ირაკლი უზნაძე ძიუდოისტთა სამომავლო გეგმებს ამხელს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა დაასრულა შეკრება იაპონიაში და სამშობლოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა ტოკიოში ჯერ ძიგორო კანოს მემორიალში იჭიდავეს, სადაც ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მერე კი იქვე ერთობლივი შეკრებებიც გაიარეს.

ამით ნაკრებმა წლევანდელი სეზონი დაასრულა, თუმცა შესვენების გარეშე უკვე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას - 16 დეკემბერს უკვე განაახლა ვარჯიში დიღომში, ძიუდოს აკადემიაში.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კმაყოფილია ტოკიოში შეკრებითა თუ ტურნირით.

"შეჯიბრებაზე ჩვენი ნაკრების გამოკვეთილ ლიდერებს - ჭრიკიშვილსა და ლიპარტელიანს შეეძლოთ ოქროს მედლის
მოპოვება, მაგრამ ჯერ არ არიან ოპტიმალურ ფორმაში. აქედან გამომდინარე, მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხებათ დებიუტანტებსა და დანარჩენებს, ყველამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იჭიდავა, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს, მაგრამ ტურნირის სიძლიერიდან გამომდინარე, უმედლოდ დარჩნენ.

თუმცა იქ წასვლისას ჩვენი მთავარი მიზანი არა მედლები, არამედ შეკრების გავლა იყო, რათა მომზადებულები შეხვდნენ მომავალ სეზონს.

ყველამ კარგად ივარჯიშა და, იმედია, ეს მომზადება გაისად წაადგებათ. ტურნირის შემდეგ 3 დღე იქვე დავრჩით ერთობლივ შეკრებაზე, მომდევნო 8 დღე კი ტოკიოშივე, კოკუშიკანის ძიუდოს კლუბში ვივარჯიშეთ, სადაც ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით.

იშვიათად, მჩატე წონებიდან დაწყებული, მძიმეებით დამთავრებული, ყველგან თანაბრად ძლიერი სპარინგები იყოს, ამჯერად კი ამის პრობლემა არ გვქონია, ყველა წონა მაქსიმალურად იტვირთებოდა", - გვითხრა უზნაძემ.

წლეულს ჩვენს ნაკრებს რამდენადმე განსხვავებულად მოუწევს საგაისო სეზონისთვის მზადება, რადგან ჩვენმა ტურნირმა იანვრიდან მარტში გადაიწია.

ადრე ისინი სეზონს სწორედ შინაური შეჯიბრებით იწყებდნენ და დეკემბერ-იანვარში აქცენტს იმისთვის მზადებაზე აკეთებდნენ, ახლა კი ცაიტნოტში აღარ არიან და უფრო მშვიდად მოემზადებიან.

ისინი სეზონს 8-9 თებერვალს პარიზის "დიდი მუზარადით" გახსნიან, მანამ კი შეკრებებსაც გაივლიან.

უზნაძეს მოსამზადებელ გეგმაზეც დავეკითხეთ.

"ამჯერად უცხოეთში აღარ მოვემზადებით და მთლიანად საქართველოში გავივლით შეკრებებს.

პირველ მათგანს, სავარაუდოდ, 8 იანვარს დავიწყებთ ბაკურიანში, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. მერე თბილისში დავბრუნდებით და პარიზის ტურნირისთვის აქ გავივლით, თუმცა ამ შეკრების გამართვის ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან ძიუდოს აკადემიაში რემონტი იგეგმება.

პარიზის ტურნირი გაისად ჩვენი პირველი შეჯიბრებაა, იმის შემდეგ კი ჯერ ავსტრიულ ობერვარტში გამოვალთ ევროპის ღია თასზე, ხოლო მერე დიუსელდორფში ვიჭიდავებთ "დიდ პრიზზე".

ამით საშეჯიბრო ნაწილსაც დავამთავრებთ და 24-27 აპრილს ფრანგულ მონპელიეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მიზანმიმართულ მზადებაზე გადავალთ.

ამ გეგმაში შედის 21-23 მარტს თბილისში გასამართი "დიდი პრიზიც", რომელიც საევროპო მზადების გზაზე ბოლო შეჯიბრება იქნება", - გვითხრა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალერი ლიპარტელიანი ტატამიდან ყავარჯნებზე გადავიდა

ავთანდილ ჭრიკიშვილი საკუთარ წონაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული