ბაქოს "დიდ მუზარადზე" ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
8 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში დაწყებულ ბაქოს "დიდი მუზარადის" პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ბრინჯაოს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში ამირან პაპინაშვილს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა - სავარაუდოდ, ამირანი საჭიდაოდ ტრავმის გამო არ გამოვიდა.

მანამდე კი ჩხვიმიანმა ჯერ მონაკოელი იან სიკარდი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი - რუსი ალბერტ ოგუზოვი და მონღოლი მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა. ლუხუმს ფინალისკენ გზა ფრანგმა ვინსენტ ლიმარემ გადაუჭრა.

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი პაპინაშვილი, რომელმაც ტურნირზე გამოსვლა მეორე
წრიდან დაიწყო, უკრაინელ დენის ბილიჩენკოს კი გაუმკლავდა, თუმცა გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან დამარცხდა. სანუგეშოში ამირანმა მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორ ორხან საფაროვს აჯობა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა 66 კგ-მდე წონაში ჩვენმა ძიუდოისტებმა - მინდია ლილუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა.

მინდიამ პირველივე ორთაბრძოლა დათმო ებრაელ ბარუხ შმაილოვთან, ვაჟამ კი, მართალია, ესპანელ დავიდ რამირეს რამოსსა და ფრანგ დავიდ ლაროსეს აჯობა, მაგრამ აზერბაიჯანელ  ევროპისა და მსოფლიოს მედალოსან ნიჯატ შიხალიზადას ვეღარ გაუმკლავდა.

სამწუხაროდ, ვაჟამ ვერც სანუგეშო ტურნირში იხეირა - იქაც მასპინძელთა ძიუდოისტთან, ამჯერად ჰიდაიათ ჰეიდაროვთან წააგო.

ტურნირზე სხვა წონებში მედლები შაბათ-კვირას გათამაშდება.

ასევე იხილეთ:
ბაქოს "დიდი მუზარადი": ქართველები მძიმე ბრძოლების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული