ერთი წლის წინათ მწვრთნელების რჩევით მან წონა შეიცვალა, გადაბარგდა 100 კგ-ში, სადაც საქართველოს ნაკრებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოპოვება უჭირდა და ეს საკითხიც მოკლე ხანში
ახალგაზრდა ფალავანს გორის დარბაზში შევხვდით. რიოში გამოსვლაზე, ახალ მიზნებსა და აგრეთვე შეცდომებზეც მან გულახდილად ისაუბრა.
- ბექა, დავიწყოთ შარშან 100 კგ-ში გადასვლით. ვინ გირჩიათ წონის შეცვლა და ამ გადასახედიდან თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო?
- ამ ნაბიჯის გადადგმის მთავარი მიზეზი გუნდური ინტერესები გახლდათ. საქართველოს ნაკრებს 100 კგ-ში ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ძალიან უჭირდა. შემომთავაზეს და გარკვეული ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აქაც მეცადა ძალები. თანაც, ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსი მეძლეოდა.
მართალია, ახალ წონაში გადასვლა არასდროსაა იოლი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ლიცენზიისთვის ბრძოლა გამომივიდა წარმატებული. აქედან გამომდინარე, იმედი მქონდა უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზეც შევძლებდი მედლისთვის ბრძოლას. თუმცა, კვარცხლბეკის მიღმა დავრჩი.
- 100 კგ-ში გადასვლამდე ალბათ იქნებოდა იმაზე მსჯელობა, თუ რა შანსები გქონდათ და იმოქმედებდა თუ არა ეს ნაბიჯი თქვენს კარიერაზე უარყოფითად...
- დიახ, რასაკვირიველია გვქონდა საუბარი. აზრები გაიყო, მაგალითად, ჩემი პირადი მწვრთნელი ანზორ თენაძე მართებულად არ მირჩევდა წონის შეცვლას. წინააღმდეგი იყო მამაჩემიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი მათ, ვინც 100 კგ-ში გადასვლას მირჩევდა. სხვათა შორის, პირველი ორი ტურნირის მერე ხელახლა მთხოვეს გადამეხედა ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, მდინარეში შესული ვიყავი და უკან აღარ გამოვედი - ბოლომდე გასვლა ვარჩიე.
- ლიცენზიის მისაღებად დიდი დრო არ გქონდათ, მაგრამ მაინც მოიპოვეთ. თანაც, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნირებს, საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრებებში მოგიწიათ სალიცენზიო ქულების დაგროვებამ...
- თბილისის გრან პრი და სამსუნის გრან პრი მაღალი დონის შეჯიბრებებია და ძლიერი მოწინააღმდეგეებიც მყავდა, მაგრამ ბაქოს გრანდ სლემი ყველაზე ძლიერი იყო. მონაწილეთა თვალსაზრისით ის ოლიმპიადასაც არ ჩამოუვარდებოდა. იქ გამარჯვებამ განსაკუთრებით გამახარა, მით უფრო, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების, აგრეთვე ოლიმპიადის პრიზიორებს ვძლიე. მოვუგე იაპონელ ვოლფს, გერმანელ პეტერს, აზერბაიჯანელ მამედოვს და სხვა ძლიერ ფალავნებს. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებამ სულ სხვა სტიმული შემმატა ოლიმპიადისთვის.
- როგორ ფიქრობთ, განვლილ სეზონში თქვენი სპორტული ფორმის პიკი როდის იყო?
- ალბათ, სწორედ უფრო ბაქოში. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვიყავი, კარგი ფიზიკური მომზადებით და სწორი, დროული გდებებით შევძელი ურთულესი შეჯიბრების მოგება. თუმცა, რიოსაც თითქოს არ შევხვედრივარ ცუდ ფორმაში, მაგრამ ფაქტია, რომ მედლამდე ვერ მივედი.
- არადა, ოლიმპიადაზე საწყის ორ შეხვედრაში ბენჯამინ ფლეტჩერი (ბრიტანეთი) და ტომა ნიკიფოროვი (ბელგია) ისე ეფექტურად დაამარცხეთ, რომ ქომაგებს უკვე ეგონათ, რომ უთუოდ აიღებდით მედალს...
- ნიკიფოროვი ისეთი ძიუდოისტია, ჩემთვის რომ მოეგო, შესაძლოა, ფინალშიც გასულიყო. მასთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ იმედი გამიორმაგა. საერთოდ, განწყობა ოლიმპიადაზე საბრძოლო მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფიზიკური მომზადება დამაკლდა.
- ნიშანდობლივია, რომ 100 კგ-ში თქვენს პირველ და ბოლო შეჯიბრებებზე - ტოკიოს გრანდ სლემსა და რიოს ოლიმპიადაზე ერთი და იმავე მეტოქეებთან - სირილ მარესთან და რიუნოსუკე ჰაგასთან დამარცხდით. რაში მდგომარეობდა მათი უპირატესობა?
- ორივე მათგანის დამარცხება, მეტადრე ოლიმპიადაზე, მჯერა, რომ შეიძლებოდა, მაგრამ დასამალი არაა, პაექრობათა მიწურულს ორივე შეხვედრაში დავიღალე.
საერთოდ, ახლა, როცა რიოს ოლიმპიადაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ვერ მოვემზადე კარგად. ამასთან, კენჭისყრის შედეგად ბადეც ურთულესი დამიჯდა.
- როგორ ფიქრობთ, ჰაგასთან შეხვედრაში ის შიდო, რომლის ხარჯზეც წააგეთ და მედალი დაკარგეთ, არ გეკუთვნოდათ?
- შიდო შესაძლოა მეკუთვნოდა, მაგრამ უფრო იუკოზე მწყდება გული, რომელიც შეიძლებოდა რომ მოეცათ. თუმცა, მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ აქედან ტრაგედია უნდა შევქმნა. იქნებ კარგიც იყო ოლიმპიადაზე დამარცხება, ახლა ჩემს საქმეს სხვა კუთხიდან შევხედე.
პირდაპირ გეტყვით, რომ უფრო მეტი უნდა მომენდომებინა, მეტი მევარჯიშა და სასურველი შედეგი დადგებოდა. პოზიტივიც მინდა დავინახო, იმ თვალსაზრისით, რომ რიოში ის გამოცდილება მივიღე, რაც ოლიმპიადაზე მონაწილეობას ფსიქოლოგიურ ასპექტში ახლავს. ეს გამოცდილება სამომავლოდ გამომადგება.
- შემტევი სტილის მიმდევარი ხართ და ალბათ ასეთივე მოწინააღმდეგეებთან უფრო გიადვილდებათ ჭიდილი...
- რა თქმა უნდა, სწორედ შემტევი სტილის მეტოქესთან მომწონს ჭიდაობა. ისე, იაპონელებიც შემტევი სტილის არიან, მაგრამ ზედმიწევნით კარგად დამუშავებული ტაქტიკით ასპარეზობენ და მათთან ყოველთვის რთულია პაექრობა.
ზოგადად, აზიელებთან უფრო უკეთ ვჭიდაობ. ევროპელები ძირითადად გაფრთხილებებით, დროის გაყვანით ცდილობენ ფონს გასვლას და ასეთი დუნე, არადინამიკური ასპარეზობა არ მხიბლავს.
- ახლა უკვე შეგიძლიათ შეადაროთ 90 და 100 კგ ერთმანეთს?
- 90 კგ-ში პირადად რასაკვირველია გაცილებით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს და უფრო შედეგიანადაც ვასპარეზობდი. 100 კგ-ის ძიუდოისტები ფიზიკურად არიან ყველაზე და მათ შორის მძიმე წონის მოჭიდავეებზე ძლიერები. ამასთან, ტანად ისინი ჩემზე მაღლები იყვნენ, რაც გვარიანად მაფერხებდა.
ძველ წონაში დაღლილიც რომ ვყოფილიყავი, მეტოქეს რომ ჩავავლებდი, ვგრძნობდი, მაგრად მეჭირა და შემეძლო გდებაზე გამესროლა. 100 კგ-ში კი ასე არ იყო. იქ წინააღმდეგობა გაცილებით ძლიერი გახლდათ.
მაგრამ არაუშავს, აგერ უკვე დავბრუნდი ჩემს წონაში. ახლა ისევ აუცილებლად მოვა გამარჯვებები. ჩემი მთავარი მიზანი კი დიდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულების მოპოვებაა.
- უახლოესი შეჯიბრებები რა გელით?
- უახლოესი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატია, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე გამოვალ და მერე ტოკიოს გრანდ სლემზეც მივიღებ მონაწილეობას. ეს ყველა ძიუდოისტისთვის ძვირფასი და უმაგრესი შეჯიბრებაა და მასზე წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია.
ზემოთ ვახსენე, უფრო მეტი უნდა მევარჯიშა - მეთქი და ახლა სწორედ გაორმაგებული მონდომებით შევუდექი წვრთნას. ძველ წონაში ახალი შემართებით ვიწყებ გარჯას და მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვების სურვილი მაქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"