ბექა ღვინიაშვილი: არ მგონია, ვალერი ლიპარტელიანთან საპაექროდ ვიყო მზად

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილი 18 წლისა 26 ოქტომბერს გახდა, ოღონდ საკუთარ თავს საჩუქარი წინასწარ, ერთი დღით ადრე გაუკეთა და ლუბლიანაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო!

ქართველმა ძიუდოისტმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ კადეტთა შორის გაიმარჯვა, გასულ კვირას კი დუბლი ახალგაზრდებს შორისაც შეასრულა - ახალგაზრდებს შორის სექტემბერში მოგებულ ევროპირველობას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც წაამატა.

რუისელი ფალავნისგან არც წმინდად მოგებული შეხვედრები გვიკვირს, ლუბლიანის მსგავსად, ბექამ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ყველა მატჩიც ხომ ვადაზე ადრე დაასრულა გამარჯვებით! უკვე კარგა ხანია, ახალგაზრდა სპორტსმენი გვარს ამართლებს,
დაღვინებული, ზრდასრული ფალავანივით ჭიდაობს და აგერ, უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ მისი სახით ქართულ ძიუდოს ახალი ვარსკვლავი ეზრდება.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ბექა ღვინიაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა:

- ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ლუბლიანაშიც საჩემპიონო განწყობით ჩამოვედი. რამდენიმე შეხვედრაში დაღლილობა დამეტყო და სუნთქვის პრობლემებიც შემექმნა, რადგან უკანასკნელი სამი დღე ცოტა ვიავადმყოფე, მაგრამ მთავარია, ამან ჩემპიონობაში ხელი არ შემიშალა...

- ნაავადმყოფარმა თუ ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგე, ჯანმრთელი რაღას იზამდი?!
- თავს ვერც შეკრების დროს ვგრძნობდი კარგად, ამას გაციებაც დაერთო და... ყველაზე მეტად მეორე წრეში გამიჭირდა რუს რამაზან მალსიგენოვთან, დაღლილობა აშკარად მეტყობოდა, მაგრამ მაინც დავაიპონე. ნახევარფინალსა და ფინალში მეორე სუნთქვა გამეხსნა...

- ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ლუბლიანაშიც ყველა მატჩში იპონით გაიმარჯვე... ეს იმას ნიშნავს, რომ ბექა ღვინიაშვილს თავის ასაკში ბადალი არა ჰყავს?
- რადგან ევროპის ჩემპიონატზეც გავიმარჯვე და მსოფლიოზეც, ალბათ, ასეა (იცინის).

მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა უძლიერესი ძიუდოისტი ასპარეზობს და იქ ჭიდაობა გაცილებით რთულიც არის და საინტერესოც. სად ევროპელთან ჭიდაობა და სად - აზიელთან? მაგალითად, ფინალში რომ მოვუგე, ის ყაზახი მოჭიდავე ყველაზე გამოცდილი და ძლიერი იყო ჩემს დღევანდელ მოწინააღმდეგეებს შორის. ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული...

შემტევი სტილის მოყვარული ვარ და უმეტესად გდებების წყალობით ვიგებ ხოლმე. გაფრთხილების, მეტოქის პასიურობის ხარჯზე გამარჯვება არ მიყვარს! ქართული ჭიდაობის ტურნირებზე ხშირად მნახავთ და რა გასაკვირია, გდებები განსაკუთრებულად რომ მიყვარდეს?

გეთანხმებით, აქტიურ ჭიდაობას რისკიც ახლავს და შესაძლოა, მეტოქის კონტრილეთს "წამოეგო", მაგრამ ხომ იცით, ვინც არ გარისკავს, ვერც გაიმარჯვებს!

- 18 წლისას ასაკობრივ ტურნირებში უკვე ყველაფერი მოგებული გაქვს, მაგრამ დიდების ტურნირებზე გამოსვლა, ალბათ, ჯერ მაინც ადრეა შენთვის... შენც ასე ფიქრობ?
- ეს მწვრთნელებისა და მამაჩემის გადასაწყვეტია... თავად ნამდვილად არა მაქვს პრობლემა - ვიცი, რომ უფროსებშიც წარმატებით ვიჭიდავებ! მეტიც, მგონია, რომ დიდებში უკეთ ვიასპარეზებ, რადგან გამოცდილ სპორტსმენებთან ბრძოლა უფრო მიადვილდება, ვიდრე ახალბედებთან. რატომ? მიყვარს, როცა მეტოქე "მომყვება", დროის გაყვანას კი არ ცდილობს, მიტევს და ილეთის გასაკეთებლად იწევს...

- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი ჭიდაობს და თუ უფროსებში გადასვლას დააპირებ, ლიპოსთან მოგიწევს პაექრობა. მოგისინჯავთ ძალა? ტურნირებზე არა, მაგრამ, ალბათ, ვარჯიშის დროს მაინც გიჭიდავიათ...
- არა, ლიპოსთან ჯერ ნამდვილად არ მიჭიდავია. არც მგონია, ჯერ მასთან საპაექროდ ვიყო მზად. დანარჩენი კი, თუ შევხვდებით, ტატამზე გამოჩნდება.

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
მომავლის გუნდი - უფროსებისგან გადაბარებული ესტაფეტა
ოქრო დაბადების დღისთვის - ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილი: ყველაზე მეტად ნახევარფინალში პორტუგალიელთან გამიჭირდა
ბექა ღვინიაშვილის ვაჟკაცურმა საქციელმა ძიუდოს ევროპის კავშირიც აღაფრთოვანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული