ლიპარტელიანი VS გონსალესი - ბრძოლა ტატამს მიღმა გრძელდება

AutoSharing Option
აგვისტოში, ბრაზილიაში, მსოფლიოს პირველობის ფინალში ვალერი ლიპარტელიანის დამმარცხებელი კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი დოპინგზე ჩავარდაო - ხმები ამის შესახებ ჯერ მხოლოდ ჭორად ისმის, თუმცა, ვინძლო, გამართლდეს.

ამ ჭორმა ჩვენამდე რამდენიმე კვირის წინათ მოაღწია, მაგრამ აქამდე თავს ვიკავებდით გახმაურებისგან - რაც უნდა იყოს, ჯერ ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, ქართველებს კი, დიდ ილიას თუ დავუჯერებთ, პირველი ევროპელი მეჭორეც ვერ აჯობებს.

ოღონდ მოვლენებს თვალს მაინც ვადევნებდით, ანუ პულსზე ხელი გვეჭირა და დღეს უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხმები ამის შესახებ უკვე მთელ მსოფლიოში მუსირებს.

ასე მაგალითად, იაპონიიდან, ძიგორო კანოს მემორიალიდან დაბრუნებულმა ჩვენმა სპორტსმენებმაც დაადასტურეს, რომ იქაც ღიად საუბრობდნენ.

ეს გვითხრა თავად ლიპარტელიანმაც, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, უფრო ადრე კი მოარული ხმები ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმაც დაგვიდასტურა...

ერთი სიტყვით, ვითარება ისეთია, ქართველთა ჭორაობა არაფერ შუაშია - კარგი, ჩვენ დაგვესიზმრა ან მოვიგონეთ, მაგრამ უცხოელებიც იგონებენ? ოღონდ ეგაა, ოფიციალურად არსად არაფერი დაწერილა, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და რაკი ამაზე ყველგან ლაპარაკობენ, მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტეთ გახმაურება, თუმცა ვიმეორებთ - არაფერს ვამტკიცებთ.

შინ თუ გარეთ არაერთხელ ვყოფილვართ ასეთი ჭორების გამართლების მომსწრენი. თან, ამ შემთხვევაში რამდენიმე გარემოებაც გვაეჭვებს.

უპირველესად, თავად იმ ფინალის სტენოგრამა - ნახევარფინალში გონსალესმა უმძიმესი და უძნელესი პაექრობა ჩაატარა ილიას ილიადისთან, შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა, თან ფინალამდე დასასვენებლადაც ცოტა დრო ჰქონდა და ლოგიკურად, დაღლილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამისი არაფერი ეტყობოდა.

პირიქით - მთელი შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და პირველი ეჭვებიც მაშინვე გაჩნდა... ვარაუდი კიდევ უფრო გააძლიერა მომდევნო გარემოებამ - იმ ფინალის შემდეგ კუბელს არსად უჭიდავია...

მართალია, როგორც ლიპარტელიანმა გვითხრა, თურმე მხარიც სტკივა, მაგრამ განა რა ტრავმა უნდა იყოს ასეთი, რომ გამაყუჩებლებითაც ვერ ეჭიდავა? ის არც ტოკიოში ჩასულა ერთობლივ ვარჯიშებზე, თუმცა ერთიცაა, რომ კუბელებმა მსოფლიოს შემდეგ თითქმის ყველა დიდი ტურნირი გამოტოვეს.

ისე ნუ გაგვიგებთ, თითქოს ვინმეს ცუდი გვიხაროდეს, მაგრამ თუ კუბელის დისკვალიფიკაცია დადასტურდა, მაშინ ოქროს მედალი ლიპარტელიანს გადაეცემა. სხვა გაგრძელება წარმოუდგენელია - ძიუდოში იქნებ მსგავსი პრეცედენტი ბოლო წლებში არ ყოფილა, მაგრამ არც ჩემპიონი ჩავარდნილა.

გამონაკლისი ლეგენდარული ჩინელი მძიმეწონოსანი ქალი, მსოფლიოს შვიდგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ვენ ტონგი იყო, რომელსაც ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა მისი საქმე იმთავითვე თეთრი ძაფით იყო ნაკერი - ღიად ამბობდნენ, რომ მეტოქეებმა "გაუჩალიჩეს".

მაშინ ტონგი ცოტა უცნაურად იმართლებდა თავს - იმ შეჯიბრების წინ გოჭის ხორცი ვჭამე და ეტყობა, ის შეიცავდა მაგ აკრძალულ ნივთიერებებსო. ასეა თუ ისე, მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ტონგს სასჯელი მოუხსნეს.

მაშინ მისთვის ოქრო არ ჩამოურთმევიათ, რადგან საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, ანუ სპორტსმენი განაჩენს ასაჩივრებდა, თორემ მას რომ დამტკიცებოდა დოპინგის მიღება, მედალს აუცილებლად ჩამოართმევდნენ.

ეს საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს - ვადას მკაცრი მოთხოვნაა და თუ საერთაშორისო ფედერაცია არ დაემორჩილება, მაშინ ისიც უმკაცრესად დაისჯება.

ამ განმარტებას საჭიროდ იმიტომ მივიჩნევთ, რომ საქართველოში ბევრს ეეჭვება, დასჯის შემთხვევაში გონსალესს ოქრო ჩამოართვან და ლიპარტელიანს გადასცენ.

იაპონიიდან დაბრუნებულმა ჩვენმა სპორტსმენებმა ისიც გვითხრეს, რომ თურმე კუბელები საქმის მიჩქმალვას ცდილობენ... თუ ანალიზი კოლბაში მოხვდა და დაილუქა, მერე მას ვერაფერი უშველის; აი, ვიდრე დოპინგოფიცრის ხელშია და არ დალუქულა, მანამ კი შეიძლება რაღაც მაქინაციები. საქმეში უკეთ გასარკვევად საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს მივმართეთ, სადაც იგივე დაგვიდასტურეს. მეტიც - როგორც გენერალურმა მდივანმა თეიმურაზ უკლებამ გვითხრა, ლაბორატორიაშიც კი გამორიცხულია სინჯის შეცვლა.

მაგალითად კი სტამბულის ლაბორატორია დაგვისახელა, რომელმაც თურმე თურქეთის საკალათბურთო პირველობაში მონაწილე ამერიკელ ქალბატონს დააფარა ხელი და როცა ეს გაირკვა, ვადამ ლიცენზია ჩამოართვა. ახლა იმ ლაბორატორიამ რამდენიმეწლიანი პროცედურები უნდა გაიაროს ლიცენზიის ხელახლა მისაღებად.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ სიმართლეა, აქამდე რატომ არ გაახმაურეს ეს ამბავიო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს. მართალია, არა უსასრულოდ, მაგრამ გარკვეული პერიოდით მაინც.

გონსალესს ანალიზს ბრაზილიაშივე აუღებდნენ, ტურნირის დასრულებისთანავე, როგორც მედალოსანს - ესეც ვადას მკაცრი მოთხოვნაა.

ცხადია, მისი პასუხი, ანუ პირველი ტესტის შედეგი უკვე ცნობილი იქნება, მაგრამ თუ სპორტსმენმა ხელმეორე ანალიზი მოითხოვა, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, მაშინ დროში გაჯანჯლდება. ოღონდ სასამართლომდე ვადა უკვე უფლებამოსილია, გვამცნოს, თუ ტესტის პასუხი დადებითია.

პირველი ტესტის პასუხი ეგრეთ წოდებულ ადამსის სიაში უკვე იქნება, მაგრამ ის ფრიად დახურული, გასაიდუმლოებული დოკუმენტაციაა, რომელზეც ხელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიუწვდება და ოფიციალურ განცხადებამდე იმათაც მკაცრად ეკრძალებათ ინფორმაციის გაცემა. იქ ცალკეულ სპორტსმენებზეც ინახება ინფორმაცია, მაგრამ მათ ანკეტებში შესასვლელად სპეციალური კოდია საჭირო, რაც ასევე რამდენიმე ადამიანის პრეროგატივაა.

ერთი სიტყვით, ასეთია ვითარება და ქართული მხარე საქმის კურსშია. იმედს ვიტოვებთ, რომ ვადაც, ძიუდოს ფედერაციაც და თუ საჭირო გახდება, უფრო მაღალი ინსტანციებიც გულმოდგინედ მიადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას და საქმეშიც ჩაერევიან, ვინძლო, კუბელებმა მართლაც არ სცადონ საქმის ჩაფარცხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიპარტელიანმა ბოლო დროს ძალიან ჩაისვარა, ეგ ფაქტია.

შენ ალბათ ძუდოში ისე გაგეგება როგორც მე ჩინური, ლიპარტელიანი ერთ ერთი მსოფლიოს საუკეთესო სპორცმენზე და თავის წონაში მსოფლიოს ლიდერზე ამას რომ დაწერ მითუმეტეს ბოლოპერიოდის მიხედვით საერთოდ უნდა შეეშვა ძიუდოს ყურებას თუ უყურებ საერთოდ
ქომაგი
10:54 24-12-2013
0
ლიპარტელიანმა ბოლო დროს ძალიან ჩაისვარა, ეგ ფაქტია.


სჯობია ძიუდოს ყურებას თუ უყურებ საერთოდ შეეშვა, ყველაზე არასწორი შეფასება საერთოდ რაც გამიგია, მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო სპორცმენზე და თავის წონის უდაო ლიდერზე თუ შაისვარას იტყოდნენ ნამდვილად არ მეგონა
ძიუდო
10:58 24-12-2013
0

სიახლეები პოპულარული