანალიზის დროც დადგება, სად შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტის გაკეთება და რა დაგვაკლდა საამისოდ; რითი შეიძლებოდა ქართულ ძიუდოში არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენება.

ძიუდო სპორტის პრიორიტეტული სახეობაა და თქვენ გაქვთ ძალა, სამომავლოდაც გაახაროთ გულშემატკივარი. გვინდა, სამინისტრო, სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტად დაგეხმაროთ.

ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ფედერაციასთან და მჯერა, ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებები ძიუდოზეც აისახება. მით უფრო, ფედერაციასთან ერთად საინტერესო პროექტებს ვგეგმავთ.

ამ წარმატებაში დიდი შრომაა ჩადებული და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მოპოვებული ასეთი დიდი გამარჯვებისთვის. მინდა, სამომავლოდაც წარმატებები გისურვოთ".


დავით ქევხიშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): "მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმ შრომისთვის, რაც ამ წარმატების მოსაპოვებლად გასწიეთ.

განსაკუთრებით - ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გუგავას, აგრეთვე - ბიძინა მოხევიშვილს, გურამ მოდებაძეს და ყველა მწვრთნელს, სამედიცინო პერსონალს, მსაჯებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატების მოპოვებაში.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ასეთი რანგის შეჯიბრებაზე მსაჯი გყავს. ცხადია, დიდია სამინისტროს წვლილი, რომელიც არა მხოლოდ ამ შეჯიბრებისთვის მომზადებაში დაგვეხმარა, არამედ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას.

მართლაც მოხარული ვარ ამ დიდი წარმატებისა და სამომავლოდ ფედერაციის მხრიდანაც მაქსიმალური ყურადღება გექნებათ".


გია გუგავა (ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდის სახელით დიდ მადლობას გიხდით ასეთი დაფასებისთვის, ხოლო ნაკრებს მადლობას ვუხდი წარმატებისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო ბოლო დღე აღმოჩნდა - გუნდური ტურნირი, როგორც სანახაობრივი შეჯიბრება.

ის ჩვენთვის მართლაც გამორჩეული იყო. ასეთი განწყობა, მონდომება და ჟინი იშვიათია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქომაგი გაეხარებინათ.

განსაკუთრებით გამოვარჩევ პირადი პირველობის მედალოსნებს. ლერი ჭელიძე კარგად გამოვიდა, თუმცა ის ძალზე ნიჭიერია, უფრო მეტიც შეუძლია და, ვფიქრობ, ჩემპიონიც უნდა გამხდარიყო - ამის შანსი ნამდვილად ჰქონდა.

მატიაშვილიც უდავოდ ნიჭიერია, ხოლო ღვინიაშვილი განსაკუთრებული ამბავია - ამ შეჯიბრებაზე მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა მთელი მსოფლიო. ის მართლაც დიდი ტალანტი და გამორჩეულად ნიჭიერია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ის უდავოდ, ერთ-ერთი კანდიდატი იქნება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრისა.

მინდა, მადლობა ვუთხრა მწვრთნელებს. გუნდში ძალიან გამოცდილი, კარგი სპეციალისტები შეიკრიბნენ - გურამ მოდებაძე, ბიძინა მოხევიშვილი, რომლის მოსწავლეც პირადად ვიყავი გარკვეული წლები.

ასევე აღსანიშნავია სამინისტროს, ფედერაციის დახმარება - მათ ყველაფერი გააკეთეს ასეთ წარმატებამდე, ასეთ გამარჯვებამდე მისასვლელად.

მოსამზადებელი პერიოდი თითქმის უპრობლემოდ გავიარეთ, ყურადღება კი განსაკუთრებით სასიხარულოა.

ვფიქრობ, იმედები ჩვენც გავამართლეთ, თუმცა პირადში მეტიც შეიძლებოდა. გულდასაწყვეტია ზაქარიაძის წაგება, რომელსაც ბრინჯაომდე სულ რაღაც 18 წამი აშორებდა.

აგრეთვე - თუშიშვილის წაგებაც, რაც გამოუცდელობის ბრალია, თორემ იმ ბადეში მედალს აუცილებლად მოიპოვებდა.

ამ ნაკრებში გამოსვლა უკვე დაამთავრეს ლევან მატიაშვილმა, გიორგი ზაქარიაძემ, ფრიდონ გიგანმა, ვაჟა მარგველაშვილმა, დანარჩენები კი რჩებიან. ძირითადი ბირთვი კიდევ 2-3 წელიწადი იჭიდავებს ახალგაზრდულში".


ბექა ღვინიაშვილი (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი): "პირად პირველობაში გამარჯვებაც ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ გუნდურს სხვა მნიშვნელობა აქვს, იქ წარმატება ორმაგად სასიხარულოა. თან, გუნდურს სულ სხვანაირად ვჭიდაობთ. ყველას გილოცავთ ამ შედეგს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული