კანდიდატები არიან: პარლამენტარი ვალერი გელაშვილი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გოგი მაკასარაშვილი.
არჩევნების სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, დღის 12:30-დან იწყება ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, მობრძანდნენ დღის 12:00 საათიდან. მისამართი: ილია ჭავჭავაძის 49ა, "ფალავანთა კლუბი".
ხელისუფლების ზეწოლას ყველა უარყოფს
ბიულეტენში ოთხი გვარი საქმე ისაა, რომ რურუამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა საარჩევნო კამპანიის დახურვამდე, ანუ 20 დეკემბრის დღის ბოლომდე განაცხადის გატანა ვერ მოასწრო. ამიტომ მისი გვარი მაინც დარჩება ბიულეტენში.
თავისი განზრახვის შესახებ მას შეუძლია, ყრილობაზევე ღიად განაცხადოს და ჩამოშორდეს ამ მარათონს.
ბოლო დღეებში ამ არჩევნებთან დაკავშირებით მედიაში აქტიურად მუსირებს კანდიდატებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის თემა. ეს, ძირითადად, მაკასარაშვილისგან წამოვიდა, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ხელისუფლება ამაში, თუმცა არჩევნების წინა დღეს დაგვიზუსტა, რომ ლაპარაკი იყო კონკრეტულად რურუას მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და არა სხვებზე და სახელოვანი ვეტერანის უარიც ამის შედეგია.
იქვე მაკასარაშვილმა გვითხრა, რომ პირადად მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.
თავის მხრივ, ჩარევა და ზემოქმედება რურუამაც იუარა და განაცხადა, რომ არც მასზე ყოფილა რაიმე მსგავსი - არც ადრე და არც ახლა. ამას ვერავინ გამიბედავსო, დასძინა მან და დაამატა, რომ თვითონაც იცის, მასთან შედარებით ეკონომიურად ვის მეტი რესურსი აქვს ჭიდაობის დასახმარებლად.
შესაძლოა, საერთოდ არ მივიდე არჩევნებზე, რადგან არ მინდა ამ კინკლაობის ყურებაო, გვითხრა არჩევნების წინა დღეს რომან რურუამ, როცა კომენტარისთვის შევეხმიანეთ, და სავსებით გვესმის მისი. მართლაც ძნელია იმის ყურება, რაც დღეს ხდება ჩვენს ჭიდაობაში.
იმედია, ამ არჩევნების მერე მაინც დაისადგურებს სიმშვიდე ამ ოჯახში და ეს სამყარო, ჩხუბის ნაცვლად, ვარჯიშს შეუდგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"