ბექამ ეს შეძლო! ღვინიაშვილი, ოლიმპიადის ფავორიტი [VIDEO]

AutoSharing Option
ბაქოს "დიდ მუზარადზე" ბექა ღვინიაშვილი (100) ჩვენი ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ მან მოიპოვა ეული მედალი, თუმცა კი - ოქროსი! თანაც, ულამაზეს ფინალში: 36-ე წამზე უნგრელი მიკლოშ ცირიენიჩი წელიდან აიყვანა და ბრუნით იპონზე "დააჭედა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ უსწრაფესი მოგებით ღვინიაშვილმა ყველა დასახული ამოცანა შეასრულა: ოლიმპიურ რეიტინგში ჯერ არნახულად მსუყე ლუკმა - 500 ქულა მიითვალა და 1268 გაუხდა, რითაც მსოფლიოს რეიტინგში 25-დან მე-12 ადგილზე აინაცვლა. ამით, პრაქტიკულად, გაინაღდა ოლიმპიადის საგზური, ხოლო მასტერსზე გამოსვლა საბოლოოდ დაიბევა.

მართალია, 27-29 მაისს მექსიკურ
გვადალახარაში გასამართ მასტერსამდე 13-15-ში ალმატის "დიდი პრიზია", მაგრამ დავიჯერო, იქ კვარცხლბეკზე მხოლოდ მისი უშუალო კონკურენტები ავლენ? ასევე ძნელი წარმოსადგენია, ამ დარჩენილ ორადორ სალიცენზიო შეჯიბრებაში მისმა კონკურენტებმა იმდენად იხეირონ, ჩვენებური საოლიმპიადო ზონიდან ამოაგდონ. ამიტომ სავსებით გასაგებია ფინალის შემდეგ ბექა ღვინიაშვილის - ამ უემოციო მოჭიდავის თავშეკავებული ემოციები.

არადა, ღვინიაშვილმა ბაქოში შეუძლებელი შეძლო და თავი წარმოუდგენლად ძლიერ მოჭიდავედ წარმოაჩინა. ფინალამდე მან იმდენად ძლიერ მეტოქეებს მოუგო, უნგრელთან ლამის წინასწარ შეიძლებოდა მისთვის მილოცვა - ცირიენიჩი არაფერია მათთან შედარებით. ასეთი ჯგუფიდან ასე დამაჯერებლად გასვლა, ამ დონის ჭიდაობით მიღწეული წარმატება - ტურნირამდე ეს მთლად ფანტასტიკის სფერო თუ არა, ძნელად წარმოსადგენი მაინც იყო, ბექამ კი ეს შეძლო!

დღეს აქა-იქ კამათობენ იმაზე, რომ 100 კილოგრამი არაა იმდენად კაშკაშა ვარსკვლავებით დახუნძლული, როგორიც სულ ცოტა ხნის წინ კოსეი ინუეს, ანტალ კოვაჩის, ნიკოლას ჟილის, არიელ ზეევისა და სხვათა თაობა იყო, მაგრამ არც მთლად გაღარიბებულია, ბაქოში კი ვინც გამოვიდა ლიდერთაგან, უმეტესობა ღვინიაშვილის მხარეს მოხვდა.

თავად განსაჯეთ, მან რა დონის ფალავნებს მოუგო - არაბთა საემიროების ნატურალიზებულ მსოფლიოს პრიზიორს, მოლდოველ ივან რემარენკოს ვაზარი იპონით ამოუქაჩა, აზერბაიჯანელებს მოხდენილი მოგვერდით თვალწინ დაუმსხვრია მსოფლიოს ჩემპიონი კერპი ელხან მამადოვი, ირანელი აზიის ჩემპიონი ჯავად მაჰჯოუბი შებოჭა, მეოთხედფინალში გერმანელთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორ დმიტრი პეტერსს ვაზარ-იუკოთი მოუგო, ნახევარფინალში კი ბრწყინვალედ დააიპონა იაპონიის წლევანდელი ჩემპიონი აარონ ვოლფი.

ამათგან კრიტიკული ვითარება მხოლოდ რემარენკოსთან შეექმნა, როცა მეტოქის გდება მსაჯმა თავიდან იპონად შეაფასა, მაგრამ გადააკეთებინეს, სხვებში კი მთელი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე. კი - იყო დაძაბული შეხვედრები, მაგრამ მაინც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ტურნირი.

რაც მთავარია, ღვინიაშვილს წინსვლა, პროგრესი ეტყობა - ცოტა ხნის წინ, როცა ახალ წონაში გადაჰყავდათ, ძნელად თუ წარმოვიდგენდით მის ასეთ განვითარებას, ასეთ სიმაღლეზე ასვლას. მართალია, ცოტა დაბალია ამ წონის პარამეტრებისთვის, მაგრამ ამას სხვა კომპონენტების ხარჯზე ანეიტრალებს და ლიდერებთან არათუ ტოლ-სწორად შეუძლია ჭიდაობა, არამედ თანდათან სულ უფრო იკვეთება მისი უპირატესობა.

აგერ, მის მიერ "მონადირებულ სკალპებს" ბაქოში რამდენიმე ახალიც შეემატა - მამადოვი, მაჰჯოუბი, თუმცა ყველაზე ფასეული მაინც გერმანელი პეტერსია, როგორც წონის ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც წარმატებით "დატესტა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყველაზე უფრო გასახარი ისაა, რომ მისი ჭიდაობა არ კარგავს ტექნიკურ ხიბლს და სანახაობრივად ისევ ისე ლამაზი, თვალსასეიროა, მაყურებელს რომ ემოციას მოჰგვრის და ოვაციას გამოიწვევს.

ყველაფერთან ერთად, ღვინიაშვილი ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული და ამაშიც ვერავინ დაჩაგრა, პირიქით. მისი ჭიდაობა ისევ ტექნიკისა და "ფიზიკის" ნაზავი იყო - დგომშიც ხომ ბლომად აკეთებდა ილეთებს, დაბლაჭიდში ჩაიყვანდა თუ არა, იქ შებოჭვას ცდილობდა.

"ფიზიკაში" განსაკუთრებით მკაცრი გამოცდა გაცილებით ტანმაღალ და ჯანიან პეტერსთან ჩააბარა - ამხელასა და ასე ძლიერ "მასას" 5 წუთი თანაბრად ეჭიდავა, ილეთებიც გაუკეთა და რამდენჯერმე შებოჭვაც დაუპირა.

ფიზიკურად ვოლფიც კარგად ჩანს მომზადებული, მაგრამ ისიც ძალისმიერი ილეთით დაამარცხა. და ამ დროს ხელი სტკიოდა - ირანელმა ატკინა მტკივნეულის მცდელობისას და მომდევნო შეხვედრაში გერმანელთან ხშირადაც იტკიებდა მას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ღვინიაშვილი ჯერ კიდევ არ შეხვედრია წონის რამდენიმე ფავორიტს, თუმცა რაც ბაქოში ვნახეთ, ის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების კანდიდატია.

მძიმეში ისევ მძიმედ
100 კილოგრამის გარდა, ბაქოს ტურნირს დიდი დატვირთვა ჰქონდა მძიმეშიც, სადაც შიდა კონკურენციაა გასარკვევი, თორემ ოლიმპიადის საგზური განაღდებულია. სამწუხაროდ, ამ წონაზე დადებითს ვერაფერს ვიტყვით, რეალობა კი ასეთია - ლევან მატიაშვილმა ადამ ოქრუაშვილზე ოდნავ უკეთ იჭიდავა, ერთი წრე მაინც გაიარა, თუმცა რეიტინგში ეს ბევრს ვერაფერს შემატებს.

ბოლო რამდენიმე ტურნირია, მატიაშვილი კონკურენტზე უკეთ ჭიდაობს და რეიტინგშიც გადაუსწრო მას. ბაქოში ოქრუაშვილი პირველივე წრეში სუფთად დამარცხდა ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან, მატიაშვილმა ვენესუელელი პედრო პინედა გაფრთხილებებით მოახსნევინა, მაგრამ წააგო მობერებულ უზბეკ აბდულო ტანგრიევთან.

ესაა ჩემპიონის რეზერვი?
ამ ორი წონის გარდა, ბაქოში ჩვენები ძირითადად ისეთი გუნდით გამოდიოდნენ, მათგან დიდ შედეგს არავინ ელოდა. უმეტესობა გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს, თუმცა რამდენიმე ძველი ლიდერიც ერია. ოღონდ, როგორიც უნდა ყოფილიყო სატურნირო დანიშნულება, ღვინიაშვილის გარდა, ბაქოში დანარჩენთა შედეგი მაინც ძალიან შემაშფოთებელია - ფაქტობრივად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს რეზერვი არ ჰყავს.

თავად განსაჯეთ: პირველივე შეხვედრები წააგეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) - მონღოლთა მსოფლიოს ფინალისტ ამარტუვშინ დაშდავაასთან; ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა (66) - მომავალ ფინალისტთან, ყაზახ აზამატ მუკანოვთან; 90 კილოგრამში საბოლოოდ გადაბარგებულმა უშანგი მარგიანმა - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან.

მხოლოდ თითო პაექრობა მოიგეს გელა კელიხაშვილმა (66), ანზორ ხმიადაშვილმა, ფრიდონ გიგანმა (ორივე - 73), კობა მჭედლიშვილმა (81), თორნიკე ჯუღელმა (90) და ლაშა ტაველურმა (100).

ამათგან საყვედურს ვერ ვიტყვით ჯუღელზე, რადგან მეორე წრეში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა. მეტ-ნაკლებად გამართლება აქვს ტაველურის წაგებასაც ასევე რუსთან, ადლან ბისულთანოვთან, თუმცა არ გეგონოთ, მათაც ვამართლებდეთ. ეტყობა, მარგველაშვილი ჯერაც ევროპის ჩემპიონობით გამოწვეულ ეიფორიაშია. ვფიქრობთ, რომ არა განთესვის ზონაში შესასვლელად საჭირო ქულები, მას ამ ტურნირზე არც წაიყვანდნენ.

დანარჩენი ფალავნებისგან ამბაკო ავალიანი (81) აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც სანუგეშო წრემდე მივიდა: ბრიტანელ ოუენ ლივესეისთან გაფრთხილებებით, უზბეკ შახზოდბეკ საბიროვთან კი ვაზარ-იპონით მოგებების შემდეგ ის ჯერ მეოთხედფინალში დამარცხდა ჰოლანდიელ ფრენკ დე უაიტთან, მერე კი სანუგეშოში პირველივე ბრძოლა წააგო პორტუგალიელ კარლოს ლუზთან და მეშვიდეზე დარჩა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩავარდნა აქვს მჭედლიშვილს - ბოლო წლებში ახალი თაობის ერთ-ერთ ნიჭიერ წარმომადგენელს.

ურიგოდ თითქოს არც გიგანს უჭიდავია. მან თბილისშიც ლამაზად იასპარეზა და აქაც კარგი ილეთი გაუკეთა მასპინძელ ისმაილ პირიევს. ვფიქრობთ, მას ხშირი სატურნირო პრაქტიკა იმ ხარვეზს ამოავსებინებს, რის გამოც ჯერჯერობით უცხოეთში მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებს, თორემ სათანადო მონაცემები აქვს.

სამწუხაროდ, ქალთა შორის ჩვენს ერთადერთ მონაწილეს - მარიამ ჯანაშვილსაც არ გამოუვიდა წარმატებული დებიუტი ზედა წონაში, 57 კილოგრამში - პირველივე წრეში დამარცხდა ბულგარელ ეველინა ილიევასთან.

ბაქოს გრანდ სლემი
ვაჟები
60 კგ
1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
2. რიუიუ ნაგაიამა (იაპონია)
3. ეშლი მაკენზი (ბრიტანეთი)
დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ
1. მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
2. აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)
3. ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
სუგოი ურიარტე (ესპანეთი)

73 კგ
1. მირალი შარიფოვი (უზბეკეთი)
2. გიოსიონ ბობოევი (უზბეკეთი)
3. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
ინჯირიგალა საი (ჩინეთი)

81 კგ
1. ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3. მატეო მარკონჩინი (იტალია)
ფელიპე ივან სილვა მორალესი (კუბა)
7. ამბაკო ავალიანი (საქართველო)

90 კგ
1. მარკუს ნიმანი (შვედეთი)
2. ალექსანდრ კუკოლჯი (სერბეთი)
3. აქსელ კლერჯე (საფრანგეთი)
კირილ დენისოვი (რუსეთი)

100 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2. მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი)
3. დმიტრი პეტერსი (გერმანია)
აარონ ვოლფი (იაპონია)

+100 კგ
1. იაკივ ხამო (უკრაინა)
2. როი მეიერი (ჰოლანდია)
3. ბარნა ბორი (უნგრეთი)
დავიდ მოურა (ბრაზილია)

ქალები
48 კგ
1. ჯულია ფიგუეროა (ესპანეთი)
2. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3. ოტგონცეცეგ გალბადრაკი (ყაზახეთი)
ლაეტიტა პაიე (საფრანგეთი)

52 კგ
1. გილი კოენი (ისრაელი)
2. ოდეტა გიფრიდა (იტალია)
3. იინგან მა (ჩინეთი)
ბუნდმაა მინკბაატარი (მონღოლეთი)

57 კგ
1. ცუკასა იოშიდა (იაპონია)
2. ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)
3. საბრინა ფილცმოზერი (ავსტრია)
ტონგიუან ლუ (ჩინეთი)

63 კგ
1. ალისე შლეზინგერი (ბრიტანეთი)
2. მარიანა მიშკოვიჩ-ჰასანბეგოვიჩი (ხორვატია)
3. მარიცეტ ესპინოზა (კუბა)
ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი)

70 კგ
1. მარია ბერნაბეუ (ესპანეთი)
2. მარია პორტელა (ბრაზილია)
3. მარია პერესი (პუერტო რიკო)
ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)

78 კგ
1. ხუუსიე სტეენჰუისი (ჰოლანდია)
2. მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
3. ლუისე მალზანი (გერმანია)
მამი უმეკი (იაპონია)

+78 კგ
1. კანაე იამაბე (იაპონია)
2. სონგ იუ (ჩინეთი)
3. ემილიე ანდეოლი (საფრანგეთი)
ნიელ ჩეიკ როუჰოუ (ტუნისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბექა გაიხარე, მალე ღვთის წყალობით და შენი მონდომებით, ოლიმპიური მედალი მოგველოცოს, რაც უფრო ბზინვარე მით უკეთესი.
gizog
09:50 10-05-2016
0
რაც ღვინიაშვილმა შეძლო,მსგავსს მსოფლიოში ვერავინ შეძლებდა.გაიხაროს და მომავალი წარმატებები მიგველოცოს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული