ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს პირველობის შემდეგ რუსულ მედიასთან იქაური ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბრიუსოვმა ისაუბრა და საკითხში გარკვეული სიცხადე შეიტანა, თუმცა საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.
"დღეს უკვე დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ წონითი კატეგორიები ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ ჭიდაობებში განსხვავებული იქნება.
ორიენტაცია აღებულია იმაზე, რომ "თავისუფალში" წონები იყოს 57-სა და 130 კილოგრამს შორის, ბერძნულ-რომაულში - 60-სა და 135-ს
ტექნიკურ კომისიას მზად აქვს ახალი წონების პროექტი, რომელსაც ფილას მორიგ კონგრესზე განიხილავენ, მომავალი წლის სექტემბერში ტაშკენტში რომ გაიმართება" - განაცხადა ბრიუსოვმა.
ამდენად, მის სიტყვებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ, ერთი წელიწადი წონითი კატეგორიები აღარ შეიცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაისად, სექტემბერში ტაშკენტში, 8-14 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება, ისიც ძველი წონებით ჩატარდება.
ამდენად, ცვლილებები ძალაში 2015 წლიდან შევა, რადგან მეტი დრო არც ფილას რჩება - როგორც უკვე გაცნობეთ, სოკ-მა მას მკაცრი მითითება მისცა, რომ 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქალებისა და ვაჟების წონითი კატეგორიები რაოდენობრივად უნდა გათანაბრდეს და 6-6 გახდეს.
არადა, სასურველი იყო, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ძალაში ოლიმპიადამდე უფრო ადრე შესულიყო.
იმ თავდაპირველი პროექტით, რომელზეც ვწერდით, ორივე სახეობაში 60 კილოგრამი იკვეცებოდა, ბრიუსოვისეული ვერსიით კი, ის ბერძნულ-რომაულში რჩება. თუმცა ტაშკენტურ ტურნირამდე და სექტემბრამდე მთელი წელიწადი რჩება, იქამდე კი მოჭიდავეები რას შეცვლიან, მიდი და გაიგე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"