ბექა ღვინიაშვილმა მასტერსის ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ღვინიაშვილის ფინალი

ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა სამი მედლით დაამთავრა გამოსვლა მაროკოში, მასტერსის ტურნირზე, რომლებიც სამივე ხარისხისაა: ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვერცხლი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოიპოვა, ბრინჯაო - ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81).

ბრინჯაოსთვის კიდევ ორმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ ამირან პაპინაშვილიც (60) და ლევან მატიაშვილიც (+100) დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეხუთეზე გავიდნენ, ცალკე ვაჟებში კი - მეორეზე, მხოლოდ იაპონიას ჩამორჩნენ.

სამწუხაროდ, ამ მედლების მიღმა პრობლემათა დიდი ჯაჭვიც გამოჩნდა: პაპინაშვილი უკვე მეოთხე ტურნირზე დარჩა უმედლოდ, თუმცა ოთხივე შემთხვევაში იჭიდავა
ბრინჯაოსთვის (ამათგან სამჯერ ნახევარფინალში გავიდა); ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან, ტატალაშვილმა ისევ წააგო გადამწყვეტი პაექრობა; ჭრიკიშვილი უკვე მეოთხე ტურნირის მოგებას ვერ ახერხებს და ჭიდაობის ხარისხი არც ამჯერადაა დამაკმაყოფილებელი; ვალერი ლიპარტელიანმა (90) წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა; ადამ ოქრუაშვილმა (100) ვერა და ვერ დაიკლო წონა საჭირო ზღვრამდე, თუმცა ახლა ამას მატიაშვილიც დაემატა იმავე პრობლემით...

პაპინაშვილი - ისევ აზიურ-მონღოლურ ბადეში
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მედალოსანი პაპინაშვილი წლეულს უკვე მეორედ დამარცხდა უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან (პირველად თბილისში წააგო მარტში), მონღოლთა მსოფლიოს ჩემპიონ ბოლდბაატარ განბატთან - მეხუთედ. უზბეკთან ჯერ მოგება არ აქვს, განბატთან 6-დან მხოლოდ ერთხელ იმარჯვა (სულ პირველად).

პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში მსუბუქად წაივარჯიშა ტურნირზე მასპინძლის კვოტით გასულ მოჰამედ ჯაფისთან და წმინდად მოიგო, მერე კი ლუტფილაევთან იუკოთი წააგო დამამშვიდებელში, ხოლო მის თანაგუნდელ მსოფლიოს ფინალისტ ამარტუვშინ დაშდავაასთან კარიერაში მეექვსე შეხვედრიდან მეოთხედ მოიგო - ჯერ ქამრიდან აყვანილი იუკოზე გადაჩეხა, მერე კი ბრუნით დააიპონა. ძალზე დასანანი იყო მისი წაგება განბატთან, ვისაც დასრულებამდე 20 წამით ადრე უგებდა - უზადი კისრულზე გადმოიღო, თუმცა მსაჯმა იუკოზე მეტი შეფასება ვერ გამოიმეტა. ვაგლახ, რომ ესეც ვერ შეინარჩუნა - განბატმა ქამრიდან აყვანით კარგად გადააგდო ვაზარიზე.

ტატალაშვილი და შავდათუაშვილი
შავდათუაშვილი ამჯერად გაცილებით თანაბრად კი ეჭიდავა ორუჯოვს, მაგრამ შედეგი მაინც იგივეა - მარცხი. სამწუხაროდ, ჩვენებურმა მას შემართების მეტი ისევ ვერაფერი დაუპირისპირა - ვერც ჩავლებით გააჩერა, ვერც პირველად ასწრებდა ამის გაკეთებას, ვერც საილეთედ მიუდგა, თვითონ კი შეცდა ერთ მომენტში, როცა შეტევაში გართულმა ფეხი დაუცველად დაუტოვა და მეტოქემ გარესარმით იუკოზე გადმოიღო.

ტატალაშვილის ამბავი კი ნამდვილად გასაკვირია - როგორებს მოუგო და ვისთან წააგო! არაბული საემიროების მოლდოველი მსოფლიოს პრიზიორი ვიქტორ სკვორტოვი 20-ოდე წამში ხელით დაითრია და მოგვერდით იუკოზე მიალურსმა ტატამს, დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე კი კარგად ჩაუხვია გარედან ფეხი და ბეჭებზე დააგდო.

წლეულს საკმაოდ ძლიერად მოჭიდავე ებრაელ საგი მუკის გაფრთხილებებით აჯობა, ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტი, იაპონელი რიკი ნაგაია მოგვერდით იუკოზე დააგდო და თან მტკივნეულით წმინდადაც მოუგო. აი, ასეთი ხალხის გაბითურების შემდეგ ფინალში რუსმა დენის იარცევმა 57 წამში იპონზე ამოუსვა!

ვფიქრობთ, ეს უფრო ხასიათის პრობლემაა - ჩვენებურს უჭირს მობილიზება, განწყობა მთავარი შეხვედრის წინ, თორემ წინასწარებში ძალიან მაღალ დონეზე იჭიდავა, არც იღლებოდა, მუდმივადაც უტევდა და ჩავლებებითაც კარგად აკონტროლებდა შეხვედრებს.

უილეთო ჭრიკიშვილი
ჭრიკიშვილმა ქვეჯგუფში ორივე შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო, ოღონდ თავიდან გერმანელ სვენ მარეშს თუ მხოლოდ სამი აკმარა, მეორეში რუსთა ორგზის ევროპის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს ერთით მეტი მიაღებინა და მოახსნევინა. ოღონდ დაღესტნელი ჩვენებურს შემოსწყრა და გონგის შემდეგ რაღაცას ელაპარაკებოდა...

ალბათ, მორიგმა წაგებამ თუ გაანაწყენა, თორემ ჭრიკიშვილი უდიერად არ მოქცევია, ბოლოს მომხდარს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, როცა შეტევისას თავი ვერ შეიკავა და მსუბუქად შეასკდა წაქცეულს. ქართველი მას მუდმივად უგებს და მეტოქე ახლაც მარცხს შეგუებული გავიდა ტატამზე...

ყველაფრის მიუხედავად, ჭრიკიშვილი მაინც არ იყო სასურველ ფორმაში, რაც ნახევარფინალშიც დადასტურდა რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონ ივან ნიფონტოვთან წაგებით - მეტოქემ დასაწყისშივე რაღაც უცნაური გდებით, ვარდნაში დაითრია და იუკოზე დააგდო, მერე კი ასევე ვარდნაში სავაზარედ გამოცერა. არადა, ჭრიკიშვილმა აქამდე მას ორივე შეხვედრა მოუგო.

საბედნიეროდ, მესამე ადგილისთვის პაექრობაში ჩვენებურმა გაცილებით მაღალ დონეზე იჭიდავა, სადაც მეტოქედ კანადელი მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიური პრიზიორი ანტუან ვალუა-ფორტიე ჰყავდა. ტიტულების მიუხედავად, ის დაბრიყვებული ჰყავს ჭრიკიშვილს - სულ უგებს, უკვე მეხუთედ დაამარცხა, როცა ვარდნაში მოგვერდით იუკოზე მოიყოლა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მან ილეთი გააკეთა.

ღვინიაშვილი: მებრძოლი ლომი
ამ წონაში ჩვენებმა პირველი შეხვედრები ვადამდე მოამთავრეს, ოღონდ ღვინიაშვილის შემთხვევაში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ თუ დამთავრდა, ლიპარტელიანის შედეგი შოკისმომგვრელი იყო - ფრანგ ალექსანდრ იდირთან დაწყებიდან მალევე ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს.

გასაგებია, რომ ამ გახურებული ჭიდაობისას ძნელია თავის გაკონტროლება, მაგრამ საჭიროა. მისი მხრიდან ეს უნებლიე რეაქცია იყო, მაგრამ ამან შედეგად მარცხი მოიტანა.

ღვინიაშვილმა კი დაამტკიცა, რომ დღეისათვის მისი ერთადერთი ნაკლი გამოუცდელობაა, თორემ უკვე მზადაა წონის ლიდერების დასამარცხებლად. აკი ორი მათგანი ულაპარაკოდაც დაჯაბნა - ქვეჯგუფში ბერძენთა ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) მოგვერდით უზადოდ გადმოიღო ვაზარზე, კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი კი მოძრაობაზე დაიჭირა და იუკოზე დააგდო.

მანამდე სერბი ალექსანდრ კუკოლჯი ლამაზად დაჯაბნა - ტატამზე ჩაჩოქილმა მოახერხა და ამოსმულით ვაზარზე გადაისროლა, ცოტა ხანში კი სერბმა ტრავმის გამო ბრძოლა საერთოდ შეწყვიტა. ფინალში ბექამ კისრულით იპონზე გადმოიღო იაპონელი იუია იოშიდა.

უნაკლო არც ღვინიაშვილი ყოფილა, მაგრამ ეს ბიჭი ნამდვილი მებრძოლი ლომია! მისი შემართების, ჟინის შემხედვარეს, შეუძლებელია, იგივე ილიადისი არ გაგახსენდეს.

მძიმე წონის პრობლემა
ოქრუაშვილი ამჯერადაც ისე დამარცხდა, კვლავაც ვერაფერი გააწყო. წინა ტურნირისგან განსხვავებით, მხოლოდ მეტოქე შეიცვალა - რუმინელი დანიელ ნატეა, ვისთანაც ორჯერ ვაზარი გაუშვა. ჩვენებურს კვლავაც ძალიან უჭირს მოძრაობა.

ამ კოორდინაციით მას არც ევროთამაშებზე ექნება შანსი. ეგ კი არა, ზედმეტი წონის პრობლემა უკვე მატიაშვილსაც დაუდგა. არა ისე ავბედითად, როგორც - ოქრუაშვილს, მაგრამ მაინც ეტყობა მოსუქება, რაც მოძრაობაში ზღუდავს.

არადა, ადრე მისი კოზირი სისწრაფე და მოძრაობა იყო, რაც მძიმეწონოსნის კვალობაზე თვალშისაცემად მეტი ჰქონდა, ახლა კი ეს ყველაფერი იმდენად აღარ უჩანს არსენალში. თბილისის ტურნირზეც წონა დაკლებული ჰქონდა და გაცილებით თავისუფლად ირჯებოდა.

ზოგადად, მატიაშვილს ურიგოდ არ უჭიდავია - დასაწყისში ყირგიზ იური კრაკოვეცთან გაფრთხილებით მოგების შემდეგ უძლეველ ფრანგ ტედი რინერისთან წააგო, რაც "დაგეგმილიც" კი იყო ფრანგის ფაქტორიდან გამომდინარე (თუმცა ორჯერ მაინც გააფრთხილებინა ის, ვიდრე შებოჭავდა).

დამამშვიდებელში ტუნისელი მსოფლიოს პრიზიორი ფაიცელ ჯაბალა უზადო კისრულით ტატამზე დაარჭო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მაიერს ვერაფერი მოუხერხა, გაფრთხილებებით დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ბექა! კიევში ვუყურებდი იუნიორების მსოფლიოს რომ მოიგო, ყველა წმინდათ დაამარცხა შებოჭვით და უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალი დიდი ვარსკვლავი გვეზრდებოდა...შენს გამზრდელს ვენაცვალე!!1
murtalo
13:13 25-05-2015
0
ისემც თქვენ რა გითხარით,რომ ფინალში ბექას ილეთი კისრული იყო))) მოგვერდია ეგ მოგვერდი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული