![](https://sportall.ge/pictures/image5/2615b6be5e29c647d254171c4459179c.jpg)
ამიტომ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა შემადგენლობაც ორად გაყო. თუმცა ბაქოში მონაწილეობა კვოტირებულია - ამ კომერციულ ტურნირზე მოსახვედრად "ოქროს დიდ პრიზზე" (ასეთი სულ ორი ეტაპი იმართება სეზონში) უნდა მოიპოვო ლიცენზია.
ეტყობა, ტატიშვილი გუნდის მოსამზადებლად უფრო მეტ მნიშვნელობას კარავაევის მემორიალს ანიჭებს, რადგან ის გუნდური შეჯიბრებაა და იქ სპორტსმენს, მინიმუმ,
ამიტომ მწვრთნელმა უფრო ძლიერები და პირველ ნომრებად მოაზრებული ფალავნები მინსკში წაიყვანა.
მათ შორის - ისეთებიც, ვისაც ბაქოში გამოსასვლელი ლიცენზია მოპოვებული ჰქონდა. ტატიშვილმა ისინი სათადარიგოებით ჩაანაცვლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ფედერაცია დაგვაჯარიმებდა. თუმცა მთლად ისეც არ გამოვიდოდა, იქ მხოლოდ მეორე ნომრები გაეშვა - ფილა მსგავსი ფორმატის შეჯიბრებებზე დასწრებას მკაცრად აკონტროლებს.
მით უფრო, ტატიშვილი თავს ვერც იმართლებდა, თუ ზუსტად იმ პერიოდში ეს ლიდერები მინსკში იჭიდავებდნენ. ამიტომ ბაქოში რამდენიმე ტიტულოვანი ფალავანიც გამოვა, რაც ზემოთქმულიდან გამომდინარე, სულაც არ ნიშნავს, რომ თითქოს მათ ლიდერებად არ მოვიაზრებთ.
ბაქოსთვის სათადარიგოები ლომინაძე, დავითაია, კილასოვი, როყვა და გოგისვანიძე არიან, დანარჩენებს კი მოპოვებული ჰქონდათ საგზური.
მისასალმებელია შემადგენლობაში ქაჯაიების ოჯახური ტრიოს ერთად გამოჩენაც - მოგეხსენებათ, ირაკლი და მიხეილი ძმები არიან, იაკობი კი მათი ბიძაშვილია.
დიდი ხანია, მათ ერთად არსად უჭიდავიათ და ვიმედოვნებთ, იაკობთან დაკავშირებით ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. მოგეხსენებათ, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ფეხი იტკინა და თანატოლებში მსოფლიოს პირველობა გამოტოვა.
ამათ ბაქოში წასულებიდან ლაშხსა და ცხადაიას თუ დავუმატებთ, დავინახავთ, რომ ძირითადი შემადგენლობა აქაა. ოღონდ რამდენიმე წონაში გამოკვეთილი ლიდერი არაა და ტატიშვილს იქ ყველას კანდიდატი მიჰყავს.
მინსკში 12 გუნდი გამოვა: აშშ, კუბა, ყაზახეთი, ლიტვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, უნგრეთი, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო და ბელორუსის ორი ნაკრები. ისინი ორ ჯგუფად დაიყოფიან და გამარჯვებულები ოქროს მედლისთვის, მეორე ადგილებზე გასულები კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.
თავისუფალი ექვსეული ბაქოში
ბაქოში, "თავისუფალთა" ტურნირში, ჩვენგან მხოლოდ 6 კაცი იჭიდავებს, რადგან მეტს ლიცენზია არც მოუპოვებია. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი "თავისუფლები" "ოქროს დიდი პრიზის" იმ ორი სალიცენზიო ტურნირიდან მხოლოდ ერთში გამოვიდნენ - მაისში, იტალიურ სასარიში (სწორედ იქ იყო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს პუერტორიკოელი ვიცე-ჩემპიონი ფრანკლინ გომესი უზადოდ რომ გამოცელა და იტალიელ კომენტატორებს სულ "გრანდე კლასსე ჯორჯიანო" აძახებინა); იანვარში, კრასნოიარსკში გამართულ ივან იარიგინის სახელობის მემორიალში კი, რომელიც იმავე კატეგორიისაა, ძველი ინერციით, ვერც ახლა წავიდნენ.
მოგეხსენებათ, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველ სპორტსმენებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, წინა ხელისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებით არ უშვებდა. მათ შორის იარიგინის მემორიალიც იყო.
ახლა ვითარება კი გამოსწორდა და წინა თვეში ჩვენები იაკუტსკშიც იყვნენ საჭიდაოდ და - გროზნოშიც (აქ იმ შეჯიბრებებზე ვლაპარაკობთ, სადაც მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თორემ ხასავიურტში გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე გამოსვლა, როგორც - ბაქოში, სავალდებულოა და თავის არიდება ფინანსურად ისჯება), მაგრამ შარშან, დეკემბერში მოსულმა ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ იანვარში მათი დაფინანსება ვერ მოახერხა.
ედიშერაშვილი სასარიში 60-ში გამოვიდა და ბრინჯაოს მედალთან ერთად, საგზურიც ამ წონაში მოიპოვა, თუმცა, შესაძლოა, ბაქოში თავის წონაში, 55-ში იჭიდაოს. ეს ადგილზე გადაწყდება - შეხედავენ, შეძლებს თუ ვერა უმტკივნეულოდ დაკლებას.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა ფედერაციამ თავი დაიზღვია და ფილას მიმართა თხოვნით, მისთვის 55-ში გამოსვლის ნება დაერთო და დაითანხმა კიდეც.
საინტერესოა მარსაგიშვილის საკითხიც, რომელსაც იქით სასარიში საერთოდ არ უჭიდავია, შესაბამისად, არც ლიცენზია მოუპოვებია, აქეთ კი ჩვენი ფედერაცია ემუქრება ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით. თუმცა ლუკა კურტანიძის ეს გადაწყვეტილება 15 დეკემბრამდე, ანუ აღმასკომის სხდომამდე ვერ ამოქმედდება და ისიც მხოლოდ აღმასკომის თანხმობის შემთხვევაში შევა ძალაში, მანამდე გასამართ ტურნირებში გამოსვლაში კი ხელს ვერ შეუშლის.
ბაქოს შეჯიბრებაც და საქართველოს ჩემპიონატიც ამ სიაში ხვდება, თუმცა ბაქოში მის დასაშვებად ჩვენს ფედერაციას ფილასთან მოციქულობა და მიმოწერა დასჭირდა. საბედნიეროდ, ისინი ამაზეც დაითანხმეს.
ბაქოში შეჯიბრება სამ დღეს გაგრძელდება და თითო საჭიდაო სახეობას თითო დღე დაეთმობა. ტურნირში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან - 22 ნოემბერს და ყველა წონა იმავე დღეს იასპარეზებს. 23-ში ქალთა შეჯიბრებაა, თუმცა იქ მონაწილე არ გვეყოლება, 24-ში კი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟები იჭიდავებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"