- ამბობენ ერთხელ თბილისში, შეჯიბრებაზე თქვენ სპეციალურად წააგეთ ფინალში ქართველთან. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან მოწინააღმდეგე მოგების შემთხვევაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გახდებოდა. - ეკითხება ფრანგს პორტალ-კულტურა.რუ -ს ჟურნალისტი პარიზისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
- კი, იყო ასეთი. თბილისში ისე კარგად მიმიღეს, რომ გადავწყვიტე დამეთმო შეხვედრა ჩემი სიმპათიური მეტოქისათვის. თუმცა ამას ყველა მიხვდა და გადაირივნენ. მახსოვს
პარიზი ინტერვიუში არ აკონკრეტებს მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმპათიური ქართველი მოჭიდავის გვარს, მაგრამ მის მიერ წამოწეულმა თემამ დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ ძიუდოისტის მონაყოლის დეტალებს გავყოლოდით.
პარიზი ოლიმპიური თამაშების თითო ოქროსა და ბრინჯაოს, აგრეთვე ორი ვერცხლის მედლის მფლობელი და ევროპის 4-გზის ჩემპიონია. პირველი მედალი მან ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წელს აბსოლიტურ წონაში მოიპოვა (ბრინჯაო), 1980 წელს ანჯელომ მოსკოვის ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო, როგორც მძიმე, ისე აბსოლიტური წონითი კატგორიის შეჯიბრებებში და მძიმეში ოქროს, აბსოლიტურში კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში გერმანელ დიტმარ ლორენცთან წააგო. ამ გერმანელმა თავის მხრივ 95 კგ-ში მესამე ადგილი იკმარა. 1984 წელს ლოს ანჟელესის ოლიმპიადაზე პარიზი ფინალში კიდევ ერთხელ დამარცხდა, ამჯერად იაპონელ ჰიტოში საიტოსთან.
ანჯელომ ფინალური შეხვედრები ოთხჯერ ევროპის ჩემპიონატზეც წააგო. პირველად გერმანელ დიტმარ ლორენცთან (1978), შემდეგ რუს ალექსეი ტიურინთან (1979), ბელგიელ რობერ ვან დე ვალესთან (1980) და ბოლოს კიდევ ერთ გერმანელ ძიუდოისტ ჰენრი შტოერთან (1982).
მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ტიტულები უხვად აქვს, ფინალში მარცხი მისთვის უცხო არ ყოფილა.
ჟურნალისტთან თბილისში გამართულ შეჯიბრებაზე საუბრისას ბუნებრივია იგი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობას გულისხმობს, რომელიც მეტადრე 70-80-იან წლებში საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრება იყო და მასში მსოფლიოს ძიუდოს ვარსკვლავები მრავლად მონაწილეობდნენ.
პარიზი თბილისის ტურნირზე 1977 წელს ჭიდაობდა და მაშინაც როგორც სხვადასხვა შეჯიბრებაზე ხშირად ორ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა - 95 კგ-სა და აბსოლუტურში. ამ ტურნირზე 95 კგ-ში ის მართლაც გავიდა ფინალში, სადაც თემურ ხუბულურთან დამარცხდა. აბსოლიტურში კი მესამე ადგილი დაიკავა, იქ ოქროს მედლის მფლობელი ჯიბილო ნიჟარაძე გახდა.
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ჯიბილო ნიჟარაძე 1993 წელს გარდაიცვალა. ცხადია, მის პოზიციას პარიზის ინტერვიუსთან დაკავშირებით ვერ გავიგებთ, თუმცა თბილისის ტურნირზე 1977 წელს რომელ წონაშიც ნიჟარაძე გამარჯვებული გახდა იქ პარიზი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა, აი ფინალი კი 95 კგ-ში თემურ ხუბულურთან წააგო.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი თემურ ხუბულური ახლო წარსულში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დღესდღეობით კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ.
რუსულ ვებგვერდთან პარიზის მონაყოლზე მას კომენტარი ვთხოვეთ.
"პარიზი ძლიერი და ტიტულოვანი მოჭიდავე იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს წაუგებელი გახლდათ. თბილისის ტურნირის ფინალში მახსოვს რომ მასთან დაძაბული შეხვედრა მქონდა და ორი კოკას ხარჯზე, დამსახურებულად მოვიგე. ანჯელოს შემდეგ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზეც შევხვდი და მაშინაც დავამარცხე. და მაშინ რა გამოდის, დადიოდა ეს კაცი შეჯიბრებებზე და სადაც შემხვდებოდა მითმობდა? არ ვიცი რაში დასჭირდა ამ სიცრუის მოგონება", - გვითხრა ბატონმა თემურმა.
აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ ხუბულურის პირად მწვრთნელ გივი ზაუტაშვილსაც.
"მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ძლიერი მოჭიდავე იყო, მახსოვს, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ამაყი ხასიათიც ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, თემურს მასთან დასათმობი ნამდვილად არაფერი სჭირდა!
ხუბულურის კარიერა სავსეა დიდი გამარჯვებებით, რომლებსაც ასე დათმობებით ვერ მოიხვეჭდა.
პარიზისთან მას ორჯერ აქვს მოგებული. თბილისში მასთან პირველ შეხვედრამდე კი თემური უკვე იყო ევროპის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც ჰქონდა, ანჯელო რომ ამბობს ჩემთან მოგების მერე მიიღოო, უკვე მოპოვებული ჰქონდა", - გვითხრა ბატონმა გივი ზაუტაშვილმა.
საინტერესოა, რომ 62 წლის ფრანგი მოჭიდავე ამავე ინტერვიუს სხვა ეპიზოდში ხაზგასმით ამტკიცებს, რომ იგი ტატამზე არასოდეს მიმართავდა ხრიკებს, არ თვალთმაქცობდა და ყოველთვის სამართლიანად ასპარეზობდა. ეს კი, რასაკვირველია, იქვე გამორიცხავს თბილისის ტურნირზე ფინალური შეხვედრის დათმობის ფაქტს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მე ის მაინტერესებს, ქართველების საწინააღმდეგო კომპრომატებს ყოველთვის რუსები როგორ აიტაცებენ ხოლმე. ჯერ იყო და იმას გვაბრალებდნენ, ქართველებმა კუბელი სპორტსმენის მოსყიდვა მოინდომეს ფინალში წასაგებადო, მერე ლიპარტელიანს დენისოვისათვის კბენა დააბრალეს, ახლა კიდევ ეს პარიზის გულმოწყალე წაგება. გასაგებია, საიდანაც უბერავს ქარი. ვერ მოუთმენიათ ჩვენების წარმატებები და შანსს არ უშვებენ, რომ წიხლი არ ჩაგვცხონ, ჭორებით მაინც.