დღეს ქართველი ძიუდოისტები სამსუნის "დიდ პრიზზე" გამოვლენ

AutoSharing Option
ფოტოზე: უშანგი მარგიანი

27 მარტს სამსუნში "დიდი პრიზის" მორიგი შეჯიბრება იწყება, რომელშიც საქართველოდან ექსპერიმენტული და არასრული გუნდი გამოვა: ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ნუგზარ ტატალაშვილის (73) და უშანგი მარგიანის (81) გარდა, გუნდის ყველა ლიდერი დაასვენა და მათ ნაცვლად შანსი სათადარიგოებს მისცა, 90 კილოგრამში კი საერთოდ არ წაუყვანია მონაწილე.

წინასწარი მონაცემების მიუხედავად, არც ქალთა ტურნირში იჭიდავებს ირინე ლეონიძე (+78). 26 მარტს გაიმართა კენჭისყრა და უკვე შეგვიძლია საუბარი ჩვენებურთა დაგეგმილ თუ სავარაუდო მეტოქეებზე.

60 კგ
აქ მწვრთნელებმა შანსი მთლიანად სარეზერვოებს - ლუხუმ
ჩხვიმიანსა
და გიორგი ბროლაშვილს მისცეს. ჩხვიმიანი პირველ წრეში ალჟირელ მოჰამედ რებაის თუ მოუგებს, მეორეში ავსტრიელ ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტს, 33 წლის ლუდვიგ პაიშერს დაეჭიდება.

ამავე ჯგუფში მოხვდა ჩვენი ტურნირის წლევანდელი უზბეკი გამარჯვებული შარაფუდინ ლუტფილაევი, ოღონდ ის ჩვენებურს მეოთხედფინალამდე არ შეხვდება. ბროლაშვილს პირველ მეტოქედ ესპანელი ხოაკინ გომესი ერგო, ამათში მოგებულს კი შემდეგ წრეში ბელგიელი სენე ვინსი ელოდება.

66 კგ
აქ უზნაძემ კიდევ ერთი შანსი მისცა ვაჟა მარგველაშვილს, რომელსაც ამჯერად ტრისტან ფეიქრიშვილი შეუამხანაგა. ორივე მათგანი შანსს ნამდვილად ინარჩუნებს, მაგრამ მარგველაშვილის შემთხვევაში ლიცენზიის საკითხიც გასათვალისწინებელია სალიცენზიო რეიტინგში (არ აგერიოთ საერთაშორისოში, ეს სულ სხვა პრინციპით დაითვლება) იგი უკვე შევიდა საგზურის ზონაში.

ჩვენებური მსოფლიოს რეიტინგში 64-ეა, სალიცენზიოში 36-ე, მაგრამ მის წინ ბევრია ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი, მათგან კი სიაში მხოლოდ ერთი რჩება. ასევე ამოვარდებიან ბრაზილიელებიც, როგორც მასპინძლებს, მათ ავტომატურად ეძლევათ თამაშებში გამოსვლის უფლება.

ამ ადგილმონაცვლეობით მარგველაშვილი 21-ეა. სამწუხაროდ, თბილისური ტურნირის არ იყოს, წილისყრამ მას არც სამსუნში გაუმართლა - მის ჯგუფშია საკმაოდ ძლიერი მონღოლი ტუმურკულეგ დავაადორჯი, სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა მასთან შეხვედრამდე ქართველმა ჯერ ერაყელი მოჰამედ ალსაედი, მერე კი ყაზახი იელდოშ ჟუმახანოვიც უნდა დაამარცხოს.

ფეიქრიშვილი პირველ წრეში თურქმენ მუჰამედ არტიკოვს ეჭიდავება, ამათში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე ბელორუსი დმიტრი შერშანი ელოდება.

73 კგ
ტატალაშვილი თბილისში მოპოვებულმა 120-მა ქულამ მსოფლიოს რეიტინგში მე-9 ადგილამდე აიყვანა, სალიცენზიოში კი მეექვსეა. ის პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი იტალიელი ანტონიო ესპოზიტოსა და რუმინელი დან ფასიეს პაექრობაში გაირკვევა.

ახალგაზრდა ზვიად კაპანაძე, ვინც თბილისში საკმაოდ კარგად იჭიდავა, პირველ წრეში უზბეკ სარვარ შომუროდოვთან გაარკვევს ურთიერთობას, ამათში მოგებულს კი პორტუგალიელი ანდრე ალვეში ელოდება.

ამავე წრეშია მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული მსოფლიოს პრიზიორი ვიქტორ სკვორტოვიც, მონღოლთა ოლიმპიური პრიზიორი ნიამოშირ საინჯარგალი კი, ვინც კაპანაძემ თბილისში გაფრთხილებებით მოახსნევინა, ტატალაშვილის ჯგუფში მოხვდა.

81 კგ
პირველ წრეში უშანგი მარგიანიც ისვენებს, ვინც მწვრთნელებმა სამსუნში საჭიდაო პრაქტიკისთვის წაიყვანეს. მას პირველ მეტოქედ გერმანელი ალექსანდერ ვიცზერზაკისა და პორტუგალიელი კარლოს ლუზის წყვილში უმჯობესი ეყოლება.

ამავე ჯგუფშია დიუსელდორფის ტურნირზე ავთანდილ ჭრიკიშვილის მომგები ბელგიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი იოახიმ ბოტიე. ზებედა რეხვიაშვილის მეტოქე ფრანგი ვლად ვისანია.

100 კგ
უზნაძემ ისევ წაიყვანა ალექსანდრე მსხალაძე, ვისაც ამ წონაში ჩვენგან ყველაზე უკეთესი რეიტინგი აქვს. ის სალიცენზიო ჩათვლაში ისევ შევიდა რეგიონულ კვოტაში, რაკი მარგველაშვილმა ძირითადში გადაინაცვლა.

სამსუნში ის პირველ შეხვედრას უცნობ რუს მიხაილ კოსიაშნიკოვთან ჩაატარებს. ამ ჯგუფში გერმანელი მსოფლიოს პრიზიორი კარლრიჰარდ ფრეიც მოხვდა, ვინც წინა კვირას თბილისში მსხალაძემ უზადო ბრუნით დააიპონა.

ამავე წონაში საქართველოს ვერცხლისმედალოსანი ალექსანდრე ზაალიშვილიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას. პირველად ამის გაკეთებას ხორვატ ზლატკო ლუმრიჩთან ეცდება, მერე კი, შესაძლოა, ისევ გადაეყაროს ებრაელ პეტერ პალჩიკს, ვისაც თბილისში მოუგო.

+ 100 კგ
აქ უზნაძემ ახალგაზრდული დუეტი წაიყვანა გამოცდილების მისაღებად. გუგა კიბორძალიძეს თავდაპირველ მეტოქედ ყირგიზი იური კრაკოვეცკი ერგო, გიორგი ბოლოთაშვილს კი აზერბაიჯანში გადასული უშანგი კოკაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული