ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. IV დღე: ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი...

AutoSharing Option
აჰა - ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე არტილერიაც გამოვაგორეთ, მაგრამ ვერც გავისროლეთ, იაპონურ-ბრაზილიურ ნაღმებზე ისე აგვიფეთქეს!

ასტანაში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ჩვენი უმედლობა გრძელდება და გუშინ, 27 აგვისტოს, კვარცხლბეკის გარეშე თვით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დაგვრჩა. თან ვერც მისმა დუბლიორმა უშანგი მარგიანმა აჩვენა რამე ღირებული.

ღმერთმა ქნას, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენთვის დარჩენილ ორივე წონაში ოქროს მედლები მოვიპოვოთ, თუმცა ეს მაინც არ მოგვცემს დამშვიდების უფლებას იმ სურათიდან გამომდინარე, რაც დღემდე ვიხილეთ. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ გუნდი სეზონის მთავარ ტურნირს მომზადებული ვერ შეხვდა. ბიჭები
გადაღლილები ჩანან, თითქოს აკლიათ დასვენება, უჭირთ მოძრაობა და ვერ არიან ჩვეულ კონდიციებში.

გუშინ მოჭიდავე დუეტიდან პირველი მარგიანი გავარდა, რომელმაც ჩატარებული ორი შეხვედრიდან ვერც ერთში ვერ იჭიდავა დამაჯერებლად. ჭრიკიშვილი თავიდან შედარებით უკეთ ირჯებოდა და გვეგონა, ის ხარვეზები მხოლოდ მარგიანის პრობლემა იყო (მოგეხსენებათ, მას ტრავმები ჰქონდა), თუმცა დასკვნით ნაწილში ჩვენი ლიდერიც ისე უფერულად ირჯებოდა, აშკარაა - ეს გუნდის საერთო ხარვეზია.

ჭრიკიშვილი ფორმაში ვერც ბაქოში იყო, თუმცა მაინც გახდა ჩემპიონი, ახლა კი იმ ფორმისგანაც გვარიანად იყო დაშორებული. თავიდან, ასე თუ ისე, არა უშავდა, იმის მიუხედავად, რომ ილეთებს ვერ აკეთებდა და კვლავაც ტაქტიკურ ჭიდაობაზე იყო ორიენტირებული. სამაგიეროდ, აკლდა სისწრაფე, კოორდინაცია, ვერც ფიზიკურად იყო სათანადო ფორმაში, რამაც თავი განსაკუთრებით მეოთხედფინალიდან იჩინა, როცა ძლივს გადაურჩა გერმანელ სვენ მარეშთან მარცხს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, შესვენების შემდეგ ის ბევრად უფრო ინერტული დაუბრუნდა ტატამს და ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. თან ისე, რომ ვერც ერთში ვერ მოუმატა, ვერ გაზარდა შეტევის ტემპი, ვერ გააკეთა ერთი გდებაც კი...

არადა, დრო ორივეში საკმარისი ჰქონდა, მაგრამ არ ეყო ძალა, თითქოს არც მონდომება და შემართება ეტყობოდა. მეტიც, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან გაფრთხილებით ჩამორჩენის შემდეგ ანალოგიური სასჯელი კიდევ აქეთ მიიღო ორჯერ!

პენალბერამდე ჭრიკიშვილი იაპონელთა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან იუკოთი დამარცხდა ნახევარფინალში. სამწუხაროდ, ამ ორთაბრძოლებში ჩვენებური ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

მოგებების სერია
ჭრიკიშვილმა ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტთან შეხვედრა აქტიურად დაიწყო - თავიდანვე შეუტია და მეტოქე ზედიზედ სამჯერ ჩავარდა დაბლა. ამის მიუხედავად, მსაჯმა პირველად მაინც ქართველი გააფრთხილა!

კიდევ კარგი, ნამუსზე მთლად არ აიღო ხელი და მერე ჰოლანდიელი ორჯერ დასაჯა ამგვარად, თუმცა ჭრიკიშვილმაც გააგრძელა შემტევი ჭიდაობა და დასრულებამდე 1.58 წუთით ადრე ყველაფერი თავის ადგილას დააყენა, როცა დაუცველ წელში შეუვარდა, კარგად შეეკრა და გარეფეხით იპონზე გადაჩეხა. იმ ეპიზოდში მეტოქე ძალიან უყურადღებოდ მოიქცა. თითქოს აინუნშიც არ ჩაგვიგდო ეს მსოფლიოს ჩემპიონი კაცი, ისე იბრუნა მისგან პირი და საუკეთესო პლაცდარმი მოუმზადა შეტევისთვის. ჭრიკიშვილმაც სათანადოდ დასაჯა დაუდევრობისთვის.

სხვათა შორის, იმავე მსაჯმა, ესპანელმა მანუელ კორტესმა იმსაჯა ჭრიკიშვილის მომდევნო შეხვედრაც მასპინძელ აზიზ კალკამანულისთან და იქაც პირველივე გაფრთხილება იმავე ვითარებაში მისცა! თუმცა ჩვენებურიც აძლევს საამისოდ საბაბს, როცა დაბლა ჩავარდნილ მეტოქეს ჩოქბჯენში არ მიჰყვება და არ ეჭიდავება.

ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჭრიკიშვილმა და შებოჭვებზე ჭიდაობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას, თორემ ფაქტია, მსაჯები ამაზე თვალს არ ხუჭავენ (ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მაინც), კორტესი კი მსოფლიოს რეიტინგში მეხუთეა, ანუ ოლიმპიადაზე აუცილებლად მოხვდება.

თუმცა კალკამანულისთან კორტესმა ნამუსზეც აიღო ხელი და ბოლოს მასპინძელი აშკარად დაინდო, არ მოხსნა მეოთხე გაფრთხილებით. არადა, მესამე გაფრთხილების შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ ჩავარდა და არც უტევდა. ჭრიკიშვილს კი ჰქონდა ორჯერ ილეთის მცდელობა, თუმცა ვერ გამოუვიდა, ოღონდ ერთის შეუფასებლობაზე კორტესის გამტყუნება შეგვიძლია. საბოლოოდ ჩვენმა ლიდერმა ამ ძნელ ბრძოლაში გაფრთხილებებით 3:2 მოიგო.

წინასწარ ეტაპზე უნგრელ ლასლო ქსონაიაისთან მერვედფინალური პაექრობა იყო ერთადერთი, სადაც ჭრიკიშვილმა გდება გააკეთა - თითქოს ამოსმულს ცდილობდა, მაგრამ გარეფეხით უკან გადააგდო. ეს გდება ვაზარი იყო, თუმცა იქვე შებოჭა თან.

ნახევარფინალამდე ჭრიკიშვილს თუ ვინმესთან გაუჭირდა, გერმანელ ევროპის პრიზიორ სვენ მარეშთან მეოთხედფინალში. ავთომ მას წლეულს უკვე მეოთხედ აჯობა, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე გამარჯვება იყო - 2-ჯერ გააფრთხილებინა, თვითონ კი ერთხელ მიიღო და ისიც შეხვედრის ბოლოს, რაც უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან.

თუმცა ჭრიკიშვილს ძალიან გაუჭირდა - შეხვედრის ბოლოს გვარიანად დაიღალა, გერმანელი კი, რომელიც ღირსეული წარმომადგენელია თავისი ქვეყნის საჭიდაო სკოლისა და ფიზიკურად ჩინებულად იყო მომზადებული, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ჩვენებურს. ჭრიკიშვილი, მინიმუმ, ორჯერ ბეწვზე გადაურჩა გდებას, თუმცა ეს უძნელესი პაექრობა მაინც მიიყვანა მოგებამდე.

მან წინა შეხვედრაში უნგრელთან ფეხი იტკინა, რისი გავლენა გერმანელთანაც ეტყობოდა. თან უნგრელის შემდეგ მალევე მოუწია მარეშთან ჭიდაობა, თუმცა, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, გადაღლა მხოლოდ ამის ბრალიც არ უნდა იყოს.

წაგებების სერია
ჭრიკიშვილი პირველად ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ ნაგასესთან. თურმე ტყუილად არ იქადნიდა 21 წლის იაპონელი, ჭრიკიშვილთან შესახვედრად საგანგებოდ ვემზადებიო - ჩვენდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ამ შეხვედრამ სრულად დაადასტურა.

5 წუთის განმავლობაში ნაგასემ ჩავლება არ ააღებინა, ახლოს არ მიიკარა ჭრიკიშვილი, რომელიც საკმაოდ ინერტულად ჭიდაობდა. არადა, ამ შეხვედრას წინ 2-საათიანი შესვენება უძღოდა და თითქოს დასვენება უნდა მოესწრო.

ქართველს ილეთების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ - უშედეგოდ. მეტიც - ამოსმულის მცდელობაზე ნაგასე კონტრილეთზე შეეკრა და შეხვედრის შუაწელში იუკოზე გადაისროლა. ანგარიშის გასაქვითავად დრო საკმაოდ რჩებოდა, მაგრამ ჭრიკიშვილს ამის ილაჯი აღარ ჰქონდა უკვე.

ის ასეთივე ინერტული იყო ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან. თან მორალურადაც გატეხილი მოგვეჩვენა. არადა, ნაგასესთან წაგება თუ მოულოდნელი არც იყო - გუშინდელი ჭიდაობიდან გამომდინარეც და იქიდანაც, რომ იაპონელმა უკვე ზედიზედ მესამედ მოუგო, ბრაზილიელთან წაგება დიდი შოკია.

თუმცა მარცხსაც გააჩნია - ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი მას მერე არ გვინახავს, წინა ოლიმპიურ ციკლში ჩავარდნა რომ ჰქონდა. მართალია, ამჯერად გდება არ გაუშვია, მაგრამ სამი გაფრთხილებით ჩამორჩა, ბრაზილიელი კი მხოლოდ ბოლოს გააფრთხილეს.

დრო აქაც საკმარისზე მეტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქეს ვერც ამჯერად დაუპირისპირა ვერაფერი. ჩვენი ჩემპიონი ფეხს ამ შეხვედრებშიც იტკიებდა, მაგრამ გუშინ იმდენად სუსტი ჩანდა, აშკარაა - პრობლემა სხვა რამეშია. საბოლოოდ გაფრთხილებებით წააგო ბრაზილიელთან, რომელმაც კარიერის პირველი დიდი ჯილდო მოიმკო.

მარგიანის უღიმღამო გამოსვლა
მარგიანს პირველივე შეხვედრაში ცხადად დაეტყო, ტრავმირებული რომ ატარებს სეზონს და საშუალოზე დაბალი დონის პოლონელ ლუკაშ ბლაჩთან მოგებაზეც კი გვარიანად იწვალა - ორივეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, როცა ჩვენებურმა მტკივნეულზე დაიჭირა.

სხვათა შორის, მეტოქემ დასრულებამდე ერთი წამით ადრე დაურტყა ხელი. ვგონებთ, მსაჯმა თავიდან ეს ვერც კი შენიშნა და ზემდგომებმა ანიშნეს, თორემ შეხვედრა დამატებითში რომ გაგრძელებულიყო, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

სამაგიეროდ, მეორე შეხვედრაში მარგიანი ვერაფერს გახდა უზბეკ იაკიო იმამოვთან, რომელიც ილეთზეც დააგდო და კიდეც შებოჭა.

როგორც გითხარით, ჩემპიონი ნაგასე გახდა, ანუ ზედიზედ მეორე დღეა, მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონელთა ტრიუმფი გრძელდება. სამაგიეროდ, გუშინ მათ ქალებში მოეცარათ ხელი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით პირველი ბენეფისი მოიწყო 25 წლის ტინა ტრსტენიაკმა.

კვარცხლბეკი
ვაჟები
81 კგ
1. ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი)
3. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია), ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა).

ქალები
63 კგ
1. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)
2. კლარის აგბენენო (საფრანგეთი)
3. მიკუ ტაშირო (იაპონია), მუნკზაია ცედევსურენი (მონღოლეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწვთთნელო შტაბზეა პასუხი მოსათხოვი
0
ჩაისვარეს....
status quo
11:20 28-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული