ორი ბრინჯაო გერმანიიდან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა კვირას, გერმანულ დიუსელდორფში დასრულებული "დიდი პრიზის" ბოლო დღეს ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა, რომელსაც ზვიად გოგოჭური (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ გოგოჭურმა დამამშვიდებლის ფინალში თანაგუნდელი ლევან მატიაშვილი დაამარცხა.

გოგოჭურმა ჩვეული ტექნიკური, ლამაზი და ქართული ფანდებით გაზავებული ჭიდაობით დამაჯერებლად დაამარცხა არაბული საემიროების მოლდოველი მიხაილ მარჩიტანი და მერე დამამშვიდებელში - რუსი კირილ ვოპროსოვი, თუმცა ყველაზე ლამაზად ბრინჯაოსთვის პაექრობაში აჯობა ფრანგ რომაინ ბუფეს - ისეთ ბრუნზე გაისროლა, ლამის ტატამი ჩაინგრა. გოგოჭური მეოთხედფინალში ვაზარ-იპონით დამარცხდა ჰოლანდიელთა მომავალ ფინალისტ
ნოელ ვან ტენდესთან.

ოქრუაშვილმა პირველ პაექრობაში გერმანელი პიერ ბორკოვსკი მასით დაჩაგრა, მერე კი გაფრთხილებებით წააგო იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან. ჩვენებურს დამამშვიდებელში ფრიად გაუჭირდა (უპირველესად - ფიზიკურად) მეორე მასპინძელ ანდრე ბრაიტბარტთან - მისთვის ჩვეული ვარდნაში თავს უკან გადასროლით კი გადააგდო და იუკოც მოიპოვა, მაგრამ სამი გაფრთხილებაც მიიღო. მართალია, გერმანელი მოგვიანებით მოხსნეს, მაგრამ ეს საფრთხე უფრო ადრე ჩვენებურს დაემუქრა.

მატიაშვილმაც დამაჯერებლად იჭიდავა და ნახევარფინალში გავიდა. მან პირველივე შეხვედრაში სერიოზული განაცხადი გააკეთა, როცა კუბელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ოსკარ ბრაისონი ფიზიკურადაც დაჩაგრა და კისრულით ვაზარზეც გაშხლართა. ყირგიზი იური კრაკოვეცკი მოგვერდით იპონზე გადმოიღო, იაპონელ მსოფლიოს ექსჩემპიონ დაიკი კამიკავასთან კი ვერაფერს გახდა, მეტოქემ პირველ მისვლაზე შებოჭა. ჩვენებურს მალ-მალე მოუწია ჭიდაობა და დასვენება-აღდგენას ვერ ახერხებდა დროულად.

ქართველთა დუელი ოქრუაშვილის უპირატესობით წარიმართა - ჯერ იუკო აართვა, მესამე წუთზე კი გარეფეხით კონტრილეთზე ვაზარზე გადაჩეხა. სამწუხაროდ, ამ ვარდნისას მატიაშვილმა ტრავმაც მიიღო და პაექრობა ვეღარ გააგრძელა.

კვირას ჩვენებურთაგან თითო პაექრობაში იმარჯვეს ბექა ღვინიაშვილმა (90) და იოსებ მსხალაძემ (100). ღვინიაშვილმა კისრულ-მოგვერდით გერმანელ აარონ ჰილდებრანდს ორი ვაზარი შეუსრულა, მაგრამ ილიას ილიადისთან ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა, დაიჩაგრა ამ კომპონენტში. გაბერძნებულმა ქართველმა დამატებითში მოუგო მას იუკოთი, როცა ჩვენებური საკუთარ ილეთზე მოჰყვა.

ავსტრიულ ტურნირთან შედარებით, უფრო უკეთ იჭიდავა მსხალაძემ, რომელმაც საკმაოდ გამართულ პაექრობაში დაამარცხა იაპონელი ტაცუკი მაცუბუჩი. ის ცუდად არც ყაზახთა მსოფლიოს ექსჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გარჯილა - მსაჯმა ჩვენებური მეორედ დასრულებამდე 2 წამით ადრე გააფრთხილა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ნოდარ მეტრეველი (100) პირველივე წრეში დამარცხდა მასპინძელ დინო პფაიფერთან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი ხარ ზვიად ასე გააგრძელე ეხლა მაინც დაინახონ შენი რეალური ძალა ბატონმა ძიუდოს მესვეურებმა
vaja
09:21 24-02-2014
0
ნეტა ღვინიაშვილს ვერავინ ვერ აუხსნის, როგორი ჩავლებები იკრძალება, პარიზშიც და აქაც რამდენჯერ გააფრთხილეს
romani
10:48 24-02-2014
0

სიახლეები პოპულარული