მსოფლიოს ჩემპიონატი: რევაზ ლაშხის ძნელი ხვედრი

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაჩანა ფუტკარაძემ (55) პირველივე შეხვედრა წააგო - ჩვენებური ეგვიპტელ ჰაიტემ აჰმედ ფაჰმი მაჰმუდთან 0:8 დამარცხდა და ტურნირიდანაც გამოვარდა, რადგან მომდევნო პაექრობა ეგვიპტელმაც წააგო და ფინალში ვერ გავიდა.

ეს წონა პოლიტიკური ფინალით დასრულდა - ერთმანეთს ორი კორეის წარმომადგენლები შეხვდნენ. ბრძოლის დაძაბულობას იოლად წარმოიდგენთ, პაექრობა კი ჩრდილოელმა მოიგო, რითაც სამშობლოში გმირის წოდება გაინაღდა.

კვარცხლბეკი.
ვაჟები
55 კგ. 1. ვონ ჩოლ იუნი (ჩრდილოეთი კორეა); 2. გუიჯინ ჩოი (სამხრეთი კორეა); 3. პეტერ მოდოსი (უნგრეთი), რომან ამოიანი (სომხეთი).

* * *

21 სექტემბერს ჩემპიონატში სამი წონის - 60, 84 და 96-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ამათგან ჩვენი განსაკუთრებული იმედი 60-ს უკავშირდება, სადაც ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი რევაზ ლაშხი გამოდის, დანარჩენებში კი დებიუტანტები გვეყოლებიან - გიორგი ცირეკიძე (84) და ვასილ იმერლიშვილი (96).

სამწუხაროდ, ლაშხს წილისყრამ ფრიად ძნელი ხვედრი არგუნა. თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ბევრ გუნდში თაობათა ცვლა წავიდა, ზოგი ლიდერიც ისვენებს, მაგრამ ლაშხს ყველა წრეში მედგარი ბრძოლა ელის, არსად არ ექნება ამოსუნთქვის საშუალება.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ წონაში უჩვეულოდ ბევრი - 39 ფალავანი გამოდის, რაც ფინალამდე გზას კიდევ უფრო აგრძელებს. თან ლაშხი ბადის ქვედა ნაწილში მოხვდა ანუ პირველ წრეში არ ისვენებს და ზემოურებთან შედარებით ერთით მეტ შეხვედრას გამართავს.

ჩვენებური პირველ წრეში იაპონელ კაზუმა კურამოტოს ხვდება, რომელმაც იქაურ ნაკრებში ლაშხისთვის უხერხული მეტოქე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი რუიტარო მაცუმოტო შეცვალა. მომდევნო წრეში გასვლის შემთხვევაში ქართველი მოლდოველ დონიორ ისლამოვსა და ირანელ მოჰამად ნასერ ნოურბაკშს შორის მოგებულს დაეჭიდება.

ვფიქრობთ, ამათში გამარჯვება ირანელს დარჩება, ვინც ასევე ახალი კადრია - ამჯერად არ ჭიდაობს შარშან ლონდონური თამაშების ფინალში ლაშხის მომგები მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ომიდ ნოროოზი.

ნახევარფინალამდე ჩვენებურს, შეიძლება, შეხვდნენ ნორვეგიელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი სტიგ-ანდრე ბერგი, ხორვატი ევროპის მესამე პრიზიორი ტონიმირ სოკორი, რუსი ივან კუილაკოვი, ქვედა წონიდან ამონაცვლებული გამოცდილი ყირგიზი არსენ ერალიევი, უკრაინელი, სომეხი, უზბეკი, თურქი, უნგრელი დებიუტანტები...

ისინი ჯერ ტიტულებით ვერ იწონებენ თავს, მაგრამ ძლიერ საჭიდაო სკოლებს წარმოადგენენ... აი, ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქედ ყაზახი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალმატ კებისპაევიცაა, ამ დროს კი ბადის ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ძლიერები მხოლოდ აზერბაიჯანელი ევროპის პრიზიორი კამრან მამადოვი და ბულგარელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ივო ანგელოვი არიან.

ცირეკიძე პირველად უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ვასილ რაშიბას ხვდება, მომდევნო წრეში გასვლის შემთხვევაში კი ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ხრისტო მარინოვი ან უზბეკი რუსტამ ასაკალოვი ელოდებიან.

იმერლიშვილს პირველ მეტოქედ ჰოლანდიელი მეჰდი აბას დაზმირი ერგო, მომდევნო წრეში კი უკრაინელი ევროპის პრიზიორი დიმიტრი ტიმჩენკო ან ფინელი ტიმო ანტერო კალიო შეხვდებიან.
ირაკლი თავაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული