ოლიმპიური კომიტეტი: ავთანდილ ჭრიკიშვილი წლის სპორტსმენია!

AutoSharing Option
24 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

სეოკ-ის მესვეურებთან ერთად სხდომას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილეები, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და სახელოვანი ქართველი სპორტსმენები დაესწრნენ.

სეოკ-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დასახელდა, რომელმაც ევროპის (პირადი, გუნდური) და მსოფლიოს (გუნდური) ჩემპიონატები მოიგო, მსოფლიოზე პირად პირველობაში კი ფინალში იასპარეზა.

ნომინაციაში - "ოლიმპიური იმედი", ვაჟთა შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ახალგაზრდული მსოფლიოს და ევროპის პირველობების გამარჯვებულმა გენო პეტრიაშვილმა იმარჯვა, გოგონათა
შორის კი მარიამ ჯანაშვილმა, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიო პირველობაზე ვერცხლი მოიგო, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამივე სპორტსმენს, ასევე, ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილს სტიპენდია დაუნიშნა.

სპეციალური პროგრამების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის სეოკ-მა ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი და ფონდ "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.

მაირ მამედოვს სოკ-ის მიერ დაწესებული პიერ დე კუბერტენის სახელობის ჯილდოც გადაეცა.

საანგარიშო ყრილობის მსვლელობისას სტუმრებმა ის სპორტული ამუნიცია იხილეს, რომლითაც საქართველოს დელეგაცია სოჭში, მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

საგულისხმოა, რომ ჩვენს ოლიმპიურ გუნდს ჰოლანდიური ბრენდი Tittalon-ი შემოსავს, ეს ყველაფერი კი მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, პეტრე ცანავას დამსახურებით მოხდა.

ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის პეტრე ცანავა სეოკ-ის მედლით დაჯილდოვდა. ამავდროულად, გადაწყდა, რომ ის სოჭში ჩვენი დელეგაციის ოლიმპიური ატაშე იქნება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული