გადაწყდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოისტ ვაჟთა შორის 26-27 ნოემბერს თბილისში გაიმართება, მანამ კი - 12-13 ნოემბერს ჩატარდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონალური შეჯიბრებები, რომლებსაც, შესაბამისად, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ეს ახალი ფორმატია - ზონალურ შეჯიბრებებში გამოვლინდებიან ფინალური ეტაპის მონაწილენი, რომლებიც 26-27-ში თბილისში იჭიდავებენ და გაითამაშებენ ქვეყნის ჩემპიონატის მედლებს.
ოღონდ ჯერ საბოლოოდ არაა გარკვეული, სად ჩატარდება ქვეყნის პირველობა - ძიუდოს აკადემიაში თუ სადმე უფრო მოზრდილ დარბაზში. აკადემია ძალიან კარგია სავარჯიშოდ, ბავშვთა ტურნირების ჩასატარებლად, მაგრამ ამ დონის
ამასობაში გუშინ ძიუდოს აკადემიაში პირველი ვარჯიში გამართეს ახალმ მწვრთნელებმა. ვარჯიშის დასაწყისში ძიუდოისტებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სამივე ასაკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მათი დამხმარე გუნდები წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ჩაუდგა სათავეში, ახალგაზრდულს ლაშა გუჯეჯიანი გაწვრთნის, ჭაბუკებს კი გიორგი ყიზილაშვილი უხელმძღვანელებს. ვარჯიშს ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა წევრი დაესწრო, თუმცა რამდენიმემ საპატიო მიზეზით გააცდინა.
ცირეკიძემ ისიც გვითხრა, რომ ახალ ოლიმპიურ ციკლში (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე - დასაწყისში) ნაკრების ლიდერთა წონებში გადანაცვლება მოსალოდნელი არაა. ამით მან, ფაქტობრივად, გამორიცხა ბოლო დღეებში პრესასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობა ავთანდილ ჭრიკიშვილის 81 კილოგრამიდან 90-ში ანაცვლების შესახებ. თუმცა ისიც განაცხადა, რომ დააკვირდებიან თავად სპორტსმენს და თუ ამის საჭიროებას დაინახავენ, მერე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
ნაკრების უკლებლივ ყველა სხვა ლიდერი რჩება თავის წონაში, ხოლო ახალგაზრდებში იქნება რაღაც ცვლილებები, მაგრამ ამას დრო და სამუშაო პროცესი გამოაჩენს.
დასასრულს, გეტყვით, რომ ამ შაბათ-კვირას - 22-23 ოქტომბერს ძიუდოს კადემიაში გაიმართება 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის შესარჩევი ტურნირი. 23-იანთა ევროპირველობას არც ისე დიდი ისტორია აქვს. ჩვენები მასში თავიდან კი გამოვიდნენ რამდენიმეჯერ, მაგრამ მერე აღარ სწყალობდნენ. ის არც ჩვენს ფედერაციას ჰქონდა თავდაპირველად კალენდარში შეტანილი, მაგრამ ბოლოს მოინდომეს იქ გამოსვლა და ამიტომ გაჩნდა საჭიროება, ჩაეტარებინათ შიდა შესარჩევი შეჯიბრება.
თუმცა ის მხოლოდ ბიჭებში გაიმართება, გოგოებიდან კი ევროპირველობაზე მარტო მარიამ ჯანაშვილი (52) გაემგზავრება, რადგან სხვები ასაკითაც პატარები არიან და არც გვყავს ვინმე ისეთი, წარმატების რაიმე შანსი რომ ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ჯანაშვილი ოქტომბრის ბოლოს ესპანურ მალაგაში გაემგზავრება და იქ ერთობლივ კემპში ივარჯიშებს, მერე კი ისრაელში წავა, სადაც 11-12 ნოემბერს თელ ავივში 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ჯანაშვილი ერთ ერთობლივ შეკრებას იქაც გაივლის ამ შეჯიბრების დაწყებამდე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"