მასში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, ხოლო ჩვენები სერბეთში 18 აგვისტოს გაფრინდებიან.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბედინაძემ იქ წასაყვანად ნუგზარ წურწუმია (42), თემურ შავაძე (46), დავით მარკოიძე (50), გიორგი კურტანიძე (54), ლევან ქავჟარაძე (58), მინდია ბოლქვაძე (63), ირაკლი თარხნიშვილი (69), ნუკრი შავაძე (76), გიგა ქოქოლაძე (85) და ზვიად პატარიძე (100) შეარჩია.
როგორც ვხედავთ, ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებ გუნდში ბედინაძემ სამი ფალავანი შეცვალა - მაშინ წურწუმიას, მ
საინტერესოა თარხნიშვილის ამბავიც, ვინც ევროპაზე 76-ში იასპარეზა, ახლა კი 69-ში გამოვა. თურმე, ევროპაზე ბედინაძეს 69-ში ორი სრულფასოვანი ფალავანი ჰყავდა - თარხნიშვილი და გიორგი მელია, 76-ში კი რეალური არავინ იყო. ამიტომ, თარხნიშვილი ზევით გადაიყვანა, ახლა კი, ბოლოსწინა შეკრებაზე, მელიამ ხელი იტკინა და გუნდიდანაც ამოვარდა. ამიტომ, თარხნიშვილი ისევ თავის წონაში დააბრუნეს, 76-ში კი შავაძე დააყენეს.
ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებ გუნდში მცირეოდენი ცვლილებები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემზარ ბედინეიშვილმაც შეიტანა - ორი სპორტსმენი შეცვალა, 42 კილოგრამში კი მონაწილე საერთოდ არ ეყოლება.
ევროპის პირველობაზე აქ ალექსანდრე კილაძე მესამეზე გავიდა, მაგრამ ამჯერად წონას ვერ იკლებს, მისი რეალური შემცვლელი კი არავინაა. ბედინეიშვილის გადაწყვეტილებით, სრენჯანინში შმაგი თოდუა (46), ირაკლი მხეიძე (50), გიორგი ყაზარაშვილი (54), რამაზ ზოიძე (58), ედუარდ ნიკოლიშვილი (63), ტარიელ გაფრინდაშვილი (69), გიორგი გიორგობიანი (76), ვაჟა ომარაშვილი (85) და გივი მაჭარაშვილი (100) იჭიდავებენ. ამათგან ევროპაზე მხეიძესა და ყაზარაშვილს არ უასპარეზიათ.
ევროპის პირველობიდან დაბრუნებულ მწვრთნელს 85-შიც სურდა მონაწილის შეცვლა, მაგრამ ომარაშვილმა საკონტროლო შეხვედრა მოუგო გიორგი გაბაშვილს.
"თავისუფლები" სერბეთში 22 აგვისტოს გაფრინდებიან, დასკვნითი შეკრება კი ორივე გუნდმა ბორჯომში გაიარა.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ევროპის პირველობაზე 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა, "თავისუფლები" კი სამ ბრინჯაოს დასჯერდნენ. მათგან მედალოსნები კილაძე, თოდუა და ზოიძე გახდნენ. "ბერძენ-რომაელთაგან" ვერცხლი კურტანიძემ და ქავჟარაძემ მოიპოვეს, თემურ შავაძე და პატარიძე კი მესამეზე გავიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"