ბეგი დარჩია: ბულგარეთში ახალი სეზონის კარგი დასაწყისი გამოგვივიდა

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 3-5 თებერვალს ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

7 თებერვალს ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ და ჭიდაობის ფედრეაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ შეაფასეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) ავიდნენ. ქემალ ხარაბაძესა (55 კგ) და მანუჩარ ცხადაიას (74 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) კი ბრინჯაოს
მედლებს დასჯერდნენ.

ბეგი დარჩია:" ბულგარეთში ახალი სეზონის კარგი დასაწყისი გამოგვივიდა. ბიჭებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს და კონკურენტ მოჭიდავეებთან ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯეს.

სოფიაში ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი რევაზ ლაშხი არ გაჰყვა, რადგან მას მცირე ტრავმა აქვს და ამიტომ არ გავრისკეთ, მისი დასვენება ვამჯობინეთ, თორემ დარწმუნებული ვარ მედალს ისიც აუცილებლად აიღებდა. ჩავატარეთ ექსპერიმენტიც - ქემალ ხარაბაძემ 60-ის ნაცვლად 55 კილოგრამში იჭიდავა და ფინალშიც გავიდა, სადაც მსაჯებმა დაჩაგრეს.

ახლა მთელი აქცენტი ოლიმპიადის ლიცენზიებზე გვაქვს გაკეთებული, საამისოდ სამ სალიცენზიო ტურნირზე ვიბრძოლებთ, მანამდე კი 8 თებერვალს მინსკში მოსამზადებელ შეკრებაზე გავემგზავრებით. ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ დარჩენილ წონებში ლიცენზიები დავისაკუთროთ და ოლიმპიადაზე ჩვენი გამოსვლით გულშემატკივარი გავახაროთ".

კახა გეწაძე:" მადლობა ბიჭებს ასეთი შედეგიანი გამოსვლისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მოჭიდავისგან უფრო მეტს ველოდით. მათ სავარჯიშო და დასახვეწი ბევრი აქვთ, იმისთვის, რომ ის შედეგი მივიღოთ, რასაც მათგან ველით. მითუმეტეს, რომ ოლიმპიური წელია და ზოგიერთ წონაში ოლიმპიადის ლიცენზიები ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს.

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ლონდონის ლიცენზიები არ თამაშდება, თუმცა ოლიმპიადის საგზურებისთვის 3 ტურნირზე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მწვრთნელები ყველაფერს სათანადოდ გათვლიან, რათა ოლიმპიადაზე სრული გუნდით გამოვიდეთ".

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული