ბექა ღვინიაშვილი - ფილტვების ანთებით მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი

AutoSharing Option
ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ტიტულოვანი გორელი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი გულშემატკივართათვის ცნობილი სპორტსმენია.

ორი წლის წინათ მან ჭაბუკთა შორის ასპარეზობისას ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო, სადაც იასპარეზა. მერე გადატანილმა ოპერაციამ, სარეაბილიტაციო პერიოდმა და წონის შეცვლამ (81-დან 90 კგ-ში აინაცვლა) ერთი სეზონის ჩავარდნა გამოიწვია.

ფიზიკურად ძლიერი და ეფექტურად მოასპარეზე 2013 წელს კვლავ ვიხილეთ ევროპის და მსოფლიოს კვარცხლბეკების უმაღლეს საფეხურზე, ოღონდ ამჯერად ახალგაზრდებს შორის.

სპეციალისტები ამ ფალავანს მომავალში დიდებშიც წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. ბექას "ლელოს" მკითხველებისათვის განვლილი სეზონის შეჯამება ვთხოვეთ.

- დავიწყოთ საქართველოს ნაკრებში შარშანდელი სეზონის
სტარტიდანვე შენსა და ლაშა ტაველურს შორის ძლიერი შიდა კონკურენციით. ჯერ სალონიკის ტურნირის ფინალში შეხვდით ერთმანეთს, შემდეგ ბერლინში.

- სალონიკში ორივემ დამაჯერებლად გავიარეთ ფინალამდე, სადაც ლაშამ მომიგო. შიდოთი ვიყავი დაწინაურებული, მაგრამ შემდეგ ჩემივე წამოწყებული ფანდი დამიხურა და დავეცი. ბერლინის ევროპის თასზეც ორივემ ყველა კონკურენტს დამაჯერებლად ვაჯობეთ და იქაც ფინალში გავედით. მე იქ წაგების უფლება არ მქონდა - ნაკრებში ადგილს დავკარგავდი, ვერც ევროპის ჩემპიონატს ვიჭიდავებდი, ვერც მსოფლიოს.

რევანში შედგა და მწვრთნელებმა ჩვენ წონაში ორივე დაგვაყენეს. წლის უმთავრეს შეჯიბრებებზე ჩემპიონობით კი პირველობა დავამტკიცე. ტაველური საკმაოდ ჭკვიანი მოჭიდავეა, ფიზიკურად ძლიერია, კარგი ჩავლებაც აქვს და ფანდების მრავალფეროვანი არსენალიც.

- ბერლინის შემდეგ გრძნობდი, რომ უმთავრესი შეჯიბრებებისთვის სათანადოდ იყავი მომზადებული?
- აბსოლიტურად მზად ვიყავი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საჭიდაოდ. განწყობაც საჩემპიონო მქონდა და მჯეროდა, რომ არცერთი ეს შეჯიბრება არ უნდა წამეგო. საბედნიეროდ ასეც მოხდა!

- ევროპის ჩემპიონატზე როგორ მიხვედი ოქროს მედლამდე?
- თავიდან სამ შეხვედრაში ნამდვილად არ გამჭირვებია. უფრო წინააღმდეგობა პორტუგალიელმა ცელიო დიასმა გამიწია, თუმცა მაინც ორი ვაზარით დავამარცხე. ფინალში კი ჰოლანდიელ ქორელისთან ჯერ დავწინაურდი, შემდეგ შებოჭვით მოვუღე ბოლო.

- ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო ძნელი უნდა ყოფილიყო გამარჯვება, თუმცა ვინც თვალი ადევნა შენს ჭიდაობას, დამეთანხმება, რომ დიდად არც იქ გაგჭირვებია.
- მგონი მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო ადვილად გავიმარჯვე, ვიდრე ევროპაზე. სხვათა შორის, ორი წლის წინათაც დაახლოებით ასე მოხდა, როცა ჯერ ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, მიუხედავად გამარჯვებისა, მეტი შეცდომები დავუშვი, ვიდრე შემდეგ ოლიმპიურ ფესტივალზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს იმიტომ, რომ გამოცდილებაც მემატება და უკეთეს ფორმაში შევდივარ ხოლმე.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინა დღეს ნაკრების მწვრთნელმა გიგა გუგავამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ შენ სიცხიანი იყავი, თუმცა მაინც ოქროს მოპოვების უმთავრეს კანდიდატად მიგიჩნევდა.
- მწვრთნელს ვეუბნებოდი, რომ უბრალოდ, დაბალი სიცხე მქონდა და ექიმთან არ მივდიოდი. სლოვენიაშიც უშუალოდ შეჯიბრებაზე კი ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ შევძელი ძალების კონცენტრირება და მიზანს მივაღწიე. მომდევნო დღეს გუნდურ პირველობაზე გამოსვლა აღარ მინდოდა - მეტისმეტად შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. მაინც ვიჭიდავე, ყველა შეხვედრა მოვიგე და საქართველოს ნაკრების გუნდურ პირველობაში გამარჯვებაში წვლილი შევიტანე! მეორე დღეს, საქართველოში რომ ჩამოვედი მაშინვე ექიმს მივაკითხე და აღმოჩნდა, რომ ფილტვების ანთება მქონია.

- ახალგაზრდების გუნდური პირველობა წლეულს პირველად ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მოგეწონა?
- სიმართლე გითხრათ, გუნდურ პირველობაში ჩემპიონობა უფრო გამეხარდა, ვიდრე ინდივიდუალურში. იმიტომ, რომ აქ ყველა ერთ მუშტად ვიყავით შეკრული და საკუთარი შედეგით ფაქტობრივად ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებდით. ასეთ დროს კი თავის დაზოგვა არ შეიძლება და გამარჯვებაც გაცილებით ძვირფასია!

- როგორი სტილის მოჭიდავეებთან უფრო მოგწონს შერკინება?
- შემტევი სტილის სპორტსმენებთან, ასეთები კი აზიელები არიან. ევროპელები ძალიან ფრთხილად და ჩაშლაზე ეჭიდავებიან მეტოქეს. არ არსებობს აზიელი მოწინააღმდეგე წელში მოხრილი წამოვიდეს და ძიძგილაობა დაიწყოს. ისინი გამართულად, მე ვიტყოდი ვაჟკაცურად მოდიან და სასიამოვნოა ასეთ მოწინააღმდეგესთან პაექრობა.

- თვითონ ძალიან ხშირად დროზე ადრე იპონით იგებ შეხვედრებს. დროზე ადრე მოგებაზე გამიზნულად აკეთებ აქცენტს?
- მართლაც ძალიან იშვიათია, რომ შეხვედრა ბოლომდე მივიყვანო, ბრძოლის ჟინით სავსე გავდივარ ტატამზე და ალბათ ამიტომ ნაადრევად ვიმარჯვებ, თორემ წინასწარ არ ვგეგმავ, რომ მაინც და მაინც მცირე დროში უნდა მოვიგო.

- რომელი ცნობილი ძიუდოისტის ჭიდაობას შეადარებ შენს სტილს, ან ვინმე თუ არის ისეთი ვისაც გინდა რომ მიბაძო?
- გამიჭირდება პასუხი. არასოდეს მიცდია ვინმესთვის მიმებაძა, ისე კი ჩემი ჭიდაობა ალბათ უფრო ჯარჯი ზვიადაურის სტილთანაა ახლოს.

- ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლიტური ფალავანობაში ტიტულის მოპოვებამდე სულ ცოტა დაგაკლდა.
- გამოსვლას არ ვგეგმავდი. მირჩიეს და მეც წინა დღეს გადავწყვიტე. 90 კგ წონით კატეგორიაში გავიმარჯვე, მაგრამ აბსოლიტურ ფალავნობაზე ნახევარფინალში ქულით წავაგე გიორგი ნოზაძესთან. ეს შეხვედრა არ იყო წასაგები, მოწინააღმდეგემ დაწინაურების შემდეგ ყველაფერი გააკეთა დროის გასაყვანად და საიმისოდ, რომ საჭიდაო რიტმიდან ამოვვარდნილიყავი, შედეგად მესამე ადგილი მერგო. ფალავნობა ისეთი შეჯიბრებაა, რომ ამ ტიტულის მოპოვებას მომავალაში აუცილებლად შევეცდები.

შარშან ფალავანი, იცით, მაინც ჩვენი გვარის წარმომადგენელი გახდა - ჩემი ბიძაშვილი და თანასოფლელი (რუისი) პაატა ღვინიაშვილი. ის ნამდვილად ღირსი იყო ამ გამარჯვების, პაატა ძალიან კარგად ჭიდაობს ქართულს და ყველგან, სადაც გაიგებს რომ შეჯიბრება ტარდება აუცილებლად მიდის მონაწილეობის მისაღებად.

- შენს მწვრთნელებზე რას გვეტყვი?
- ჩემი პირადი მწვრთნელები ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი არიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს სპორტსმენად აღზრდასა და დაოსტატებაში. დიდი მადლობელი ვარ ჭაბუკთა ნაკრებში ასპარეზობის დროს გიორგი ვაზაგაშვილის, ისევე როგორც ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის გია გუგავასი, რომელიც აგრეთვე საკმაოდ მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, კარგად ხელეწიფება შეჯიბრების წინ სპორტსმენის საბრძოლოდ განწყობა.

წლეულს ჩემს მიერ მოპოვებულ ტიტულებში დიდი როლი ითამაშეს როგორც პირადმა მწვრთნელებმა, ისე ნაკრების თავკაცმა. არცერთ მწვრთნელს, ვისაც ჩემზე ამაგი მიუძღვის არ დავუვიწყებ ნაღვაწს და შევეცდები უფრო დიდი გამარჯვებებით ვასახელო.

- შარშანდელი სეზონის ბოლოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ლისაბონის "სპორტინგის" ღირსებას იცავდი.
- ლისაბონელებმა მე და მატიაშვილი აგვიყვანეს გუნდში ამ შეჯიბრებისთვის. სიმართლე გითხრათ, "სპორტინგი" სუსტი გუნდი იყო, ამას არც თავად უარყოფდნენ, თუმცა ქართველების დახმარებით პირველ ეტაპზე თურქული "გალათასარაის" (საკმაოდ ძლიერი კლუბის) ბარიერის გადალახვა შევძელით. ოღონდ "სპორტინგისთვის" ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა.

შეჯიბრება კი გერმანულმა "აბენსბერგმა" მოიგო. მინდა გითხრათ, რომ საკლუბო ჩემპიონატი საინტერესო შეჯიბრებაა და ჩვენი ქვეყნის მასშტაბითაც რომ გიამართოს ძალიან ბევრი ქართველი ძიუდოისტის დონის ამაღლებას, მათ მატერიალურ კეთილდღეობას (განსაკუთრებით ვინც ნაკრებში ვერ ხვდება) სასიკეთოდ წაადგებოდა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფედერაციაში ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა.

* * *

საკუთარი შეგირდის შეფასება პირად მწვრთნელს ანზორ თენაძესაც ვთხოვეთ. "ბექას შემტევის სტილით გამოირჩევა, სასიამოვნოა მისი ჭიდაობის ყურება. მწვრთნელი თუ მაყურებელი ყოველთვის კმაყოფილი რჩება.

იყო დრო (ორი წლის წინათ) იგი ზედმეტადაც ფიქრობდა ეფექტურ გდებებებზე, რის გამოც ერთი-ორჯერ წაგებული შეხვედრებით დაისაჯა. ამაზე მწვრთნელებმაც გავამახვილეთ ყურადღება, დავარიგეთ.

ავუხსენით, რომ ლამაზად ჭიდაობასთან ერთად საჭიროა გარკვეული დოზით პრაგმატიზმი, ყველასთვის აუცილებელია, მოწინააღდეგე შეაფასოს და მასთან პაექრობას შესაბამისად მიუდგეს. ეს ბექამ ზუსტად გაითვალისწინა და შედეგშიც ასახა.

აუცილებელი იყო აგრეთვე მისი წონის გამოცვლა და 81-დან 90 კგ-ში გადასვლა. ასე რომ არა, წონის გამუდმებული კლებით ბექა დაიტანჯავდა ორგანიზმს.

ამ უაღესად პრესპექტიულ ფალავანს მრავალი დიდი შეჯიბრება წინ ელის. ის მეტად შრომისმოყვარე, დადებითი პიროვნებაა. დარწმუნებული ვართ ყველა, რომ ბექა ღვინიაშვილი კიდევ ბევრი და მაღალი გამარჯვებით გაამდიდრებს მონაპოვარს, ასახელებს სამშობლოს" - გვითხრა ანზორ თენაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუისელია
0
მთავარია არ იზარმაცოს, დისციპლინა დაიცვას და ტრავმები აიცილოს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ტიტულს მოიგებს და ქართული და მსოფლიოს ძიუდოს ისტორიაში ძალიან დიდ სახელს დატოვებს.
წარმატებები ბექა, უფალი გფარავდეს მუდამ.
shalva73
11:50 09-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული