"ბერძენ-რომაელები" ასპარეზობას საქართველოს ჩემპიონატით იწყებენ

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი დამთავრდება თუ არა, იქვე ბერძენ-რომაელები გააჩაღებენ ანალოგიურ შეჯიბრებას - 9-10 დეკემბერს უკვე ისინი იასპარეზებენ ქვეყნის პირველობაში.

როგორც "თავისუფლებში", ამათთვისაც ეს შეჯიბრება ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევია.

თან სპორტსმენების ხელფას-ანაზღაურება ქვეყნის ჩემპიონატის შედეგზეა დამოკიდებული. ამიტომ ტურნირში გამოსვლას ყველა წამყვანი მოჭიდავე გეგმავს.

ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით გათავისუფლების თხოვნით ნაკრების ხელმძღვანელობისთვის არავის მიუმართავს და არც მთავარი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი აპირებს უმიზეზოდ ვინმეს დასვენებას. ცხადია, გაითვალისწინებენ რეალურ მიზეზსაც (ტრავმები
და ასე შემდეგ), მაგრამ ჯერ გათავისუფლება არავის სურს და არც ვინმეს აწუხებს გამორჩეულად სერიოზული ტრავმა.

რაც მთავარია, იჭიდავებენ ბოლო წლებში ნაკრების ლიდერები - ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი და მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის მედალოსანი მანუჩარ ცხადაია, ოღონდ ამჯერად ორივე ზედა წონაში გამოვა - ლაშხი 66-ში იასპარეზებს, ცხადაია - 74-ში. ამათგან ცხადაია ბოლო პერიოდში ისედაც 74-ის მოჭიდავედ ჩამოყალიბდა, მხოლოდ ოფიციალურ

შეჯიბრებებში აჭიდავებდნენ 66-ში, ლაშხის ამბავი კი შედარებით ახალია - მართალია, საერთაშორისო ტურნირებში ისიც უმეტესად 66-ში გამოდიოდა, შარშან საქართველოს პირველობაც ამ წონაში ჩაატარა, მაგრამ დღემდე მაინც 60-ის მოჭიდავედ მიიჩნეოდა.

ხმები ახალ წონაში მისი გადაბარგების შესახებ სერიოზულად მარტში, თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაირხა, როცა ძალიან ბევრი დაიკლო და ტურნირს გამოფიტული შეხვდა.

ამას მსოფლიოს პირველობაზე ჩავარდნა მოჰყვა და უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ლაშხი წონას შეიცვლიდა.

ეს დრო ახლა დადგა, რადგან ქვეყნის პირველობა მომავალი სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპია... თუმცა ახალ წონაში დასამკვიდრებლად მას ძნელი ბრძოლა ელის - როგორც გითხარით, ის შარშანაც გამოვიდა ამ წონაში და პირველივე წრეში დამარცხდა. მას ცხარე ბრძოლა მოუწევს საჩინო დავითაიასთან, ვინც უკვე თანდათან იქცა ამ წონის სტაბილურ ლიდერად. აქ სასწორზე გამოცდილება და ახალგაზრდული შემართება დევს. ვნახოთ, რომელი აჯობებს ამჯერად.

თუმცა ბერძენ-რომაელთა ქვეყნის პირველობაზე ყურადღების ცენტრში მაინც 74 კილოგრამი იქნება, სადაც ცხადაიას ნიჭიერი ახალგაზრდა ზურაბ დათუნაშვილი დაუხვდება.

დასამტკიცებელი თავად დათუნაშვილსაც ბევრი აქვს, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაც იჭიდავა და შარშან საქართველოს ჩემპიონიც გახდა - საქართველოს თასზე დამარცხდა და მსოფლიოს პირველობაზე ვერ იასპარეზა.

ალბათ, 74-ის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას მძიმე წონა მიიქცევს, სადაც გამოცდილ გურამ ფერსელიძეს - ევროპის ბრინჯაოს მედალოსანსა და ოლიმპიადა-მსოფლიოს მეხუთე ადგილოსანს დაძაბულ კონკურენციას გაუწევენ ახალგაზრდები - ლევან არაბული და ქუთაისელი ძმები, სერგო და შოთა გოგისვანიძეები.

ცხადია, არც სხვების გამოჩენაა გამორიცხული. 74-ის არ იყოს, აქაც ვნახოთ, წლობით დაგროვებული გამოცდილება აჯობებს თუ ახალგაზრდული ჟინი და შემართება. მანამ კი შეგახსენებთ, რომ შარშან ქვეყნის პირველობა სერგო გოგისვანიძემ მოიგო, ვინც ფინალში არაბული დაამარცხა.

ოღონდ მაშინ არაბულმა ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვეღარ გააგრძელა, აი, მოგვიანებით საქართველოს თასზე კი დაამტკიცა თავისი სიძლიერე - გაიმარჯვა და მსოფლიოს საგზურიც გაინაღდა.

თუმცა ისეც ნუ გაგვიგებთ, თითქოს დანარჩენ წონებში საინტერესოს არაფერს უნდა ველოდოთ. პირიქით - ყველა წონაში დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი და გადაჭრით ვიტყვით, რომ ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან.

თუნდაც ქვეყნის შარშანდელი პირველობა გავიხსენოთ, სადაც ჩემპიონი ახალგაზრდული ნაკრების ორი წევრი - ედნარ შავაძე (55) და რობერტ კობლიაშვილი (84) გახდნენ, თუმცა მერე საერთაშორისო ტურნირებზე ისე ვეღარ იყოჩაღეს და საბოლოოდ არც ევროპის პირველობაზე უჭიდავიათ.

ოღონდ ეს უფრო კობლიაშვილზე ითქმის, თორემ შავაძის წაყვანა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მწვრთნელებმა მისი ისევ ახალგაზრდულ ნაკრებში წაყვანა არჩიეს.

ზოგადად, 55-ში საკადრო თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი. იქნებ მდგომარეობა ახალი წონების შემოღებამ შეცვალოს, როცა აქ ორი კილოგრამი დაემატება და 57 გახდება - მაშინ
ფალავნებს შედარებით ნაკლების დაკლება მოუწევთ.

"არენაში" ბერძენ-რომაელთა პირველობაც "თავისუფალთა" ანალოგიური სცენარით წარიმართება - შეხვედრები 11 საათზე დაიწყება, ორშაბათს, ანუ პირველ დღეს კი 55, 66, 84 და 120 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული