12-13 ნოემბერს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის ზონალური შესარჩევი შეჯიბრებები გაიმართება

AutoSharing Option
ამ უქმეებზე - 12-13 ნოემბერს, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის ზონალური შესარჩევი შეჯიბრებები გაიმართება. აღმოსავლეთის ზონალურ ტურნირს თბილისი უმასპინძლებს - ძიუდოს აკადემიაში ჩატარდება, დასავლეთისა კი კვლავაც ქუთაისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყარო ორ ზონად შარშან გაიყო, რამაც შეცვალა რეგიონული პირველობები. ზონალური შეჯიბრებებიც პირველად შარშან ჩატარდა, ასევე თბილისსა და ქუთაისში.

შესარჩევი პრინციპიც იგივეა - აღმოსავლეთ ზონაში შეჯიბრება მერვედფინალამდე, დასავლეთში კი მეოთხედფინალამდე გაგრძელდება, ანუ ამ ეტაპებზე შეწყდება ტურნირი, რადგან აქ მედალოსანთა გამოვლენას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გაირკვეს საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილენი. ამიტომ
დასკვნით ფაზებს მნიშვნელობა არ აქვს.

ერთი სიტყვით, საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას ყოველ წონაში აღმოსავლეთიდან 16, დასავლეთიდან კი 8 კაცი მიიღებს. აი, ეს თემა კი ჯერ კიდევ შარშან საკამათო გახდა და ერთნიშნა მხარდაჭერა არც ამჯერად ექნება. ქომაგთა გაკვირვებას ის იწვევდა, რატომ იყო ასე განსხვავებული კვოტები ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის, თუმცა ძიუდოს ფედერაცია ამბობს, რომ აღმოსავლეთ ზონას ძიუდოს უფრო ძლიერი ცენტრები აქვს და მეტი კვოტაც ამიტომ მისცეს.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ფინალური ეტაპის მონაწილეთა შერჩევის პრინციპს. მით უფრო, რომ დასახელებული რაოდენობა საბოლოო არაა - ყველა წონაში მათ 2-2 კაცი დაემატება წაგებულთა ხარჯზე, რომლებიც შანსს სანუგეშო ტურნირში მიიღებენ: იქ 2-2 ფინალისტს გამოავლენენ, რომლებსაც ასევე დაუშვებენ ქვეყნის ჩემპიონატში.

დამატებით, საქართველოს პირველობაში გამოვლენ ეროვნული ნაკრების ის წევრებიც, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ან ოლიმპიადაზე მედალი აქვთ მოპოვებული. ვიმეორებთ - ეს გამონაკლისი ეხებათ მხოლოდ მედალოსნებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან ზონალური შეჯიბრებებისგან.

ამ ტურნირს ასევე გამოტოვებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ზუსტად ამ დღეებში - დღეს და ხვალ თელ ავივში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში ჭიდაობენ. საქართველოს პირველობაზე მათაც გარანტირებული აქვთ ადგილი. საბოლოო ჯამში, ქვეყნის ჩემპიონატში, რომელსაც 26-27 ნოემბერს ასევე ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს, წონაში 30-32 კაცი გამოვა.

ზონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუცილებელია ყველასთვის, ვინც ზემოაღნიშნულ ორ გამონაკლის კატეგორიაში ვერ ხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქვეყნის ჩემპიონატში არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველობით ჩვენი ვაჟთა ეროვნული ნაკრები ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით მომავალი სეზონისთვის იწყებს მზადებას, პირველი უცხოური შეჯიბრება კი 2-4 დეკემბერს ტოკიოში ჩასატარებელი ძიგორო კანოს "დიდი მუზარადი" იქნება. იქ ჩვენები შემჭიდროებული გუნდით წავლენ - როგორც ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ დააანანონსა, სავარაუდოდ, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონებს წაიყვანენ, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული