ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" უნგრეთის "დიდ პრიზზე" 3 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
მიმდინარე უქმეებზე უნგრულმა სომბათჰეიმ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში "დიდი პრიზის" გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენგან ყველაზე უკეთ ევროპის პრიზიორი გიორგი ცირეკიძე (80) გამოვიდა, რომელიც ფინალში გავიდა და ვერცხლს დასჯერდა.

მესამე ადგილზე ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (66) და მათე სოფაძე (85) გავიდნენ. ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტს, ოლიმპიურ პრიზიორ მანუჩარ ცხადაიასაც (75), მაგრამ საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

ცირეკიძემ პირველ წრეში ქულებით წმინდად დაამარცხა მასპინძელი ნორბერტ ურბანკოვიჩი - 9:1, მერე
ირანელ ალი ზინატირეფანისთან პირველი პერიოდი 1:2 დათმო და წაგების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მეორეში 2:0 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა.

იქაც მარცხით დაიწყო გამოსვლა ეგვიპტელ აბდულ ტარეკ მოჰამედთან - 0:2, თუმცა მეორე პერიოდში აქაც იმარჯვა - 3:1, რითაც საერთო ანგარიში გაათანაბრა - 3:3, თუმცა უკეთესი მაჩვენებლებით მან გააგრძელა გზა ფინალისკენ. მან ნახევარფინალიც ფრედ - 4:4 დაასრულა ამერიკელ პატრიკ იოსეფთან, მაგრამ აქაც უკეთესი ხარისხის ქულებმა უშველა. სამაგიეროდ, ფინალში ვერაფერი დაეხმარა უნგრელთა ლიდერთან, ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ პეტერ ბაცსისთან და 0:2 წააგო.

ბრინჯაოს დუეტი
ლაშხმა წინასწარ ეტაპზე 4 შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ამ ორთაბრძოლებში მან ყაზახი ბაკბერგენ ნურსაპა (4:1; 5:0), ყირგიზი ასკარ ბეგალიევი (8:0), ყაზახი დემეუ ჟადრაევი (8:2) და ამერიკელი ბრის სადორისი (6:1) დაამარცხა.

ყურადღება მიაქციეთ - ლაშხმა 31 ქულა დააგროვა და მხოლოდ 4 დაკარგა! ეს ჩინებული სტატისტიკაა ნებისმიერისთვის, ხოლო ლაშხისთვის - მით უფრო, რადგან ის მკვეთრად ტექნიკური სტილის მოჭიდავეა. მართალია, ფორმაში მყოფს ილეთების გაკეთება არ უჭირს, მაგრამ მისი სტიქია მაინც უფრო "მძიმე" ჭიდაობაა.

ეტყობა, ახლა მომზადებულიც კარგადაა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ახალმა წესებმაც გაუხსნა ხელ-ფეხი - როგორც მწვრთნელები ამბობენ, ჩოქბჯენის გაუქმებამ ჭიდაობა სულ სხვა კალაპოტში გადააგდო და ის ბევრად დინამიკური, უფრო სანახაობრივი გახადა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიასაც ის აინტერესებდა, რამდენად კარგად შეეწყობოდნენ სპორტსმენები ამ წესებს, რამდენად კარგად გაივლიდნენ ადაპტაციას... ლაშხი ნახევარფინალში დამარცხდა ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან - 0:2; 0:1, თუმცა დაწვრილებით ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ქართველმა სერბი მატე ნემესი 5:1 დაჯაბნა.

სოფაძემ პირველი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა რუმინელ პირვანთან - 2:0; 1:0, მაგრამ მეორე წრეში შვედთა მომავალ ფინალისტ კრისტოფერ იოჰანსონთან 2:2-ზე წააგო.

დამამშვიდებელში ქართველმა სამი შეხვედრა მოიგო და ყველა შუააზიელებთან: ჯერ ყირგიზი აზატ ბაიშბეკოვი 8:0 დაამარცხა, მერე კი ყაზახებს აჯობა, აზამატ კუსტუბაევსა (1:0; 2:0) და ნურსულთან ტურსუნოვს (1:0; 3:2) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამავე წონაში პირველივე წრიდან გამოვარდა ვლადიმერ გეგეშიძე - სწორედ ტურსუნოვთან წააგო.

ვერ გააცხადა
მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაოს მედალი უკრაინელ მიკოლა დარაგანთან ჭიდაობაში დათმო - 0:6; 0:2.

არადა, ტურნირი საკმაოდ ძლიერ ყირგიზ დანიარ კობონოვთან 3:0 ძლევით დაიწყო. მეორე წრეში ნიკა კელასოვის მომგები ჩეხი პიოტრ ნოვაკი 9:0 გაანადგურა, მერე კი პოლონელ მათეუშ ვოლნის ორი პერიოდის ჯამში 5:0 მოუგო. ამით ჩვენებური მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პირველად დამარცხდა - სერბ ვიქტორ ნემესთან 0:1; 0:1 დათმო. აღსანიშნავია, რომ სერბმა წინა წრეში ილია გულბათაშვილს მოუგო. ცხადაიამ დამამშვიდებელში გულბათაშვილს 2:0 აჯობა, თუმცა ეს იყო და ეს - მეტი წარმატების მოპოვება ვეღარ შეძლო.

მძიმე წონაში ჩვენი მთავარი იმედი იაკობ ქაჯაია ყაზახ ოლიმპიურ პრიზიორ ნურმახან ტინალიევთან 2:3 დამარცხდა, მანამდე კი იმავე ანგარიშით უკრაინელ ევგენი ორლოვს მოუგო. მას სანუგეშოში გადასვლის შანსი არ მიეცა, რადგან ტინალიევმა მესამე წრეში ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან წააგო. პირველივე შეხვედრაში ყაზახთან დამარცხდა შოთა გოგისვანიძეც - დამირ კუზემბაევთან 0:8 წააგო.

ადრევე გავარდნენ და უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრები - მირზა ვანაძე, გოდერძი დავითაძე (ორივე - 59), ანტონ მამაგეიშვილი, მინდია წულუკიძე, გიორგი ჯავახია (სამივე - 71), ვასილ იმერლიშვილი და სოსო ჯაბიძე (ორივე (98).

აღსანიშნავია, რომ იმერლიშვილმა ისევ მოუგო ჯაბიძეს -1:0, როცა პირველ წრეში შეხვდნენ ერთმანეთს. ამათი ურთიერთპაექრობა "ჩემპიონთა თასზეც" ვიხილეთ, სადაც იმერლიშვილმა ასევე მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული