შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა

AutoSharing Option
ამ დღეებში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში შიდა ქართლის გუნდმა განსაკუთრებით წარმატებით იასპარეზა.

ამ რეგიონის წარმომადგენლებმა შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში (!) პირველობა არავის დაუთმეს - ოთხი ოქროს, ამდენივე ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ეს შედეგი გუნდურ ჩათვლაში ისედაც შთამბეჭდავი უპირატესობის მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კვარცხლბეკზე მიხმობილ იმ ძიუდოისტებსაც, რომლებიც სწორედ შიდა ქართლელები არიან, ოღონდ ამ შეჯიბრებაზე სხვა რეგიონის სახელით გამოდიოდნენ - მაშინ უბრალოდ ტრიუმფალური შეიძლება ეწოდოს შიდა ქართლელების გამოსვლას აღნიშნულ შეჯიბრებაზე.

ყველა სინჯის მედლების მომპოვებელი ფალავნების უდიდესი უმრავლესობა გორის გურამ
პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლია.

ჩვენც ქვეყნის ჩემპიონატზე გამორჩეულად წარმატებულ სპორტულ სკოლას ვეწვიეთ და იქ მომუშავე მწვრთნელებს გურამ პაპიტაშვილს, გივი ზაუტაშვილს, ნიკო ბიბილაშვილს და ამავე სკოლის დირექტორსა და მწვრთნელს ანზორ თენაძეს გავესაუბრეთ.

გურამ პაპიტაშვილი: შეჯიბრების მერე რომ დამირეკეს გორელებმა და შედეგი მაცნობეს, ვეხუმრე - თბილისში რატომღა მიდიოდით, გორშივე გეჭიდავათ და საუკეთესოები აქვე გაგერკვიათ-მეთქი.

რასაკვირველია, საერთო ქართული წარმტებები ძალიან მახარებს, მაგრამ გორელების მიღწევას ჩემთვის უსაზღვრო ბედნიერება მოაქვს. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა წარუმატებლობები, რომელიც 90-იან წლების დუხჭირმა ყოფამ მოიტანა.

ყოველი დიდი გამარჯვებების დროს 1962 წელი მახსენდება, როდესაც მაშინდელ საკავშირო სპორტკომიტეტის მიერ ქვეყანაში შემოტანილი სამი კომპლექტი ტატამიდან ორი მოსკოვში დააგეს და ერთი გორში გამოგვიგზავნეს.

ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობას ვგრძნობდით ამის გამო და წარმატებითაც ვასპარეზობდით.

საქართველოში მე და ცხონებულ ბიძინა მაზიაშვილს როცა გვიწევდა ერთმანეთთან ჩვენი შეგირდების მეშევობით პაექრობა, გორელებს ბევრი მედლები მაშინაც მოგვიპოვებია, მაგრამ ახლა გეოგრაფია გაცილებით გაზრდილია.

რამდენიმე რეგიონში ამოქმედდა ძიუდოს ძლიერი კერა და მაშინდელთან შედარებით წარმატება კიდევ უფრო ძნელი მისაღწევი და დასაფასებელია.

ანზორ თენაძე: ჩვენი დარბაზი ბოლო ხუთი წელიწადია უფრო და უფრო კარგად გამოდის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო არენაზე.

მართალია, ამ ხნის განმავლობაში მოვამზადეთ ოლიმპიური ჩემპიონი, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, მაგრამ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის დარი შედეგები ადრე არასდროს გვქონია.

გივი ზაუტაშვილი: შეჯიბრების წინ ჩვენს სახელოვან გორელ ფალავნებს ვუთხარი თქვენი ჭიდაობის დროს რომ გვქონდა ისეთი წარმატებების დრო მოდის-მეთქი. ახლა კი მგონია, რომ გადააჭარბებს კიდეც ეს თაობა წინამორბედების მიღწევებს. მართლაც საოცარი თაობა მოდის, ეს ბიჭები არაერთხელ ასახელებენ ქვეყანას და მშობლიურ ქალაქს.

ნიკო ბიბილაშვილი: ჩვენი წარმატება იმითაა გამორჩეული, რომ ეს სკოლა ახალგაზრდაა - სულ რამდენიმე წელიწადია რაც ფუნქციონირებს. საქართველოს ჩემპიონატზე კი ისეთი სკოლის წარმომადგენლებიც ვიხილეთ, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობენ. ამიტომ გვაქვს მიზეზი, ვიამაყოთ შრომის ნაყოფით.

- ყველაზე მჩატე წონაში გამარჯვებულებით ლაშა გიუნაშვილით (60) და ვაჟა მარგველაშვილით (66) დავიწყოთ.

ნიკო ბიბილაშვილი: ვაჟა ორი წლის წინათ 60 კგ-ში გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ახალ წონაში ადაპტირება კი მოგეხენებათ, ყველასთვის ძნელია. ამიტომ, შარშან უჭირდა, წლეულს კი უკეთ იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა. მისი წარმატება ლოგიკური იყო - ადრე საქართველოს ჩემპიონატებზე ყოველთვის ცოტა აკლდებოდა პირველობამდე.

- 73 კგ-ში კონკურენცია საკმაოდ მძაფრია საქართველოში, მაგრამ ფინალში გორელებმა იჭიდავეს.

ნ. ბიბილაშვილი: ტატალაშვილის და შავდათუაშვილის ფინალში გასვლა ამ წონაში მათ ფავორიტობაზე მეტყველებს. ფინალში ლაშა აღარ გავიდა საჭიდაოდ და მეგობარს დაუთმო კვარცხლბეკის პირველი საფეხური. დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ლაშას და ზებედა რეხვიაშვილის პაექრობა ნახევარფინლაში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა სწორად შერჩეული ტაქტიკით იმარჯვა.

- სასიამოვნოდ მოულოდნელი იქნებოდა ალბათ ალექსანდრე ზაალიშვილის (100) და გიორგი ბოლოთაშვილის (მძიმე) ნაჩვენები შედეგი.

გივი ზაუტაშვილი: მატიაშვილი წონის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ბოლოთაშვილმა დაამარცხა და სამეულში მოხვედრით პრეტენზია განაცხადა ნაკრებში ადგილის დამკვიდრებაზე. მას შანსი მიეცემა საერთაშორისო ასპარეზზე და იმედი მაქვს, რომ თავსაც კარგად გამოიჩენს. მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო ალექსანდრე ზაალიშვილის (100 კგ) ფინალში გასვლა, სადაც მას ლაშა გურულთან შეხვედრაში ტრავმა რომ არ მიეღო, იქნებ ჩემპიონიც გამხდარიყო.

- ბექა ღვინიაშვილზე დიდი იმედებია და მისი ყოველი გამარჯვება გვიძლიერებს მოლოდინს, რომ თვალს ვადევნებთ მომავალი დიდი მოჭიდავის კარიერას.

ანზორ თენაძე: ღვინიაშვილმა პატარამ დაიწყო დიდებს შორის წარმატებების მოპოვება, მისი ჭიდაობის დადებით მხარეებზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა და საერთაშორისო არენაზე ხანდახან შეცდომებიც მოსდის, რომელიც, რასაკვირველია, გამოსწორებადია. ბექა სულ უფრო იხვეწება და ძლიერ მოჭიდავედ ყალიბდება.

მომავალში იგი ფიზიკურ მომზადებაზე უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს, ისევე, როგორც ცალკეული შეჯიბრებების წინ ტექნიკურ-ტაქტიკურ მზადყოფნაზე. მას ჰქონია მომენტები, როცა მეტოქეზე მოპოვებული დიდი უპირატესობის გამო ცდილობს უფრო მალე დაამთავროს შეხვედრა და ამ მიზეზით ზოგჯერ წაუგია კიდეც.

რუს კირილ ვოპროსოვთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა მოგებული და მსოფლიოს ჩემპიონატზე როცა ეგონა, რომ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მას დარჩებოდა - დასანანად დამარცხდა. არც ერთ სპორტსმენს ზედმეტი შრომა არასოდეს აწყენს და ბექასაც კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.

- საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბექას საკუთარი ბიძაშვილის პაატა ღვინიაშვილის დამარცხებამ მოუწია.

ნ. ბიბილაშვილი: პაატა ღვინიაშვილმა შესანიშნავად იჭიდავა, ფინალამდე იგი დამაჯერებელი გამარჯვებებით მივიდა, გზიდან ჩამოიცილა ძლიერი ფალავნები, მათ შორის ზვიად გოგოჭური.

- შავდათუაშვილის ამჟამინდელ სპორტულ მზადყოფნაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ტრავმა მოუშუშდა ბოლოდმე?

ნ. ბიბილაშვილი: მეტწილად სწორედ ტრავმით იყო გამოწვეული ლაშას წარუმატებლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა შემდეგ გაუმჯობესდა მდგომარეობა და საქართველოს ჩემპიონატზე სრულყოფილად შეძლო შესაძლებლობათა გამოვლენა. კარგია, რომ ახალ წონაში გადასვლის მერე ის წონის კლებით აღარ იტანჯება და გაცილებით უკეთ გრძობს თავს.

- სპორტსმენთა და მწვრთნელთა გარჯის გარდა რა განაპირობებს გორის ჭიდაობის სკოლის წარმატებებს?

ა. თენაძე: უნდა აღინიშნოს ხელშეწყობა და ყურადღება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება და გორის სპორტული ცენტრი იჩენს ჩვენ მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი დარბაზი ფალავნების მომზადების ერთგვარ ცენტრად იქცა.

უცხოეთის ძიუდოს კლუბებთან, ძიუდოს ცენტრებთან გია თენაძის კავშირების საშუალებით ერთობლივი წვრთნებისთვის ჩამოდიან გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიც ხშირად გორში გადიან შეკრებას. ყოველივეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ახალგაზრდა თუ გამოცდილი ფალავნების ოსტატობის ამაღლებაში.

აქვე მინდა დავამატო, შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის აქტიური მუშაობა ბატონი გურამ პაპიტაშვილის და ბორის გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ადგილზე მაღალ დონეზე სხვადასხვა ასაკობრივი შეჯიბრებებიც ტარდება.

ერთობლიობაში ზემოთქმული არის იმ წარმატებების საწინდარი, რასაც ძიუდოში ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა აღწევს ჩვენი რეგიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული