ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ციკლის ახალი გუნდი

AutoSharing Option
ამ შაბათ-კვირას ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელმაც ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი გუნდის კონტურები გამოაჩინა - რამდენიმე წონაში ახალი თაობის ფალავნებმა იმძლავრეს და ძველი ლიდერები ჩაანაცვლეს, მთლიანად ჩემპიონატში კი საგრძნობი იყო ამ ახალი თაობის დომინირება.

60 და 73-ში ისეთი ჩემპიონები გვყავს, ადრეც რომ გაუმარჯვიათ ამ ტურნირზე - ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ფრიდონ გიგანი (73), თუმცა საბოლოოდ ლიდერები სხვები იყვნენ. ფავორიტობა ულაპარაკოდ და უპირობოდ მხოლოდ ევროპის ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა (66) შეინარჩუნა. პირველობა არც ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ
ავთანდილ ჭრიკიშვილისთვისაა
უცხო, თუმცა აქამდე თუ 81-ში ვხედავდით, მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, ახლა 90-შიც მოგვევლინა.

აი, დანარჩენ წონებში კი ყველგან ახალი ჩემპიონები არიან. ამათგან თამაზ კირაკოზაშვილი (81) წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობდა, გურამ თუშიშვილი (+100) შარშან გამოდიოდა იქ, ლაშა ტაველური (100) - შარშანწინ.

გიგანზე ვიტყვით, რომ ის მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა წინა ორ შემთხვევაში ტურნირში ლიდერები არ ჭიდაობდნენ, ახლა კი ფავორიტის ტახტისთვის ბრძოლამ ევროპის ორგზის ფინალისტ ნუგზარ ტატალაშვილთან მოუწია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტატალაშვილი ფინალში ტრავმირებული ჭიდაობდა.

სწორედ ტრავმების გამო არ გაიმართა ორი ფინალი დამარცხებული ძველი ლიდერების მონაწილეობით - ჯანმრთელობის პრობლემის გამო ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს, ხოლო ძიგორო კანოს ტურნირის ფინალისტი ლევან მატიაშვილი თუშიშვილს არ გამოუცხადდნენ.

ტურნირმა ბოლო წლებში დამკვიდრებულ ორგანიზებულობის ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და კვლავაც მოწესრიგებულად ჩატარდა - ჩხუბის, აყალმაყალის, ტატამზე გადასვლების, დებოშისა და არეულობის გარეშე. მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა - გუშინ შეხვედრის მიმდინარეობით, უფრო სწორად კი, მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ერთმა მწვრთნელმა მისთვის განკუთვნილი ადგილის შემომსაზღვრავი ფირნიშები დაამტვრია, რისთვისაც დარბაზი დაატოვებინეს. ამ მცირე ინციდენტის გარდა, სხვა არაფერი ყოფილა, რაც ჩემპიონატს ჩრდილს მიაყენებდა.

წესრიგი და სიახლე ჩემპიონატში
ძიუდოს ფედერაციამ ამჯერადაც შესთავაზა სიახლე ქომაგს და მეტად სერიოზულიც - მოეწყო ჩემპიონატის პირდაპირი ჩვენება ინტერნეტით, რაც უთუოდ მისასალმებელი ფაქტია. ამგვარი სერვისით ჩვენში თითო-ოროლა ფედერაცია თუ დაიკვეხნის.

არადა, ძიუდოს, ხელბურთის და იმ ერთი-ორი ფედერაციის მაგალითი ამტკიცებს, რომ თუ ხელმძღვანელები მოინდომებენ, ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება.

ცხადია, ჩემპიონატს ოლიმპიადაზე ნამყოფი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძეც ესწრებოდა, მაგრამ ფედერაციას დამატებით ესპანელი კომისარი მაინც ჰყავდა ჩამოყვანილი - ჩვენში ხომ "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს" და უცხოელს უფრო მეტად ენდობიან თუ იმდენს ვერ უბედავენ, როგორც - ადგილობრივს.

ლიდერთა გარეშეც მაღალი
ჩემპიონატის სპორტული მხარე საკმაოდ მაღალი იყო. მით უფრო, იმ ფონზე, რომ სეზონის მიწურულია, ძიუდოისტებმა პიკი საოლიმპიადოდ გადაიარეს, ახალი სეზონისთვის მზადება კი ჯერ არ დაუწყიათ.

არადა, ჩემპიონატში არ მონაწილეობდა რამდენიმე ლიდერი, რომელთა გამოსვლაც კიდევ უფრო აამაღლებდა საერთო დონეს: ოლიმპიური ჩემპიონი და ბრინჯაოსმედალოსანი, ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) საგანგებო პროგრამით ვარჯიშობენ, ბექა ღვინიაშვილი (90) ტრავმის გამო დაასვენეს, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100) კი ოჯახური პრობლემების გამო არ ჭიდაობდა.

ცხადია, მათი დაბრუნება ბევრ რამეს შეცვლის; ცხადია, იგივე პაპინაშვილი, ტატალაშვილი თუ სხვებიც მომავალში სხვანაირად იჭიდავებენ, თუმცა რაც ამ ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა გვაჩვენეს, ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მათ დაამტკიცეს, რომ ფედერაციის მესვეურთა არაერთგზის ნათქვამი, მომდევნო ოლიმპიურ ციკლში სულ სხვა ნაკრები გვეყოლებაო, რეალობაა. შესაძლოა, უმეტეს მათგანს 1-2 სეზონი კიდევ დასჭირდეს ფეხის მყარად მოსაკიდებლად, მაგრამ ბევრ საკადრო ცვლილებას რომ ვიხილავთ, ფაქტია.

ახალგაზრდებს აქვთ არა მარტო ჯანსაღი ამბიცია, არამედ - შესაძლებლობაც, რომ იქცნენ ლიდერებად. თან კონკურენციაც დიდია, რაც შედეგებს აუცილებლად დაეტყობა.

კირაკოზაშვილის "მოგზაურობა" მთავრდება?
ახალი თაობიდან, უდავოდ, გამოსარჩევია 81-ში გამარჯვებული კირაკოზაშვილი. ამ ბიჭს კარგა ხანს გაუჭირდა ოპტიმალური წონის მოძებნა და დიდხანს "იმოგზაურა" 73-სა და 81-ს შორის, თუმცა გუშინ ისე იჭიდავა ძიუდოს აკადემიაში, ეტყობა, ეს მოგზაურობა მთავრდება და საბოლოოდ 81-ში იპოვის თავის ადგილს.

ზრდილი, მშრომელი, თავაზიანი ბიჭი ფიზიკური მომზადებით ადრეც გამოირჩეოდა, თუმცა, ვგონებთ, სწორედ ბევრი ფიზიკური ვარჯიში (მან რამდენიმე სპეციალური შეკრება გაიარა უცხოეთში) უშლიდა ხელს ორგანიზმის "გახსნაში", თითქოს რაღაც ვერ იყო იშტაზე, ამჯერად კი ბოლომდე გაიხსნა და ძალიან ლაღად, დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ნიჭი და ტექნიკა მას ბუნებრივად მოსდგამს, რისი დემონსტრირებაც ფინალში მოახდინა, როცა წამის მეასედებში გაერკვა ვითარებაში და ამბაკო ავალიანი მშვენივრად გამოცერა. მან სხვა შეხვედრებიც ფრიად დამაჯერებლად ჩაატარა - გოჩა ზაქრაძესთან, ვანო ჩურჩხელაშვილთან, ბექა დონღვანთან და ნახევარფინალში ჯგუფის ფავორიტ გიორგი პაპუნაშვილთან.

უბერებელი ავალიანი
არ შეიძლება, არ შევეხოთ ამბაკო ავალიანის გამოსვლას, რომელიც 30 წლის ასაკშიც კი ერთ-ერთ ფავორიტად რჩება.

ბუნებრივია, ეს ასაკი არაა გარდამტეხი, მაგრამ მას კარიერაში რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა, როცა საჯარო სამსახურში გადაინაცვლა ("ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გარდაბნის გამგებლად მუშაობდა), მერე დაბრუნდა, თან წონა შეიცვალა, მაგრამ ფორმა მაინც აღიდგინა.

შეგშურდებოდათ მისი მოქმედება, იმდენად დახვეწილად და გონივრულად ირჯებოდა ტატამზე, ისე კარგად ამზადებდა ილეთს და ისე უნაკლოდ ასრულებდა გდებებს.

ჭრიკიშვილი ახალ წონაში
ცალკე სალაპარაკოა 90 კილოგრამი, სადაც ძველი ლიდერების ფინალი ვიხილეთ - ავთანდილ ჭრიკიშვილი უშანგი მარგიანის წინააღმდეგ, ოღონდ ადრინდელი ფინალები 81-ში იმართებოდა, თუმცა მათი მეტოქეობა ახალ წონაშიც გაგრძელდა. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და შეხვედრაც ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა უილეთოდ წარიმართა.

გამარჯვებულის ბედი მარგიანის ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, თუმცა აშკარაა - ამ წონაში ბექა ღვინიაშვილის დაბრუნება სამომავლოდ ბევრ რამეს შეცვლის.

ეს ჭრიკიშვილის პირველი გამოსვლა იყო 90 კილოგრამში და საინტერესო გახლდათ, რამდენად მოერგებოდა ის ახალ წონას. შედეგიდან გამომდინარე, არ უნდა გაუჭირდეს აქ დამკვიდრება და საჭიდაო სურათიდან გამომდინარეც თუ ვიმსჯელებთ, არც გასჭირვებია გამარჯვება.

თუმცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე მაინც ამბობს, რომ მისთვის წონის შეცვლის საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი და ეს ამბავი მუშაობის პროცესში გაირკვევა. ისე კი, პირველი შთაბეჭდილება დადებითია, ოღონდ ისიც აშკარაა, რომ ჭრიკიშვილს უცხოეთში ბევრად ძლიერი კონკურენტები ეყოლება. უბრალოდ, მან აჩვენა ის დონე, რაც სადღეისოდ მოეთხოვებოდა.

საქართველოს ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
60 კგ. 1. ლუხუმ ჩხვიმიანი; 2. ამირან პაპინაშვილი; 3. რობიზონ ბეგლარაშვილი, გიორგი ბროლაშვილი.
66 კგ. 1. ვაჟა მარგველაშვილი; 2. ლაშა გიუნაშვილი; 3. თორნიკე თათარაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი.
73 კგ. 1. ფრიდონ გიგანი; 2. ნუგზარ ტატალაშვილი; 3. ომარ ნიაზაშვილი, გიგა გიგაური.
81 კგ. 1. თამაზ კირაკოზაშვილი; 2. ამბაკო ავალიანი; 3. კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.
90 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი; 2. უშანგი მარგიანი; 3. ნოდარ ბერიანი, არჩილ გოგოლაშვილი.
100 კგ. 1. ლაშა ტაველური; 2. იასონ ნემსაძე; 3. დავით ოზბეთელაშვილი, ალექსანდრე ზაალიშვილი.
+100 კგ. 1. გურამ თუშიშვილი; 2. ლევან მატიაშვილი; 3. გუგა კიბორძალიძე, ონისე ბუღაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
Avtosadmi udidesi pativiscemis miuxedavad beqa mas shechams tatamze sruli amsityvis mnishvnelobitda chidaobis xalis daakargvinebs,amito jobiaro daubrundes dzvelwonas.da kide chemiazrit tu dzvelma liderebma tramva armiiges nakrebis shemadgenlobashi kidekaixani araferi sheicvleba, dgevandeli situaciit lashas,beqas da valeris veravingauwevs konkurencias.
Alika
12:33 29-11-2016
0
ვაკო შენი რჩევა-დარიგებები შენთვის შეინახე. მე ვის და რას მივხედავ ეგ ჩემი საქმეა. ეს საჯარო პორტალია და ყველას შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება. კომენტარებს თუ წაიკითხავ ნახავ რომ ძირითადად ყველა იზიარებს იმ აზრს რომ ჯობია 81-ში დაბრუნება.
fraternity
12:42 29-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული