ქართველი ძიუდოისტი ქალები "ევროპის ღია თასზე" გამოვლენ

AutoSharing Option
ახლოვდება ძიუდოისტთა სეზონის პირველი სტარტი - სოფიაში გასამართი "ევროპის ღია თასი", რომელშიც ქართველებიც იასპარეზებენ.

ეს შეჯიბრება 1-2 თებერვალს ჩატარდება ორივე სქესის წარმომადგენელთა შორის. მოგეხსენებათ, ადრე იქ მხოლოდ ქალების ტურნირი ტარდებოდა, ზუსტად იმავე პერიოდში კი ანალოგიურ შეჯიბრებას თბილისი მასპინძლობდა ვაჟებში. თუმცა, რაც ჩვენი შეჯიბრება "დიდ პრიზამდე" ამაღლდა და თარიღმაც მარტში გადაიწია, ვაჟთა მასპინძლობის უფლებაც სოფიას გადაეცა.

ბულგარეთში ჩვენგან გოგოებიც გამოვლენ და - ვაჟებიც, თუმცა ყველა საკუთარი ხარჯებით მიდის, რადგან ეს ტურნირი ჩვენი ფედერაციის კალენდარში არ შედიოდა და ვერც ხარჯებს გაიღებს.

გოგოებში
ორი მონაწილე გვეყოლება - შორენა შარაძე (63) და ირინა ლეონიძე (+78), რომლებსაც აჭარა აფინანსებს. საკუთარი ხარჯით მიდიან გიორგი გუგულაშვილი, კახა ცაგარელი (ორივე - 66), არჩილ გოგოლაშვილი (90) და მიხეილ ნარიმანიძე (100).

ამასობაში გაირკვა 15-16 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში, ასევე, "ევროპის ღია თასზე" წამსვლელ ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, სადაც ირაკლი უზნაძე ძირითადად სათადარიგოებს გამოცდის: გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, გელა კელიხაშვილი (66), ზურაბ ნოზაძე, ფრიდონ გიგანი, თამაზ კირაკოზაშვილი (სამივე - 73), ლაშა ზურაბიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - 81), ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი (90), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (100), როსტომ ხახალეიშვილი, გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე, გიგა გელაშვილი (ოთხივე - +100).

ავსტრიულ ტურნირს დიუსელდორფში გასამართი "დიდი პრიზის" შეჯიბრება მოჰყვება - 21-23 თებერვალს ტარდება. იქ წამსვლელებიდან ჯერ გადაჭრით მხოლოდ ერთია ცნობილი - ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც საბოლოოდ გადავიდა 73 კილოგრამში. დანარჩენთა ვინაობა კი ობერვარტისა და პარიზის ტურნირების შედეგებით გაირკვევა.

პარიზის "დიდი მუზარადი" წინ უსწრებს ავსტრიულს - 8-9 თებერვალს ტარდება. შეგახსენებთ, რომ იქ ჩვენგან ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ალექსანდრე მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ. შეჯიბრების შემდეგ იქ სავალდებულო ერთობლივი ვარჯიშები გაიმართება, სადაც შავდათუაშვილიც ჩავა და იქიდან გადავა ავსტრიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, რომ სათადარიგოებსაც უწევთ ტურნირებზე გამოსვლა, მაგრამ კარგი იქნებოდა ჩვენი ძიუდოსიტები ყველა ტურნირში რომ იღებდნენ მონაწილეობას ძიუდოს ფედერაციამ კი ისინი საკუთარი ხარჯებით გაუშვას, ანუ თავის მხრივ ფედერაციის დაფინანსება უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო დაფინანსებიდან.
shalva73
14:03 30-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული