ჭიდაობის სამყარო კვლავ ცვლილებების მოლოდინშია

AutoSharing Option
ჭიდაობის სამყარო ისევ ცვლილებების და ახალი წონითი კატეგორიების მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაზე ვაჟებისა და ქალების წონების გათანაბრება მოითხოვა - სამივე დისციპლინაში 6-6 წონა უნდა იყოს, რითაც ქალები ვაჟებს უნდა გაუტოლდნენ.

ეს მოთხოვნა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისთვის, ანუ ფილასთვის ახალ თავსატეხად იქცა. ამასთან დაკავშირებით ფილაში შექმნილმა სათანადო სამუშაო ჯგუფმა უკვე წარადგინა ცვლილებების ერთი პროექტი, მაგრამ ახლა მუშაობა დაასრულა ფილას ტექნიკურმა კომიტეტმა, რომელმაც ადრე წარმოდგენილ პროექტს რამდენიმე არსებითი ცვლილებაც დაუმატა.

კერძოდ, შეიძლება ოლიმპიადაზე არსებულ 6 წონას სხვა ტურნირებში, მათ შორის
- ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ჩათვლით, კიდევ 2 ან 3 წონაც დაემატოს - მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენამდე გაზრდიან ამ დანარჩენ შეჯიბრებებს - 8 თუ 9 წონამდე.

ამასთან, კვლავაც ძალაში რჩება დიფერენციაცია საჭიდაო სტილებს შორის, ანუ წონები "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულში განსხვავებული იქნება. თუმცა ჯერ ესეც პროექტია, დამტკიცება კვლავაც ფილას ბიუროს პრეროგატივაა.

ტექნიკური კომისიის რეკომენდაციით, ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში შეიძლება შემდეგი წონითი კატეგორიები ვიხილოთ: 57, 65, 75, 86, 97 და 125, ხოლო დანარჩენ შეჯიბრებებში დაემატოთ 61 და 70 კილოგრამები.

ეს - იმ ვარიანტში, თუ 8 წონაზე შეჯერდებიან, ხოლო თუ 9-ზე, მაშინ კიდევ ერთს, 80 კილოგრამსაც დაუშვებენ.

ბერძნულ-რომაულში საოლიმპიადო ვარიანტად 60, 68, 77, 88, 100 და 130 კილოგრამები განიხილება, დანარჩენ ტურნირებში კი მათ შეიძლება 72-82 და 64 კილოგრამები დაემატოთ.

ქალებისთვის თამაშებში 48, 53, 58, 63, 69 და 75 კგ-ში იგეგმება, დანარჩენებში კი სარეზერვოდ 55-60 და 66 კილოგრამები განიხილება.

მიგვაჩნია, რომ სარეზერვო წონები, ოლიმპიურებთან შედარებით, "თავისუფლებში" უფრო რაციონალურადაა ჩასმული (თუმცა კიდევ ვიმეორებთ - ეს პროექტია, რომელიც იქნებ არც დაამტკიცოს ბიურომ), ბერძენ-რომაელებზე კი ამას ვერ ვიტყვით.

მაგალითად, მათთან მთელი 9-კილოგრამიანი ვაკუუმია 68-დან 77-მდე; 88-დან - 100-მდე, რომლის შევსება არც დანარჩენ შეჯიბრებებში იგეგმება. კარგი იქნება, 64 კილოგრამს თუ დაუშვებენ, მაგრამ ეს ვარიანტი სულ ბოლო შანსადაა მოტოვებული (წონებს 9-მდე თუ გაზრდიან). ალბათ, აჯობებდა, სათადარიგო წონები აქ ასე დაჯგუფებულიყო - 64-72 და 82, ანუ 64 კილოგრამი 8-წონიანებში გადმოსულიყო, რადგან ამ ვარიანტს განხილვა-დამტკიცების მეტი შანსი აქვს 9-იანთან შედარებით.

ამ ცვლილებების შესახებ მედიასთან იური შახმურადოვმა ისაუბრა, რომელიც ტექნიკური კომისიის წევრია.

მისივე თქმით, ახალი წონების საქმეში ჩართვა განზრახულია 2015 წელს ლას ვეგასში გასამართ მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატში, თუმცა ტექნიკური კომისიის რჩევაა, უკვე 2014 წელს ტაშკენტში, მსოფლიოს პირველობაზევე დაუშვან, რათა სპორტსმენებმა ადაპტაცია, ახალ წონებზე გადართვა მოასწრონ.

ვფიქრობთ, ეს გონივრული რჩევაა, თორემ ასე უცებ ჯერ ახალ წონებზე გადართვა, მერე - შედეგზე ფიქრი და ზრუნვა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი... ასეთი მკვეთრი კი არა, ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ცვლილება ჯერ დაბალი რანგის შეჯიბრებებში უნდა გამოიცადოს, აიწონ-დაიწონოს ყველა პლუს-მინუსი და მერე გავიდეს უმთავრეს ტურნირზე, თორემ იქ თუ დავიწყეთ რეფორმის ავ-კარგის გარჩევა, ევროპა-მსოფლიოს პირველობებს საშინელ სანახაობად ვაქცევთ.

შახმურადოვის თქმით, განიხილება რეფორმები ქულათა შეფასების სისტემაშიც. ეს წინა თვეებშიც მოხდა და პრაქტიკულადაც შევიდა ცხოვრებაში, მაგრამ ამჯერად სიახლეა ის, რომ შეფასებებიც განსხვავებული იქნება სტილების მიხედვით. კერძოდ, შახმურადოვის თქმით, განზრახულია, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ყველა გდება შეფასდეს 4 ქულით, ბერძნულ-რომაულში კი დარჩეს 5; ვადამდელი გამარჯვება "თავისუფალში" დაფიქსირდეს 10-ქულიანი, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 8-ქულიანი უპირატესობის შემთხვევაში.

აქ ცოტა გაურკვეველია, რატომ უნდა შეფასდეს ყველა გდება ერთნაირად?

ტექნიკური კომისია ფილას კიდევ ერთ რეკომენდაციას აძლევს - შეჯიბრება ყოველ წონაში ორი დღე გაგრძელდეს, როგორც ადრე იყო, ანუ შეიცვალოს ახლანდელი ერთდღიანი წესი. მისი თქმით, პირველ დღეს ჩატარდეს საკვალიფიკაციო და დამამშვიდებელი წრის შეხვედრები, ფინალები და მესამე ადგილისთვის პაექრობები კი მეორე დღეს გაიმართოს, ხოლო შეხვედრებს შორის 30-წუთიანი ინტერვალი იყოს.

ეს ბოლო მოთხოვნა იქნებ ლოგიკურია ადამიანის ფიზიოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე - აღდგენის პროცესს თავისი რეჟიმი სჭირდება, მაგრამ ამ წესსაც აქვს მკვეთრად უარყოფითი მხარეები.

კერძოდ, ერთ დღეში ჩატევა მისწრებაა წონის დამკლები სპორტსმენებისთვის, ასე კი მათ მეორე დღესაც მოუწევთ დაკლება. თან, როგორია წინასწარი და საკვალიფიკაციო წრის შეხვედრები ყველა წონაში ერთ დღეში ჩაატიო!

მით უფრო, თუ წონების რაოდენობა 8-9-მდე გაიზარდა. თან, პირველი დღე ძალზე დატვირთული იქნება, მეორე კი - ბევრად თავისუფალი, რადგან შეუდარებლად ნაკლები პაექრობა იქნება ჩასატარებელი - მხოლოდ მედლებისთვის ორთაბრძოლები.

თუმცა ამ ფორმულირებაში მთავარი წინააღმდეგობა სხვა რამეს უკავშირდება - მარკეტინგსა და სატელევიზიო გაყიდვებს.

გვინდა თუ არა, თანამედროვე სპორტი კომერციული გახდა, სატელევიზიო რეპორტაჟების გაყიდვიდან შემოსავალი ცალკეული სახეობების, ცალკეული ფედერაციებისთვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.

შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, დააინტერესო ტელევიზიები, რომ იყიდონ რეპორტაჟი, მაგრამ იმათაც აინტერესებთ დინამიკური, ტექნიკური, ლამაზი და რაც მთავარია - კომპაქტური სანახაობა.

დასამალი არაა - დილიდან საღამომდე ეთერს არავინ დაგითმობს, რაც უნდა ლამაზი სანახაობა შესთავაზო.

ასეთი მიდგომა სპორტის სახეობებსაც კომპაქტურობისკენ, საშეჯიბრო დროის ლოკალიზებისა და შემცირებისკენ უბიძგებს, რათა მაქსიმალურად ჩაჯდნენ ტელევიზიებისთვის მისაღებ რამდენიმესაათიან ფორმატში.

თავის დროზე სწორედ ამიტომ შეამცირა ძიუდომ დამამშვიდებელი წრე და იქ გადასვლის უფლება მხოლოდ მეოთხედფინალიდან გამოვარდნილებს მისცა, როცა მანამდე ყველას ეძლეოდა ამის საშუალება (ოღონდ კი ნახევარფინალისტთან ყოფილიყო დამარცხებული). ასეთ პირობებში გაუგებარია მოჭიდავეთა მისწრაფება - საშეჯიბრო დრო შემცირების ნაცვლად ისევ გაწელონ და სულაც ორდღიანზე გადაიყვანონ.

გვეეჭვება, ამით ტელევიზიები დააინტერესონ. წარმოიდგინეთ, ვინ იყიდის პირველი დღის რეპორტაჟს, როცა იცი, რომ ჩემპიონი არ გამოვლინდება, ფინალური შეხვედრა არ გაიმართება! რეპორტაჟების დამაგვირგვინებელი ხომ სწორედ ეს დასკვნითი ბლოკია, თორემ წინასწარ ორთაბრძოლებში სუსტი ფალავნების ცქერა ვის აინტერესებს!

დასასრულ, იმასაც გეტყვით, რომ წონითი კატეგორიების შეცვლა ახალგაზრდებშიც იგეგმება, რაც სრულიად ბუნებრივია, ოღონდ მათი რაოდენობა 8-დან 10-მდე იზრდება.

"თავისუფალში" განზრახულია შემდეგი წონები: 50, 57, 61, 65, 70, 75, 80, 86, 97 და 120, ბერძნულ-რომაულში - 52, 60, 64, 68, 72, 77, 82, 88, 100 და 130, გოგოებში - 44, 48, 53, 55, 58, 63, 66, 69, 72 75 კილოგრამები.

წარმოდგენილ ცვლილებებს ფილა პერიოდულად განიხილავს, თუმცა გადამწყვეტი გაისად, სექტემბერში, ტაშკენტში, მსოფლიოს პირველობის წინ გასამართი ბიუროს სხდომა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კერძოდ, შეიძლება ოლიმპიადაზე არსებულ 6 წონას სხვა ტურნირებში, მათ შორის - ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ჩათვლით, კიდევ 2 ან 3 წონაც დაემატოს - მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენამდე გაზრდიან ამ დანარჩენ შეჯიბრებებს - 8 თუ 9 წონამდე.
не
16:14 07-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული