მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ
როგორც ჩანს, ახლა ანალოგიური პრობლემის წინაშე აზერბაიჯანის იმავე სტილის მოჭიდავეთა ნაკრები დადგა, სკანდალის ეპიცენტრში კი ბევრად უფრო სოლიდური ვარსკვლავი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ელჩინ ალიევი (55) აღმოჩნდა. იქაური მედია ვაჰაბიტურ წრეებთან მის კავშირზე ჯერჯერობით პირდაპირ არაფერს წერს, მაგრამ
ჩვენთვის მოულოდნელად, იქაური პრესა წერს, რომ აზერბაიჯანელი "ბერძენ-რომაელები" თებერვლის შუა რიცხვებში თბილისში აპირებდნენ შეკრებაზე ჩამოსვლას. ინფორმაცია გაგვიკვირდა, რადგან ამის შესახებ ჩვენებისგან არაფერი გაგვიგონია და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ გვითხრა კიდეც, რომ მან არაფერი იცის.
ვერ გეტყვით, საიდან მოიტანა იქაურმა მედიამ ეს ინფორმაცია, მაგრამ მათი ნაკრები ახლა ბაქოშივე გადის შეკრებას და ზემოაღნიშნული ინციდენტიც იქ მოხდა რამდენიმე დღის წინათ - ნაკრების ირანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯემშიდ ხეიდარაბადიმ ალიევს წვერის გაპარსვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
"რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯემშიდ ხეიდარაბადიმ სთხოვა მას, დაემოკლებინა გრძლად მოშვებული წვერი, რადგან ის ხელს უშლის მეტოქეს. ეს არ იყო მხოლოდ მწვრთნელის თხოვნა, არამედ შეხვედრის მიმდინარეობისას ჰიგიენური ნორმების დაცვას ფილას რეგულაციებიც ითვალისწინებს. ამის შემდეგ ალიევმა დატოვა შეკრება.
ის კარგი სპორტსმენია, მაგრამ უნდა გაიგოს, რომ არავინ ეწინააღმდეგება მის რელიგიურ აღმსარებლობას. ნაკრებში არიან მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია.
როგორ შეიძლება ჭიდაობა, როცა შენი წვერი ხელს უშლის მეტოქეს? ნაკრების კარი ღიაა ალიევისთვის. როცა ის დაიმოკლებს წვერს, ვარჯიშსაც განაახლებს", - განაცხადა ფაქტის კომენტირებისას აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმა.
უეჭველია, ნაკრების ქრისტიან წევრებზე საუბრისას ის ქართველ შალვა გადაბაძესაც (98) გულისხმობდა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს მესამე პრიზიორს, თუმცა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იქაურებს ორი ქართველი კიდევ ჰყავთ.
როგორც ვხედავთ, ჯაფაროვს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ალიევი ვაჰაბიტებთან კავშირში, თუმცა რელიგიურ ასპექტზე ხაზგასმა გვაფიქრებინებს, რომ საქმე სწორედ ამაშია. თან სცენარიც ნაცნობია - წულუკიძემაც და ალიევმაც კატეგორიულად იუარეს წვერის გაპარსვა, თორემ სხვა ვითარებაში განა ეს რა პრობლემა იყო, ამის გამო კარიერა რომ არ გაიფუჭონ?
კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ ორივეს გრძლად მოშვებული წვერის შემოკლება სთხოვეს, მაგრამ ამაზეც ცივი უარი მიიღეს.
ალიევი სერიოზული ფიგურაა უმჩატეს წონით კატეგორიაში. მან შარშან თბილისშიც იჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე და ფინალშიც გავიდა, სადაც ბელორუს ელბეკ ტაჯიევთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა. მსოფლიოს პირველობაზე ის უკვე ვეღარ მოხვდა ნაკრებში - ორჰან ახმადოვმა აჯობა, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს მის ლიდერობას, ის კვლავაც რჩება წონის ფავორიტად.
სამწუხაროდ, ამ წონაში დიდი ამბიციები არ გაგვაჩნია, მაგრამ იქ მიმდინარე მოვლენები მაინც საყურადღებოა. თან, ამ წონის 57 კილოგრამად გადაკეთება იქნებ ჩვენც წაგვადგეს საკადრო პრობლემების დაძლევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"