60 წელი ძიუდოში - ინტერვიუ ანზორ მარტყოფლიშვილთან

AutoSharing Option
ანზორ მარტყოფლიშვილი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელსაც ბევრი წარდგინება არ სჭირდება. ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს არაოფიციალურ პირველობად აღიარებული თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველი ქართველი გამარჯვებული - ტიტულებისთვის მხოლოდ ესეც კმარა, საზოგადოებრივ საქმიანობას კი რაც შეეხება, ჯერ ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროსაც ძიუდოში ტრიალებდა, ბოლო 27 წელიწადი ძიუდოს დამოუკიდებელ ფედერაციაში მუშაობს სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტზე. უკვე ნელ-ნელა მანაც გადმოიბარა "ძიუდოს პაპის" საპატიო ტიტული.

ის დღეს იუბილარია - 78 წლისა ხდება, ამ თარიღის აღსანიშნავად კი მშობლიურ დედოფლისწყაროში მისი სახელობის ტურნირი ტარდება 1999-2000 წლებში დაბადებულთა
შორის.

წლებმა და შრომამ მარტყოფლიშვილს ენთუზიაზმი ვერ გაუნელა - ვერც სპორტში და ვერც პირად ცხოვრებაში. ფედერაციაში კვლავაც ენერგიულად მუშაობს აღმასრულებელ დირექტორად, განათლებით აგრონომი, კახეთში სოფლის მეურნეობასაც მისდევს და 4 ჰექტარ მიწას ამუშავებს: ვაზსაც უვლის, მზესუმზირა და ხორბალიც მოჰყავს, განთქმულ ღვინოსაც აყენებს, თავადაც კარგი მომლხენი და მოქეიფეა, ხოლო ოჯახს, ცალ-ცალკე მცხოვრებ შვილებს დღემდე საკუთარი ხორბლისგან გამომცხვარი პურით ამარაგებს. მთელი კვირის შრომით დაღლილი შაბათ-კვირას სოფელში გარბის და იქ მუშაობს თავაუღებლად.

ივლისში თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ანზორ მარტყოფლიშვილისთვის ორმაგად წარმატებული გამოდგა - ჩვენი ძიუდოისტების გამარჯვებებით ხომ გაიხარა, ევროპის ძიუდოს კავშირმა ძიგორო კანოს სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა, რომელიც ფესტივალზე გადასცეს. ინტერვიუც ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- არც ვიცოდი, ამ დაჯილდოების შესახებ - გვითხრა ანზორ მარტყოფლიშვილმა. ჯილდო, რომელიც ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი სოლოვეიჩიკმა გამომიგზავნა, ძიუდოში ამდენი ხნის მოღვაწეობის გამო გადმომცეს. თურმე რამდენიმე დღე ჩამოტანილი ჰქონდათ თბილისში და არ მეუბნებოდნენ. ფესტივალის დამთავრების წინადღეს ჩემს ოთახში ვიჯექი და ვმუშაობდი, როცა შესვენებისას დარბაზში დამიძახეს, ჯილდო უნდა გადმოგცეთო. მაშინ გადმომცეს სოლოვეიჩიკის სახელით.

- მოკლედ, ფესტივალი თქვენთვისაც წარმატებული გამოდგა, აბა, ქართული ძიუდოსთვის ხომ - თავისთავად...
- ამ შედეგს ველოდით. თან როცა ჩვენთან ტარდებოდა, მოვალეც ვიყავით, წარმატებით გვეასპარეზა, მაგრამ გოგოებისგან ასეთი გამოსვლა დიდი მოულოდნელობა იყო. ვინ მოიფიქრებდა, რომ ორი გოგო გაგვიხდებოდა ჩემპიონი. მზია ბებოშვილმა წინა კვირებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა და იმისგან კიდევ თუ ველოდით, ეთერ ლიპარტელიანისგან ნამდვილად არ მეგონა. თან ძალიან კარგად იჭიდავეს. დანარჩენ ორ გოგოზეც ქების მეტი არაფერი მეთქმის, ბიჭებმაც მხარი აუბეს და ქვეყანა გავახარეთ.

ანალოგიურ ფესტივალში 1993 წლიდან გამოვდივართ და ქართველთა მედლების აბსოლუტური უმეტესობა ძიუდოისტების მოპოვებულია.

თვითონ ამ ფესტივალის ჩატარებაც ნამდვილი მოვლენაა თბილისისთვის. თავიდან იყო პრობლემები, რომ ძიუდოს ტურნირი აქ, ძიუდოს აკადემიის დარბაზში არ უნდა ჩატარებულიყო. მაშინ იყო ლაპარაკი, რომ დარბაზს 1000-კაციანი ტრიბუნა უნდა ჰქონოდა, რისი საშუალებაც ჩვენთან არ იყო. ეს პრობლემა მოგვიანებითაც დადგა, როცა ტექნიკური დელეგატები ბაზებს ამოწმებდნენ და ორჯერ კატეგორიული უარი გვითხრეს.

მერე მეც ვთქვი, აქ საქართველოს ჩემპიონატს ვატარებთ ორ ტატამზე, წონაში 32 კაცს ვუშვებთ და ორ დღეში თავისუფლად ვრჩებით, ფესტივალს კი ხუთ დღეში როგორ ვერ ჩავატარებთ, იმდენი დრო დაგვრჩება, სულ რესტორნებში გატარებთ-მეთქი. ბოლო-ბოლო, მაინც დაგვთანხმდნენ, თუმცა ჯიბრში რომ ჩაგვდგომოდნენ, არ დაგვრთავდნენ ნებას.

კიდევ კარგი, აქ რომ გადაწყდა და არა სპორტის სასახლეში - ახლა ეს დარბაზიც შეგვრჩა. თუმცა ხარისხიანად არაა გარემონტებული - სარდაფში წყალი ჟონავს და კრივის დარბაზში ჩადის, აგერ, ჩემს ოთახშიც სამჯერ ჩამოვიდა წყალი ჭერიდან - ეს ამ ზაფხულში და მერე რა იქნება, როცა წვიმები დაიწყება.

სხვა ოთახებში ჩამოვიდა წყალი, საპირფარეშოების ნაწილი დავკეტეთ, რადგან მოიშალა და ანტისანიტარიაა, გათბობის მილები ჯერ დახსნეს, მერე ისევ აყენებდნენ, მაგრამ ახლა ფედერაცია ჩვენი ძალებით ვაკეთებთ უფრო ეკონომიურს - გაზზე, რომელიც დენთან შედარებით ბევრად იაფია.

შემოსასვლელში მეტლახი აყარეს და თავიდან დააგეს. არადა, ის ადრინდელი ჯობდა. რა საჭირო იყო ამ თანხის თავიდან გაღება, ეს ხომ ფულის წყალში გადაყრაა?! იმავეს ვიტყვი კარ-ფანჯრებზეც - უფრო უკეთესები ჩამოხსნეს და წაიღეს, ჟალუზებიც თან გააყოლეს და ახლა საერთოდ არ გვაქვს.

ძალიან კარგია, რომ გაარემონტეს და გააკეთეს, მაგრამ ბევრად ხარისხიანად შეიძლებოდა. ეგაა, რომ ამით ვისარგებლეთ და დარბაზი შეგვრჩა. მათ შორის, ფესტივალისთვის ჩამოტანილი ტატამები და სხვა სახის ინვენტარიც დაგვრჩა, შიდა ინტერიერიც გადაკეთდა და ოთახები დაგვემატა.

შენიობის ჩვენთვის გადმოცემაც გაიწელა, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად გადაიჭრება და მაშინ უკვე ნამდვილი ფედერაცია, ნამდვილი აკადემია იქნება. აქ, შეიძლება, ყოველ 2-3 თვეში 400-500 კაცი მოიყვანო სავარჯიშოდ. 3-4-ჯერ რომ ჩამოიყვანო ამდენი ხალხი ერთობლივ შეკრებაზე, მარტო ეგ შეინახავს ფედერაციას.

- მახსოვს, ჩვენი ბოლო საუბრისას ბრძანეთ, ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი ისაა, რომ ძიუდოს საკუთარი ბაზა არ აქვსო. შეიძლება ითქვას, ოცნება აგიხდათ, თუმცა მის შესანარჩუნებლად პირადადაც ბევრი იბრძოლეთ - ამ რემონტის დროს თქვენც იდექით აქ გუშაგად და თურმე კარვის დადგმასაც კი აპირებდით ღამის გასათევად.
- სად არ ვირბინე სამხედროებში, რომ ორი კარავი ეთხოვებინათ. არადა, თავდაცვის სამინისტროს აქ შეჯიბრებებს ვუტარებთ, ტატამიც ვაჩუქეთ და ვიფიქრე, უარს როგორ მეტყვიან-მეთქი, მაგრამ არ გვაქვს კარვებიო. ვერაფრით დავიჯერებ, რომ არ ჰქონდათ, მაგრამ რა მექნა და ხელი ჩავიქნიე. შენობის უკან ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი რომ გვაქვს, იქ მინდოდა მისი დადგმა, რადგან არ ვიცოდით, ფესტივალის შემდეგ დაგვრჩებოდა თუ არა ეს შენობა.

ამ რემონტის პერიოდში 400-ზე მეტი ბავშვი დავკარგეთ - აქ რომ აღარ იყო სავარჯიშო პირობები, სხვაგან წავიდნენ. ახლა ისევ იწყება შევსება და იმის მიუხედავად, რომ სამი დარბაზია, მაინც არ ჰყოფნით, იმდენად დიდი ინტერესია.

- ფედერაციაშიც უკვე ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი ბრძანდებით.
- ფედერაციის დაარსების დღიდან აქ ვმუშაობ. დამფუძნებელ ყრილობაზე დილარ ხაბულიანი პრეზიდენტად აირჩიეს, მე - ვიცე-პრეზიდენტად. სამჯერ ვიყავი არჩეული ამ პოსტზე, ორჯერ - გენერალურ მდივნად. ჩემი ხელმოწერაა ფედერაციის დამფუძნებელ ოქმზე, მისი ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. მას შემდეგ აქ ვარ. მათ შორის - უკიდურესი გაჭირვების დროს, როცა ხაბულიანი სამი წელი მოსკოვში იყო გაქცეული, ჩემზე იყო მმართველობა გადმოსული, როგორც ვიცე-პრეზიდენტზე. არც დენი იყო, არც - წყალი და არც არაფერი ფედერაციაში, თუმცა არც ერთი საერთაშორისო ტურნირი არ ჩამიშლია, მაინც ვატარებდი.

მახსოვს, დენი რომ არ იყო, ხელის საბეჭდი მანქანა ვიყიდე და იმაზე ვბეჭდავდი წერილებს - არ მინდოდა, რაკი პრეზიდენტი არ იყო, ძიუდოს ფედერაცია სხვაზე ნაკლები გამოჩენილიყო.

უკვე 27 წელიწადია, ფედერაციაში ვარ, თუმცა დრო მოვა და მეც წავალ. ენთუზიაზმი ისევ დიდია და მინდა, ამ ოლიმპიურ ციკლში დავრჩე, მერე კი, ალბათ, დარაჯად მაინც დამტოვებენ.

აქვე გეტყვით, რომ მთლიანობაში, 60 წელიწადი ვიყავი ძიუდოში. განათლებით აგრონომი ვარ, ფიზკულტურის ინსტიტუტიც დავამთავრე, პოლიციის მაიორიც ვარ და ხაბულიანი ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსობასაც მთავაზობდა, მაგრამ არ დავთანხმდი, ძიუდოს ვერ ვუღალატე.

- კარიერაც საკმაოდ წარმატებული გქონდათ. როგორ იხსენებთ წარსულს, რაზე გწყდებათ გული?
- ქართველებიდან თბილისის ტურნირის პირველი ჩემპიონი ვარ - 1970 წელს დაარსდა, როცა პრიზიორი გავხდი, 1971-ში კი მე და გურამ გოგოლაურმა მოვიგეთ. ამის შემდეგაც მქონდა მედლები, 1975 წელს კი სპორტიდან გამაცილეს. ევროპის ჩემპიონი 1968 წელს გავხდი. ჩემს ბედზე, იმ წელს ოლიმპიადის პროგრამაში ძიუდო არ იყო, თორემ აუცილებლად მომიწევდა იქ გამოსვლა. 1972 წელს ნაკრებში აღარ ვიყავი უკვე. თუმცა 1971 წელს ისევ ვიჭიდავე ევროპაზე, იქ გუნდურში მხოლოდ მე მოვიგე ყველა შეხვედრა. საერთაშორისო ტურნირებშიც ბევრი გამარჯვება მიზეიმია, ერთხელ 71 კილოგრამშიც გავიმარჯვე. დინამიადებიც ბევრჯერ მომიგია გუნდურში - 5-6-ჯერ.

- ყველაფერთან ერთად, დიდი ოჯახის პაპაც ბრძანდებით.
- მართლაც დიდი ოჯახი მყავს - 4 შვილი და 10 შვილიშვილი. შარშან ქორწინების 50 წლის იუბილე გადავიხადე და ყველას ერთად მოვუყარე თავი. უფროსი ვაჟი 60 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონიც გახდა, მერე კი ქალთა ნაკრების მწვრთნელი იყო "დინამოში" გოდერძი ველიჯანაშვილთან ერთად. თეა დონღუზაშვილი, ლუდა ფერაძე, ნათია ვეშაგური და იმ თაობის გოგოები სულ მასთან იყვნენ.

მერე ჩემმა ვაჟმა მილიციაში დაიწყო მუშაობა და ძიუდოს თავი დაანება. მას ორი შვილი ჰყავს და ორივე ჭიდაობდა ძიუდოს. უმცროსი - ბექა მერე რაგბში გადავიდა, რადგან წონაში მოიმატა ძალიან. უფროსმა, ჩემმა მოსახელე ანზორმა, ადრე დაანება თავი სპორტს და დღეს საბურთალოს რაიონის სამაშველო სამსახურში მუშაობს.

დანარჩენი შვილები გოგოები არიან, თუმცა იმათგან მხოლოდ ერთი ცხოვრობს თბილისში, ერთი გერმანიაშია გათხოვილი, ერთიც - ირლანდიაში, თუმცა ქართველი მეუღლე ჰყავს, ახმეტელი. გერმანელი სიძე "ბოინგის" ქარხანაში მთავარ ინჟინრად მუშაობს. ჩემი ქორწინების აღსანიშნავი ბანკეტი მისი დაბადების დღეს დავამთხვიე - 5 აგვისტოს. ძალიან კარგი ადამიანია, ორი შვილი ჰყავთ, ქალ-ვაჟი, ირლანდიაში მცხოვრებ გოგოს კი - სამი. ამ შემოდგომაზე ორივე შვილი შვილიშვილებთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში, ბავშვები გიჟდებიან აქაურობაზე.

მესამე ქალიშვილი, რომელიც აქ ცხოვრობს, ორი გოგოს დედაა. ერთი საოპერო მომღერალია და გერმანიაში ჩააბარა, იქ სწავლობს. მისი უმცროსი და ჯერ მოსწავლეა, თუმცა მოცეკვავეა, ნინო ანანიაშვილის ჯგუფში ცეკვავდა. სამწუხაროდ, ფეხი იტკინა და ახლა მსახიობობაზე გადაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული