მწვრთნელები საქართველოს ახალგაზრდულ და ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებებსაც შეუცვალეს

AutoSharing Option
ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების დარად, მწვრთნელები შეიცვალნენ ახალგაზრდულ და ჭაბუკთა გუნდებშიც. უფრო სწორად, ეს ეროვნულში მომხდარმა ცვლილებამ გამოიწვია, რადგან ამ გაერთიანებული ასაკობრივი გუნდის სამწვრთნელო დუეტმა იქ გადაინაცვლა - ირაკლი ცირეკიძე მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მინდია ბოდაველი კი მისი დამხმარე იქნება.

ამ ნაბიჯით გაერთიანებულ ასაკობრივ ნაკრებში გაჩნდა ვაკანსიები, თუმცა ძიუდოს ფედერაციას მათ შემცვლელებზე ბევრი არ უფიქრია და მათივე დამხმარეებს ჩააბარა ის გუნდები - ამიერიდან ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიზილაშვილი იქნება, ახალგაზრდებს კი ლაშა გუჯეჯიანი გაწვრთნის.

ცხადია, გაირკვნენ ის დამხმარე მწვრთნელებიც, რომლებიც
ასაკობრივ გუნდებში იმუშავებენ. ჭაბუკებში ყიზილაშვილს ერთი ნამდვილად ლომერ ჟორჟოლიანი დაეხმარება, თუმცა კიდევ ერთი მწვრთნელიც ეყოლება, რომლის ვინაობა, სავარაუდოდ, დღესვე გაირკვევა.

ახალგაზრდებში გუჯეჯიანს ჭაბუკთა უმცროსი ასაკიდან გადმოყვანილი მწვრთნელები დაეხმარებიან - დავით კობერიძე და გიგა ბოჭოიძე. ისევ იმოქმედებს ჭაბუკთა უმცროსი, ეგრეთ წოდებული საფესტივალე ასაკი. შარშან ამ პროექტმა იმდენად გაამართლა, ძიუდოს ფედერაცია იმთავითვე ალაპარაკდა მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე, რასაც ზემდგომნიც დაეთანხმნენ და დაფინანსებაც გამოუყვეს. ამ ასაკის მთავარ მწვრთნელად ისევ თამაზ კარიაული დარჩება, ხოლო ვინ იქნება მის გუნდში, ესეც უახლოეს საათებში გადაწყდება. საქმე ისაა, რომ, შესაძლოა, ამ გუნდიდან იყოს ყიზილაშვილის ის მეორე დამხმარეც.

საინტერესოა, რომ ამ პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანია.

უკვე ხვალიდან - 17 ოქტომბრიდან სამივე ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელების ხელმძღვანელობით შეუდგება ვარჯიშს. ძიუდოს ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა მათი ყოველკვირეული სამუშაო გეგმა. სამივე გუნდი პირველ ვარჯიშს ხვალ, საღამოს 17 საათზე ძიუდოს აკადემიაში გამართავს, თუმცა ეროვნული ნაკრები ამ კვირაში ორჯერ მარჯანიშვილზე, "შევარდენის" დარბაზშიც ივარჯიშებს - სამშაბათს და პარასკევს იქ გამართავს დილის ვარჯიშებს.

საინტერესოა, რომ ხვალინდელი ვარჯიში მთლიანად ქვეჭიდს დაეთმობა, რაც "აქილევსის ქუსლად" იქცა ქართული ძიუდოსთვის. ამავე დღეებში გუნდს მეორე ვარჯიშიც ექნება, რომელიც საღამოს, 17 საათზე ისევ დიღომში, ძიუდოს აკადემიაში დაიწყება. ოთხშაბათ-ხუთშაბათს თითო ვარჯიშია და ორივე აკადემიაში - პირველად დილით ექნებათ ისევ 11-ზე და ის ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, მეორედ კი საღამოს უკვე ლეიბზე ივარჯიშებენ ისევ ნაცნობ დროს. შაბათ დილით კუს ტბაზე კროსია, მერე კი მომდევნო ორშაბათამდე ისვენებენ.

ახალგაზრდები სამშაბათს და პარასკევს იმავე გეგმით ივარჯიშებენ ეროვნულთან ერთად ანუ დილით იმავე დროს "შევარდენის" დარბაზში, საღამოს - აკადემიაში. ოთხშაბათს რომელიმე რეგიონში გასვლაა დაგეგმილი, ოღონდ 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრების მონაწილენი ამ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშებენ და მათთვის შეღავათი დაიშვება. ხუთშაბათს ისევ "შევარდენში" იქნებიან დილით, შაბათ-კვირას კი 23-იანთა ზემოაღნიშნული ტურნირია და მათ ვარჯიში არ ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ ისინი ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს (თან ბოლო ორ დღეს - ორივეჯერ) ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმუშავებენ.

ჭაბუკებს გეგმაში ამ კვირაში მხოლოდ ორი ვარჯიში აქვთ ლეიბზე - ხვალ და ოთხშაბათს, საღამოს აკადემიაში. თუმცა ოთხშაბათს მათთან ერთად სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებიც იქნებიან და ერთობლივი ვარჯიში ჩატარდება. შაბათს ნაკრებს ფიზიკური წვრთნაც ექნება.

ვიმეორებთ - ესაა მხოლოდ ამ კვირის სავარჯიშო გეგმა, რომელიც სხვა დროს, შეიძლება, შეიცვალოს. ესეც ფედერაციის ახლებური მიდგომაა, რომელიც, ვნახოთ, რამდენად გაამართლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული