"ბერძენ-რომაელთა" 2013 წლის რეიტინგი: ქართველთა რეგრესი

AutoSharing Option
ვერ ვიტყვით, რომ ქართველ "ბერძენ-რომაელებს" წლეულს წარმატებული სეზონი ჰქონდათ.

მართალია, მარტში თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატში 3 მედალი მოიპოვეს - 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, მაგრამ მსოფლიოს პირველობა პირწმინდად ჩააგდეს და მედლის მოპოვება კი არა, ბრინჯაოსთვისაც ვერავინ იჭიდავა.

ასეთი გამოსვლა მყისიერად დაეტყო საერთაშორისო რეიტინგს - ახლახან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წლის რეიტინგები გამოაქვეყნა ცალკეული წონების მიხედვით - 15-15 კაცი, თუმცა ამ შვიდ წონაში სულ ექვსი ქართველია.

გასული წლის რეიტინგებში მჩატე წონებში - 55-სა და 60-ში საერთოდ არ გვყავს წარმომადგენელი. ყველაზე უკეთეს
მდგომარეობაში 84-ში ვართ, სადაც 15-ეულში ორი ქართველია. მათ შორის ერთი ჩვენგან საუკეთესო გიორგი ცირეკიძეა - მე-9 ადგილი, ხოლო რევაზ ნადარეიშვილი მე-12 პოზიციაზეა.

ამ წონის რეიტინგს ის ირანული დუეტი ლიდერობს, ვინც მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალში იჭიდავა - ტალებ ნარიმან ნემატპოური და სამან ტახმასიბი, ოღონდ, მოგეხსენებათ, ქურთული წარმოშობის ტახმასიბი აზერბაიჯანის ღირსებას იცავს.

გემახსოვრებათ ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ნემატპოური გახდა და რეიტინგსაც ის ლიდერობს, ტახმასიბი კი მეორეა. მესამე ადგილზე უნგრელთა მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ვიქტორ ლორინცია.

პეტლიასინსკის ტურნირის ბრინჯაოსმედალოსანი საჩინო დავითაია (66) მე-14 ადგილზეა. ამ წონაშიც მსოფლიოს ბოლო პირველობის სამეული ლიდერობს - სამხრეთკორეელი ჩემპიონი ჰან-სუნ რიუ პირველია, რუსთა ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი - მეორე, გერმანელი ბრინჯაოსმედალოსანი ფრენკ სტაბლერი - მესამე. რეიტინგში მეოთხე ემზარ მახარაძის გაწვრთნილი ინდოელი მსოფლიოს წლევანდელი მესამეპრიზიორი სანდეეპ იადავია, ვისაც სტაბლერმა პეტლიასინსკზე მოპოვებული ბრინჯაოთი გაუსწრო.

74-ში ილია გულბათაშვილი ზუსტად მე-15 პოზიციაზეა. რეიტინგს აქაც კორეელი ლიდერობს - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰიეოონ-ვოო კიმი. სექტემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მან ბრწყინვალე გდებით დაამარცხა ერთი შეხედვით უძლეველი რუსი, ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რომან ვლასოვი, რითაც მას რეიტინგის პირველობაც წაართვა და მეორეობას დააჯერა. მესამე სომეხთა მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი არსენ ჯულფალაკიანია.

96-ში რეიტინგის სათავეშია რუსთა მსოფლიოს ჩემპიონი ნიკიტა მელნიკოვი, რომელსაც კვალში სომეხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არტურ ალექსანიანი უდგას; მესამე მსოფლიოს უნგრელი ბრინჯაოსპრიზიორი ბალასცზ კისია, მეოთხე - მსოფლიოის კიდევ ერთი მესამეპრიზიორი, აზერბაიჯანელთა ქართველი შალვა გადაბაძე. ჩვენი მიხეილ ქაჯაია რეიტინგის ბოლო საფეხურზეა - მე-15-ეზე.

მძიმე წონაში გურამ ფერსელიძე მე-12 ადგილზეა, რეიტინგს კი ესტონელი ჰეიკი ნაბი ლიდერობს. მას ხელი მოემართა ირანელი ამირ აზიზ ალიაკბარის დოპინგზე ჩავარდნით - ოქროს მედალიც გადაეცა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონიც გახდა, რამაც რეიტინგის ლიდერობაც მოუტანა. მეორეზე თურქი რიზა კაიაალპია, მესამეზე - ყაზახი ნურმახან ტინალიევი.

იმედია, წლეულს ჩვენი ნაკრები შარშანდელზე ბევრად უკეთ იასპარეზებს და სეზონის ბოლოს სარეიტინგო სურათსაც გაალამაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული