ლაშა შავდათუაშვილი: თუ ბევრს იშრომებ, წარმატება თავად მოგძებნის

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში, ცალკეული წონითი კატეგორიის ლიდერთა შორის, განსაკუთრებით თანაბარი კონკურენცია 73 კგ-შია, რომელსაც გორის ჭიდაობის დარბაზის აღზრდილები - ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილი წარმოადგენენ.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ორივე მათგანს დიდი ხანია მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ რიოში გამგზავრება, მოგეხსენებათ, თითოეული წონიდან მხოლოდ ერთ სპორტსმენს შეუძლია. ლაშას და ბაჩოს შორის არჩევანი კი მწვრთნელებისთვის რთული გასაკეთებელი იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ისინი უახლოსი მეგობრები არიან...

თუმცა მათი მეგობრობა, მეორე მხრივ, იქნებ აადვილებდა კიდეც გადაწყვეტილების მიღებას. ასე თუ ისე, ნაკრების მწვრთნელებმა
ორივე სპორტსმენს გააცნეს თავიანთი პოზიცია, თუ რომელ შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოარჩევდნენ ოლიმპიადაზე წამსვლელ ფალავანს...

ამ გზაზე, ბოლო ეტაპი ახლახან დასრულებული ალმათის გრან-პრი იყო, სადაც შავდათუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ტატალაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, არჩევანიც ოლიმპიური ჩემპიონის სასარგებლოდ გაკეთდა.

საშეჯიბრო თვალსაზრისით, ლაშას მომდევნო გაჩერება რიო დე ჟანეირო იქნება. ექსკლუზიურად ჟურნალ "Lelo week"-ისთვის ის ამ კონკურენციის თაობაზე, წინასაოლიმპიადე განწყობასა და სხვა საინტერესო დეტალებზე გვესაუბრა...

- ალმათის გრან-პრი, შესაძლოა, წარმომადგენლობითი თვალსაზრისით უძლიერი შეჯიბრება არ ყოფილა, მაგრამ შენსა და ბაჩოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა...
- ყაზახეთის ამ ქალაქში ჩვენთვის უდავოდ საპასუხისმგებლო ტურნირი ჩატარდა, რადგან იქ წყდებოდა ოლიმპიადაზე წამსვლელის ვინაობა 73 კგ-ში. მართალია ლიცენზია ორივეს გვქონდა, მაგრამ ნაკრების მთავარმა და დამხმარე მწვრთნელებმა ადრევე გვითხრეს, თუ რომელ ტურნირებზე მოგვეცემოდა შანსი რიოში გამგზავრებისთვის უპირატესობის დასამტკიცებლად.

ბაჩოსთან კონკურენცია, რასაკვირველია, ძალიან რთული იყო, რადგან ის ჩემთვის არა მხოლოდ მეგობარია, არამედ ოჯახის წევრივითაა და ასეთ ადამიანთან კონკურენცია, ცხადია, გაცილებით რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. თუმცა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ რომ ყოფილიყო მიღებული, მე არ მეწყინებოდა და ოლიმპიადაზე მას წარმატებას ვუსურვებდი.

- თქვენ არაერთხელ უშუალოდაც შეხვედრიხართ ერთმანეთს შეჯიბრებაზე. ბაჩომ ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სწორედ გამომდინარე მეგობრობიდან, ყველაზე მეტად შენთან უჭირდა ჭიდაობა...
- როგორ გინდა, თავი საბრძოლოდ განაწყო, როცა ეპაექრები ადამიანს, რომელიც შენი უახლოესი მეგობარია. მნიშვნელობა არა აქვს, ის სხვაზე ძლიერია თუ არა, ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია სწორედ მასთან ჭიდილი. მაგრამ ეს სპორტია. ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვართმევთ, მხოლოდ მოიპოვებს ის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში გაიმარჯვა.

- ალმათიში განსაკუთრებით რთული, ალბათ, ტიტულოვან მონღოლ სანჯარგალთან პაექრობა იყო...
- ყველა მეტოქესთან რთული იყო ბრძოლა, იმის მიუხედავად, ჰქონდა ტიტული მას, თუ არა. პირველივეში აზოიდისთანაც არ ყოფილა იოლი, მერე ჩინელთან, რომელიც, ისევე, როგორც სანჯარგალი, საშინლად უხერხული მოწინააღმდეგეა.

- აზიელებთან დადებითი შედეგის მოპოვება ყველას უჭირს. კონკრეტულად რაშია მათი უპირატესობა?
- მათი მთავარი კოზირი ფიზიკური სიძლიერეა, ამასთან, ხელშეწყობაც ძალიან კარგი აქვთ. არ ვამბობ, რომ ჩვენ ცუდი ხელშეწყობა გვაქვს, მაგრამ იქამდე ბევრი გვაკლია. თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სავარჯიშო პირობები აქვთ ამ ქვეყნების ძიუდოისტებს. ჩვენ ჩავდივართ მათ პირობებში სავარჯიშოდ და კარგია, თუ საქართველოშიც ანალოგიური სიტუაცია გვექნება, რაც აზიაში გვიზიდავს.

- ეროვნულ გუნდს შეკრებები ხშირად აქვს როგორც აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში. წმინდა სპორტული თვალსაზრისით, რას ითვისებთ აზიაში მოსამზადებელი შეკრების დროს და რას - ევროპაში?
- აზიელებს სხვა სტილი აქვთ, ევროპელებს - სხვა, და ორივეგან შეიძლება გარკვეული განსხვავებული დეტალები დაამატო შენი მომზადების დონეს.

- ახალ წონაში 2014 წლიდან ასპარეზობ. ახალ გარემოსთან ადაპტირება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ამჯერად ალბათ უკვე ბოლომდე შეეგუე 73 კგ-ს.
- ახალ წონაში რომ გადავედი, არა მხოლოდ თავდაპირველად, მერეც ბევრი მეუბნებოდა - ჯობდა ეს ნაბიჯი არ გადაგედგაო. მაგრამ შევეჭიდე, რადგან, ჯერ ერთი, უწინდელთან შედარებით ფიზიკურად გავიზარდე და 66 კგ-ში მიჭირდა წონის შენარჩუნება, და მეორეც - დარწმუნებული ვარ, ადამიანი თავდაუზოგავად თუ იშრომებს, ყოველთვის მიაღწევს შედეგს. მე მიყვარს ჩემი საქმე. ვარჯიშებზეც და შეჯიბრებებზეც ბოლომდე ვიხარჯები. ამიტომ მჯეროდა, რომ ამ წონაშიც მოვძლიერდებოდი. მჯერა - ბევრს თუ იშრომებ, წარმატება თავადაც მოგძებნის.

- წლეულს, აქამდე ყველაზე უკეთეს ფორმაში ყაზანში ევროპის ჩემპიონატისას იყავი - ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც, ილეთების არსენალიც უფრო მრავალფეროვანი ჩანდა.
- ევროპის ჩემპიონატს მართლაც კარგად შევხვდი, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი ნამდვილად არ არის. ოლიმპიადას კიდევ უკეთეს ფორმაში შევხვდები.

- ყაზანში ოქროს მედლამდე სულ ორიოდე წამი დაგაკლდა. რუსტამ ორუჯოვთან ფინალური დაპირისპირების გახსენება, ალბათ, ძალიან მტკივნეულია შენთვის, მსაჯების გადაწყვეტილების გამო...
- მიმაჩნია, რომ სპორტსმენმა ვინმეზე გადაბრალება არ უნდა დაიწყოს, ყოველ შემთხვევაში, პირველი ემოციური რეაქციის შემდეგ მაინც. ჯობია დაჯდე და მშვიდად გააანალიზო მომხდარი. ყოველთვის საკუთარ თავში ვცდილობ შეცდომების ძიებას. მომავალი გამარჯვებებისთვის ეს უფრო გამომადგება. უშუალოდ ორუჯოვთან კი, მიმაჩნია, რომ პირველი და მესამე გაფრთხლება არ უნდა მოეცათ, პირველი ჩემი გდებაც, ვაზარი, რომელიც მერე გამიუქმეს, არ უნდა გაეუქმებინათ, მაგრამ ახლა რაღა გაეწყობა...

- ამ გამარჯვებას ალბათ იმიტომაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რომ ორუჯოვი შენთვის უხერხული მეტოქეა...
- როცა გამარჯვება გინდა, უხერხულ მეტოქესაც უნდა მოუხერხო რამე.

- იაპონელებმა უკვე გამოაცხადეს თავიანთი საოლიმპიადე შემადგენლობა. მათგან რიოში შოჰეი ონო მოდის, რომელიც მათ შორის იქნება, ვისთანაც შენ განსაკუთრებული მომზადება მოგიწევს...
- ოლიმპიადა ისეთი შეჯიბრებაა, რომ გამორიცხულია, ვინმესთან მეტად ან ნაკლებად მოემზადო. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. თუნდაც შედარებით ნაკლებად ტიტულოვანსაც მაღალი შეფასება უნდა მივცე და სათანადოდ მივუდგე.

- 24 წლის ხარ და უკვე მეორე ოლიმპიადაა შენთვის. ლონდონში წარსდექი, როგორც ახალბედა, ყველასთვის უცნობი მოჭიდავე. რიოში ტიტულოვანი და გამოცდილი, ყველა სავარაუდო მეტოქისგან ზედმიწევნით შესწავლილი მიდიხარ...
- ლონდონის ლიცენზიის აღება ბოლო შეჯიბრებაზეღა შევძელი. ძალიან გამიჭირდა. მაშინ მართლაც არ მიცნობდნენ, ახლა, ცხადია, ამ თვალსაზრისით უფრო რთული იქნება. მას შემდეგ, რაც სპორტში ვარ, სრულად ვითავისებ, რა პასუხისმგებლობაც მეკისრება ქვეყნის წინაშე. გამარჯვებისთვის ბრძოლისას მხოლოდ საკუთარი ტიტულისთვის არ ვიბრძვი. მერწმუნეთ, როცა შანსი მეძლევა, მშობლიური ქვეყნის დროშა აღვამართინო და ჰიმნი დავაკვრევინო, ასეთ დროს პირადული ნაკლებად მახსოვს. ყველაფერი ეს ბევრს შეაძლებინებს ადამიანს.

- ლაშა, ეროვნული გუნდის შვიდეულიდან სამი (ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი - ავტ.) გორის ძიუდოს სკოლის წარმომადგენელი ხართ...
- სამი ძიუდოისტი ერთი დარბაზიდან და თანაც სამივე ერთი თაობის ვართ. ეს ჩვენი დარბაზის, გორის ძიუდოს სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა. გარკვეულ ხანს, გორის ძიუდოში წარმატებები აღარ იყო და ამჟამინდელი მიღწევები მწვრთნელების და სპორტსმენების ერთობლივი, დიდი შრომის ნაყოფია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ნაკრების თუ პირად მწვრთნელებს, ექიმებს, ჩემს ყველა გულშემატკივარს. სასიამოვნოა, როცა შენი სიხარული სხვასაც უხარია და შენს ტკივილს სხვაც განიცდის. სასიამოვნოა აგრეთვე, რომ ჩემი წარმატებით შემიძლია ჩემს გულშემატკივარს სიხარული მოვუტანო და ბევრს მცირე ხნით მაინც გარკვეული პირადი პრობლემები დავავიწყო. მადლობა ღმერთს და მადლობა ყველას - თანადგომისთვის!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა წარმატებას გისურვებ.კარგი კაცი ხარ და ღმერთი მუდამ დაგიფარავს.შენ ხარ მაგალითი იმისა,თუ როგორ მოაქვს დაუღალავ შრომას შედეგი...
qomagi
15:41 05-06-2016
0
ლასჰაა გამარჯვებას და ჯანმრტელობას გისურვებ გმერტი იკოს სჰენი მპარველი. ორუჯოვს რო კაცობა ჰქონოდა ამ მედალზე უარი უნდა ექვა, მარა არაუსჰავს ოლიმპიადაზე დაუმტკიცე სიმარტლე...
kakula
19:29 04-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული