U23. ევროპის ჩემპიონატი: ფავორიტთა დაცემა

AutoSharing Option
ფოტოზე: რამაზ ზოიძე
საქართველოს 23-წლამდელ ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა უჩემპიონოდ, თუმცა 5 მედლით და გუნდური პირველობით დაასრულა გამოსვლა უნგრულ სომბათჰეიში გამართულ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში.

ჩვენებმა იქ 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს. ევროპის ვიცე-ჩემპიონები რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძე (80) გახდნენ, მესამეზე კი დავით ჩხარტიშვილი (59), ლაშა გობაძე (85) და ზვიად პატარიძე (130) გავიდნენ.

ალბათ, ამ გუნდის უჩემპიონოდ დარჩენას არავინ ელოდა, რადგან მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის 4 გამარჯვებული (ჩხარტიშვილი, ზოიძე, ბოლქვაძე, პატარიძე) და უფროსებში მსოფლიოს მედალოსანი (გობაძე) გამოდიოდნენ. მედლებიც სწორედ ამ მთავარმა
ფავორიტებმა მოიპოვეს, თუმცა ოქრომდე ვერც ერთი ვერ ავიდა.

მართალია, არის გუნდური გამარჯვება, მაგრამ ეს არაოფიციალური ჩათვლაა, მთავარი კი პირად პირველობაში მოპოვებული მედლებია, სადაც არაა ოქრო. არადა, ვინ იფიქრებდა, რომ ზოიძე, ბოლქვაძე, გობაძე ან პატარიძე ოქროს გარეშე დარჩებოდნენ!

გუნდურის შედეგები რეალობას რომ ვერ ასახავს, ამ მაგალითიდანაც ჩანს: ამავე ასაკის "თავისუფლებმა" 3 ოქრო მოიპოვეს, მაგრამ გუნდურში მეორეზე გავიდნენ (თან 2 ოქროს მფლობელმა რუსეთმა გაუსწრო), ბერძენ-რომაელები კი უჩემპიონოდ გახდნენ ჩემპიონები.

არადა, ამ გუნდმა ისე დაიწყო ტურნირში გამოსვლა, ვიფიქრეთ, "თავისუფლების" შედეგს გაიმეორებდნენ - ჩვენები 4 წონიდან სამში ნახევარფინალში ჭიდაობდნენ, საბოლოოდ კი ორი ფინალში გავიდა (ზოიძე და ბოლქვაძე), ხოლო მესამე - ჩხარტიშვილი დამამშვიდებლის ფინალში გადაერთო.

საბოლოოდ სწორედ ჩხარტიშვილმა ისახელა და ბრინჯაოს მედალი არ დაუთმო მოლდოველ ალექსანდერ ბიციუს (10:4 მოუგო), მთავარ ფავორიტთა დუეტი კი დამარცხდა: ზოიძემ 2:10 წააგო ახალგაზრდებში აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ისლამბეკ დადოვთან, ხოლო ბოლქვაძემ 2:4 დათმო შვედ ალექს მიხაელ ბიურგერ კესიდისთან.

საინტერესოა, რომ ამით შვედმა რევანში აუღო ჩვენებურს შარშან ამავე ტურნირის ფინალში მარცხისთვის! თუმცა ბოლქვაძე მაინც გაცილებით ტიტულოვანია და მისი წაგებაც უფროა გასაკვირი, რადგან შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდა.

მედლებით ზოიძეც აღემატება დადოვს. ჩვენებურმა თითქოს ცოტა მძიმედ დაიწყო შეჯიბრება - პირველი ორი პაექრობა დიდი ანგარიშით არ მოუგია უკრაინელ არტურ პოლიტაევთან (3:1) და რუს ადლეტ ტიულიუბაევთან (4:3), სამაგიეროდ, ნახევარფინალში ორჯერ 4-ქულიანი გდება გაუკეთა თურქ მურატ დაგს (12:3). თან, რა ქვეყნების წარმომადგენლები დაამარცხა - უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მაგრამ იქნება ამან წაართვა ძალები და ფინალისთვის აღდგენა ვერ მოასწრო.

თუმცა ჩვენებიდან ყველაზე მოულოდნელი პატარიძის მარცხი იყო. თან, ვისთან? ლიტველ მანტას კნისტაუტასთან (4:9), ვინც ამავე ტურნირის შარშანდელი მესამე პრიზიორი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მას ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის გვარიანი გამოცდილებაც გააჩნია, მაგრამ ევროპაში "ახალგაზრდა ლომად" შერაცხილ ტალანტთან შესადარებელიც არაა - პატარიძეს ხომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში არ წაუგია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ყოველთვის ცალი ხელით, ერთი ამოსუნთქვით იგებდა ამხელა შეჯიბრებებს.

ჩვენებური ბადის მეორე მხარეს რომ ყოფილიყო და თურქთა მომავალ ჩემპიონ ოსმან ილდირიმთან წაეგო, ამდენად არ გაგვიკვირდებოდა, თუმცა ისიც ყოველთვის გაანადგურა, სადაც შეხვდა. მაგალითად, შარშან ევროპის ახალგაზრდული პირველობის ნახევარფინალში 5:0, მსოფლიოს ფინალში კი 10:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მერე ლიტველი ამ თურქთან ფინალში პირწმინდად დამარცხდა.

პატარიძეს წინასწარ შეხვედრებში ურიგოდ არ უჭიდავია - უნგრელ ფერენც ალმასის და პოლონელ რაფალ პლოვიჩს ერთნაირი ანგარიშით, 6:0 მოუგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ესტონელ არტურ ვიტიტინს წმინდად, 8:0 აჯობა. ისიც უცნაურია, რომ ქართველმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა წმინდად. გამართლება იმით თუ შეიძლება, რომ ამჯერად უფროსებში ჭიდაობდა, თუმცა ბევრი მისი თანატოლი იყო: ლიტველი, თურქი, უნგრელი... ოღონდ "უნგრული ალმასი" ერთ ეპიზოდში ისე გაისროლა, სარეკლამო აბრებმაც ვერ შეაჩერეს და მეზობელ ხალიჩაზე შევარდა...

არანაკლებ გასაკვირია უფროსებში მსოფლიოს მესამე პრიზიორ გობაძის მარცხიც. მართალია, წლეულს ის ახალ წონაში - 85-ში ჭიდაობს, მაგრამ ეს არ იყო ამ წონაში პირველი ტურნირი. გობაძე მეოთხედფინალში ივან პოდუბნის მემორიალის მესამე პრიზიორთან, რუს რუსლან იუსუპოვთან დამარცხდა მინიმალური სხვაობით - 5:6, ბრინჯაოს მედალი კი ბულგარელ იოან დანიელოვ დიმიტროვს აართვა: 6:4.

უცნაურია, მაგრამ წონის მთავარი ფავორიტები, გობაძე და ამავე ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, უფროსებში გერმანელთა ევროპისა და ოლიმპიური პრიზიორი დენის კუდლა მესამეზე დარჩნენ.

რუსთან წააგო ჩხარტიშვილმაც - ნახევარფინალი 5:10 წააგო ჯამბულატ ლოკაევთან.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ედნარ შავაძე (66) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, კუკური კირცხალიამ (98) ერთი პაექრობა კი მოიგო, მაგრამ სანუგეშოში ვერ გადავიდა. ერთ შეხვედრაში იმარჯვა ბაკურ გოგოლმაც (75) და მერე სანუგეშოშიც მიეცა შანსი, თუმცა იქაც პირველი ბრძოლა დათმო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე რასაც ვუყურე პატარიძის წაგების მიზეზი ფიზიკური კონდიცია იყო.საშინლად დაიღალა, არაფრის თავი აღარ ჰქონდა,ერთი სული ჰქონდა ბრძოლა დამთავრებუკიყო.რაც შეეხება გობაძეს აშკარად გვიან გამოფხიზლდა
mamuka
21:58 04-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული