ცნობილმა თურქმა მოჭიდავემ "ტვიტერში" ბერძენ და სომეხ ხალხებს ძაღლები უწოდა

AutoSharing Option
ამ კვირაში უკვე მეორედ გვიწევს საჭიდაო სკანდალზე წერა. ოღონდ წინა შემთხვევში თუ საქმე ახალგაზრდული ნაკრების წევრ უცნობ ირანელ ფალავანს ეხებოდა, ამჯერად მოვლენათა ეპიცენტრში მეგავარსკვლავი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, მძიმე წონაში ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს თურქი მედალოსანი რიზა კაიაალპი აღმოჩნდა.

როგორც თურქული მედიის მიხედვით ირკვევა, მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე შეურაცხყო ბერძენი და სომეხი ხალხები, რომლებსაც ძაღლები უწოდა და ისინი თურქეთში ანტისახელმწიფოებრივი დემონსტრაციების ორგანიზებაში დაადანაშაულა (სავარაუდოდ, საქმე ეხება ტაქსიმის მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ გამოსვლებს, რამაც მთელი თურქეთი მოიცვა და ლამის მთელი
თვე გაგრძელდა).

ამ რასისტულ გამოხდომაზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილა-მ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება და ფალავანს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კაიაალპი მონაწილეობას ვერ მიიღებდა 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში.

ფილა-ს ეს გადაწყვეტილება თურქეთის ჭიდაობის ფედერაციამ გააპროტესტა, რამაც შედეგი გამოიღო, ოღონდ ნაწილობრივ - ფილა-მ შეაჩერა დისკვალიფიკაციის ვადა, ანუ ფალავანს მსოფლიოს პირველობაში გამოსვლის უფლება დართო, ოღონდ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია და ათლეტის დასჯაზე უნგრული შეჯიბრების შემდეგ იმსჯელებს.

25 წლის რიზა კაიაალპი ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავეა მძიმე წონაში - სადღეისოდ მას მხოლოდ კუბელი მიჯაინ ლოპეს ნუნესი თუ აჩერებს, თორემ სხვასთან თურქი, პრაქტიკულად, არ აგებს.

შერისხული ფალავანი სწორედ კუბელთან დამარცხდა ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში.

თუმცა კაიაალპმა ერთხელ პრინციპული პაექრობაც მოუგო კუბელს - 2011 წელს სტამბულში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, მაგრამ დღემდე არ წყდება ჭორები, რომ ის შეხვედრა კუნძულელმა... გაყიდა.

კუბელები ცნობილნი არიან მსგავსი გარიგებებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაეჭვების საბაბი თავად შეხვედრის მიმდინარეობამაც გააჩინა, მანამ შეუჩერებელი ლოპესი იმდენად ინერტულად და დუნედ ირჯებოდა.

კუბელი იმხანად უკვე იყო ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის ოთხგზის გამარჯვებული.

აქედან ბოლო ორი მიჯრით მოიგო იმ ტურნირამდე - 2009 და 2010 წლებში და ჰქონდა შანსი, მეხუთედ გამარჯვებით სარეკორდო მაჩვენებლისთვის შეეტია, მაგრამ ფინალში კაიაალპთან ისე ჭიდაობდა, თითქოს მოგება არ სურდა.

თავად რიზა კაიაალპი ევროპის ჩემპიონი მესამედ წლეულს თბილისში გახდა, როცა სხვებთან ერთად გურამ ფერსელიძეც დაგვიმარცხა (სხვათა შორის, ჩვენებურს ლონდონის ოლიმპიადაზეც მოუგო ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა).

მაშინ ათლეტს სტამბულიდან ნათესავთა თუ ქომაგთა მოზრდილი, დაახლოებით 50-კაციანი რაზმიც ჩამოჰყვა, რომლებმაც ტრიბუნაზე უზარმაზარი, ფოტოიანი ტრანსფარანტიც გადაუფინეს და სამაგალითოდაც უქომაგეს.

ამ ინფორმაციის სისწორეზე თავს ვერ დავდებთ, თუმცა მის ქომაგთაგან ერთმა გვითხრა, რომ რიზას დედა წარმოშობით ნახევრად ქართველია, ხოლო თავად ფალავანმა ორიოდე ქართული სიტყვაც იცისო.

თუმცა, როგორიც უნდა იყოს მისი გენეალოგიური შტო, ფაქტია - თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავე სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

* * *

ამასობაში ახალი დეტალები ირკვევა წერილის დასაწყისში ნახსენებ ირანულ სკანდალთან დაკავშირებით, რაც სოფიაში მოხდა ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. იქ თავისუფალ ჭიდაობაში ირანელმა ალირეზა კარიმმაჯიანმა (84) ნახევარფინალში ებრაელ აბრაჰამ ბერშტაინთან საჭიდაოდ გასვლა იუარა.

როგორც ირკვევა, იმავე ტურნირზე ეს ირანელთა მხრიდან პირველი ანალოგიური შემთხვევა სულაც არ ყოფილა - ბერძენ-რომაელთა შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლისთვის საჭიდაოდ მუსტაფა ბეხზადიმოგადამი (55) ებრაელ ანდრეი ცარიუკთან საჭიდაოდ არ გავიდა, ხოლო საედ სალეხზადემ (96) მეოთხედფინალში ქართული წარმოშობის ებრაელ ნაორი გურიელაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.

ოღონდ კარიმმაჯიანისგან განსხვავებით, დანარჩენები ფილა-ს ოქმებში დღემდე რჩებიან, ის კი მყისვე ამოიღეს მონაწილეთა სიიდანაც კი.

ვფიქრობთ, ფილა-მ გადამჭრელ ზომებს უნდა მიმართოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თორემ თუ ასე გაგრძელდა, ეს კარგს არაფერს მოუტანს. მას არც კაიაალპისთვის უნდა დაეთმო და ირანელებიც მკაცრად უნდა დასაჯოს, თორემ ალბათ, სამშობლოში ამ ახალგაზრდებს დიდებითა და პატივით დახვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ როცა 2004 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არაშ მირესმაილი ებრაელ ეჰუდ ვაქშთან საჭიდაოდ არ გავიდა, მას ირანში ეროვნული გმირის სადარი პატივით დახვდნენ და ჯილდოდ 115 ათასი დოლარი გადასცეს, ზუსტად იმდენი, რამდენსაც ოლიმპიურ ჩემპიონებს აძლევდნენ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგრე 9-ში როგორ გაარტყა
s.s.ssss.f
16:55 28-05-2015
0
ვენაცვალე.რა ტყუილი თქვა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული