მსოფლიოს ჩემპიონატი: ბაჩანა ფუტკარაძე ფორტუნამ დაინდო

AutoSharing Option
ბუდაპეშტის "ლასლო პაპის სახელობის სპორტდარბაზში" გრძელდება მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 20 სექტემბერს ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან, ოღონდ მხოლოდ ერთი წონა - 55 კილოგრამი.

ჩვენგან დებიუტანტი ბაჩანა ფუტკარაძე იჭიდავებს, ვისაც არათუ მსოფლიოს ან ევროპის პირველობაზე, უცხოეთში რიგით ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილებაც კი აკლია.

წილისყრამაც თითქოს გაითვალისწინა მისი დებიუტანტობა და თავიდან შედარებით დაინდო - პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი თავისსავით უცნობ ეგვიპტელ ჰაიტემ აჰმედ ფაჰმი მაჰმუდს ხვდება.

მასთან წარმატების შემთხვევაში მერვედფინალში უტიტულო პოლონელ დავიდ ერსეტიჩსა და ყაზახ ნურსულთან ხალმურზაევს შორის გამარჯვებული ელოდება.

ყაზახიც დებიუტანტია და
იქაურებს ამ წონაში წინა წლებშიც სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ, თუმცა მათ ამ ბოლოს იმდენად მოუმატეს, ხალმურზაევი ჩამოსაწერი არაა.

წესით, დასახელებულთაგან თითქოს ვინმესი არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ჩვენებურიც გამოუცდელია.

აი, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი ფუტკარაძეს სერიოზული გამოცდა ელის, რადგან იქ სავარაუდო მეტოქეებად სომეხი მსოფლიოს ვიცე და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის მესამე პრიზიორი რომან ამოიანი, უკრაინელი ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი ვუგარ რაგიმოვი და წლეულს თბილისში, ევროპის პირველობაზე გამარჯვებული ბელორუსი მსოფლიოს ვერცხლის მფლობელი ელბეკ ტაჟიევი ელოდებიან.

ბადის ამავე მხარესაა ჩინელი ფალავანიც, ოღონდ - დებიუტანტი და არა მათი მსოფლიოს პრიზიორი შუჯინ ლი.

ბუდაპეშტში ასპარეზობა, ტრადიციულად, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული